ამბები

20:57 | 16.03.2013 | ნანახია 1472 - ჯერ

“ანთიმოზ ივერიელის” და ერთა თასი ისევ ჩვენია

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის ბუქარესტში გამართული 2013 წლის ერთა თასის არაოფიციალური ფინალური მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა. რადგან ბოლო მატჩის წინ ორივე გუნდს თანაბარი ქულა ჰქონდა (17-17), მაგრამ მეტოქეს ყველანაირი დამატებითი მაჩვენებლით ვჯობდით (გატანილ გაშვებული ქულები და ლელოები), FIRA-ს პრეზიდენ ჟან-კლოდ ბაკეს ხელიდან თასი სწორედ საქართველოს ნაკრებმა ჩაიბარა და მასზე უკვე მეექვსედ ამოიტვიფრება, რომ ევროპის მეორე დონეზე, უკეთესი გუნდი საქართველოს ნაკრებია (რუმინეთი 4-ჯერ იყო ჩემპიონი). ამასთან, ფრის წყალობით, შევინარჩუნეთ “ანთიმოზ ივერიელის” თასი და ის ზედიზედ მესამე წელიწადს დარჩება საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში.
თამაში სწორედ ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. აქ დაძაბულობა იგულისხმება, აი, სანახაობრივი მხარე კი, ძალიან ცუდი იყო. მსაჯი ხშირად აჩერებდა თამაშს და დროს, რის გამოც შეხვედრა უსაშველოდ გაიწელა და დროის გაკონტროლებაც, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მთელი 80 წუთის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ გაჩნდა ლელოს გატანის რეალური შესაძლებლობა და სასიხარულოა, რომ ის “ბორჯღალოსნებმა” შექმნეს.
მილტონ ჰეიგის მიერ ნაქადაგარი გაშლილი რაგბის ჩვენება, საქართველოს ნაკრებმა სულ რამდენჯერმე მოახერხა და უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში შეტევას გამწვავება მოჰყვა, მაგრამ ძირითადად, მეტოქემ ძალისმიერ ჭიდილში და ფეხით თამაშში ჩაგვითრია და აქ, მაინცდამაინც კარგად, საქმე არ წაგვსვლია. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ “ტულუზელი” და “კლერმონელი” პირველხაზელებით დაკომპლექტებული ჩვენი შერკინება, მეტოქისას საკადრისად ვერ დაუდგა, არადა, დრო იყო, ნებისმიერ მეტოქეს (ყოველ შემთხვევაში ერთა თასის დონეზე) ამ კომპონენტში ულაპარაკოდ ვჯაბნიდით და უპირატესობასაც სწორედ მათი გარჯის წყალობით ვაღწევდით. შერკინებაში ვერმოპევებული უპირატესობა მით უფრო გასაოცარია, რომ ჩვენი რვეული მეტოქისაზე 25 კილოთი მეტი იყო, ეს კი, ცოტა სულაც არაა. სამაგიეროდ, “ბორჯღალოსნებმა” საოცრად თავდადებით ითამაშეს დაცვაში, ხშირ შემთხვევაში, ისინი დაცვიდან თამაშით ახერხებდნენ მეტოქისთვის უკან დახევინებას და პირადად მე, გამახსენდა ის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები მართლაც ბრწყინვალე დაცვას თამაშობდა (2011 წლის მსოფლიო თასის წინ).
სათამაშოდ მშვენიერი, მზიანი დარი რომ იყო, მორაგბეებს მოედანიც იდეალურ მდგომარეობაში დახვდათ, სავსე ტრიბუნებმა კი, თამაშს განსაკუთრებული ეშხი შემატა, მაგრამ უკვე ვთქვით, რომ თვალსასეირო თამაში არ შედგა და ეს, უმეტესწილად, ზედმეტი დაძაბულობის ბრალი უნდა იყოს. თამაშში ბურთი რუმინელებმა შეიყვანეს, მაგრამ მისი აღება ვერ შევძელით, სამაგიეროდ, მეტოქეს მოლში ბურთი გავუჭედეთ და მერე მეტოქე პირველ შერკინებაში დაჯარიმდა. უნდა ითქვას, რომ რუმინელებმა რამდენჯერმე სცადეს მოლით უპირატესობის მოპოვება, მაგრამ აქ ქართველებმა მასპინძლებს არაფერი დაუთმეს.
თავიდან, მეტოქის ფეხით თამაშსაც მომზადებული დახვდა ქართველთა უკანა ხაზი და სამჯერ კარგად რომ დავაბრუნეთ ბურთი მათ ნახევარზე, მერე ხელით სცადეს იერიშის წამოწყება, მაგრამ ცენტრალურ ხაზთან ლაშა ხმალაძემ იყოჩაღა, გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე რუმინეთი დაჯარიმდა. მერაბ კვირიკაშვილმა ჩაუქობა გამოავლინა და კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 43 მეტრიდან არცთუ იოლი დარტყმა ზუსტად შეასრულა - 3:0. მე-10 წუთზე ის ერთადერთი სალელოვე შეტევა ირაკლი მაჩხანელმა წამოიწყო, როდესაც ფეხით გადაკიდებული აიღო, კარგად დაიძრა, მბოჭავს დაუსხლტა და დაცვის პირველი ეშელონი გაარღვია. რაქიდან ბურთი სწრაფად რომ გამოდიოდა, რუმინეთმა გადაწყობა ვერ მოახერხა, იერიში ჯერ მარჯვენა ფლანგზე წარიმართა, შუა გზიდან კვლავ მარცხნივ დაბრუნდა, მამუკა გორგოძემ წინ წაიწია და თედო ზიბზიბაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მას უკნიდან წამოეწივნენ და ფეხებში შებოჭეს, არადა, ლელომდე სამიოდე მეტრი რჩებოდა. რაქიდან ბურთის გამოტანა რომ დაგვიანდა, ხმალაძემ ფეხით რუმინელთა ჩათვლის მოედანში მარჯვნივ გადაკიდა, მაგრამ დიმიტრი ბასილაიამ და თამაზ მჭედლიძემ ბურთს ვეღარ მიასწრეს.
საპასუხოდ, რუმინელებმა 22-მეტრა ხაზთან დერეფნიდან მოლის დაყენება სცადეს, მაგრამ კვლავ ჩვენი შერკინება დაინიშნა. აქ უკვე დავით ზირაქაშვილი დაჯარიმდა ჩვენსავე შეგდებისას და თითქმის კარის გასწვრივ, 18 მეტრიდან ფლორიან ვლაიკუმ წონასწორობა აღადგინა. მალე, მერაბ შარიქაძე დაშავდა და ის დავით კაჭარავამ შეცვალა, 21-ე წუთზე კი, ჩვენი შერკინების პირველი ხაზი მეორედ დაჯარიმდა, ამჯერად ვასილ კაკოვინი და კარის გასწვირ 28-30 მეტრიდან ვლაიკუმ რუმინელები დააწინაურა. ცენტრიდან ბურთი ცუდად რომ შევიყვანეთ, ცენტრში შერკინება დაინიშნა, ისევ დავჯარიმდით და ვლაიკუს უპირატესობის გაზრდის საშუალება მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
რუმინელებმა მოლში მესამედაც რომ ვერ ივარგეს, ჯარიმით მეტოქის 22-ის ხაზთან გადავედით, გაშლილი შეტევის წამოწყება ვცადეთ, კაჭარავა მეტოქემ შებოჭა, მაგრამ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა მარცხნივ 30 მეტრიდან 31-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 6:6. ტაიმის ბოლოს, რუმინელებმა მოლით და მოკლე დარტყმებით სცადეს მიზნის მიღწევა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა, მეტოქეს უკან დაახევინა, მერე მოიერიშე გვერდით ხაზს იქით გადადენეს და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად კარგად დავიწყეთ, რაქიდან ბურთი სწრაფად გამოდიოდა, შედეგად, ხმალაძემ თავისუფალი დერეფანი ნახა და ხაზი გაჭრა, მერე გორგოძე გაძვრა ორ მცველს შუა, შებოჭილი ფეხზე დარჩა და კარგი პასიც გაახერხა, მარჯვენა ფლანგზე რიცხობრივი მეტობა შეიქმნა, თუმცა, დიმიტრი ბასილაიას ბურთში ხელი ჩაურტყეს და შეტევაც ჩაიშალა. მეტოქის 22-თან ჩვენი შერკინება რომ დაინიშნა მეტოქე დავჯაბნეთ, უპირატესობის გათამაშება მარცხენა ფლანგზე ბურთის გაშლით ვცადეთ, მაგრამ კვირიკაშვილმა პასის შემაგრება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა - 9:6.
ეს 44-ე წუთზე მოხდა და კიდევ ორჯერ, ფეხით გადაკიდებული ბურთი კარგად ავიტანეთ, მაგრამ მერე ჩვენვე დავუშვით ფეხით თამაშისას შეცდომა და რუმინელებმაც დაახლოებით 20 წუთიანი შტურმი წამოიწყეს. მათ რამდენჯერმე მოიპოვეს ფლანგებზე რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა გადაწყობა მოახერხეს და ყველა შემთხვევაში ისე დაიცვეს თავი, რომ მეტოქე ჩვენს ჩათვლის მოედანს 10 მეტრამდეც ვერ მიუახლოვდა. სამაგიეროდ, ვლაიკუმ ორჯერ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება და თუკი პირველ შემთხვევაში წონასწორობა აღადგინა, მეორეჯერ დარტყმა სასწაულებრივად გაუცუდდა.
“ბორჯღალოსნებს” ამ 20 წუთის განმავლობაში ერთხელ მიეცათ კონტრშეტევის საშუალება, ბასილაიამ ხაზი გაჭრა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, მაგრამ რატომღაც, უაზროდ მოისროლა ბურთი უკან და ის მეტოქის ნადავლი გახდა. აი, 70-ე წუთიდან, უკვე საკუთარი 22-იდან საფუძვლიანად ავწიეთ თამაში, მეტოქეს ცენტრის სიახლოვეს ბურთი რომ დავათმობინეთ, მაჩხანელმა ფლანგზე ხაზი გაჭრა, მაგრამ მეტოქის 22-თან წინთამაშის გამო ყველაფერი დაიკარგა. ორიოდე წუთში, გვერდითმა მსაჯმა რეფერი იხმო, შალვა სუთიაშვილი დერეფანში უხეშობდაო და ქართველი სინბინით დაისაჯა.
ვლაიკუმ ცენტრიდან სცადა 3 ქულის აღება. მიზანმა უმტყუნა. მერე კვირიკაშვილმა ჩვენი 22-იდან შორს დაკრა, რუმინელებმა ქართველთა შეცდომის იმედად ფეხითვე დაგვუბრუნეს ბურთი, რომელსაც ბასილაია ელოდა, ამდენი ჯარიმის გაცუდებით ნერვებაშლილი ვლაიკუ კი, მას დროზე ადრე მიახტა, მუხლში ფეხი ჩაარტყა და სინბინით დაისაჯა, რითაც რიცხობრივი წონასწორობა აღდგა. დანარჩენი დრო საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ნახევარზე გაატარა, მაგრამ რეალური საფრთხე ვერ შექმნა. რეფერიმ ცოტა არ იყოს მასპინძლები დაინდო და ისინი ერთ-ორ ეპიზოდში არ დააჯარიმა, სულ ბოლოს კი, ყველაფერი რომ მობეზრდა, ჩვენ დაგვაჯარიმა მეტოქის 10-მეტრა ხაზთან და რუმინელს უთხრა, აქედან კარში დაარტყი და წავედით სახლშიო. კატალინ ფერკუს დარტყმულმა, რა თქმა უნდა, კარამდე ვერ მიაღწია და საქართველოს ნაკრებმაც ორი თასი დამსახურებულად ჩაიბარა.
ერთა თასის ბოლო ტურის კიდევ ერთ დასრულებულ მატჩში, ბელგიამ სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა რუსეთს. მასპინძელთა ადრეულ ლელოს სტუმრებმა ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და 10:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი 13:17 დათმეს. “დათვები” თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 29:13 დაწინაურდნენ, მაგრამ ბელგიელებმა ყურები არ ჩამოყარეს. ლელოზე კიდევ ლელო რომ მიიღეს და გარდასახვაც ზუსტი იყო (36:18), არც მაშინ დანებდნენ და ბოლოსწინა წუთზე ორი ლელოთი ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს - 32:36, მაგრამ ბოლო შეტევისას კვლავ ლელო მიიღეს, 32:43 დამარცხდნენ და 4 ლელოს გატანისთვის მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. რუსებმა 7 ლელო მიითვალეს და პრემია მათაც ჩაიწერეს.
დღეს საღამოს, 2013 წლის ერთა თასის კიდევ ერთ შეხვედრაში, ესპანეთი პორტუგალიას ეთამაშება. შეგახსენებთ, ეს ქულები გუნდებს 2014 წელსაც გადაყვებათ და ორი წრის ჯამში ორი უკეთესი გუნდი, 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურს პირდაპირ მიიღებს, მესამეადგილოსანი კი, ბოლო საგზურისთვის, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში იბრძოლებს.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
16 მარტი. შაბათი
ბუქარესტი. “ტრიუმფალური თაღი”. 3500 მაყურებელი
რუმინეთი - საქართველო 9:9 (6:6)
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. ადრიან აპოსტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორიან ვლაიკუ, 11. ადრიან მატეი, 10. იონუც დიმოფტე, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიჰაი ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. პაულიცა იონი, 4. ვალი ურსაჩე, 5. მარიუს სირბე, 6. ვიორელ ლუკასი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ანდრეაი ურსაჩე, 17. ევგენ კაპატანა, 18. ჰორაციუ პუნგეა, 19. ალინ კოსტე, 20. ალექსანდრ მიტუ, 21. სიპრიან კაპლესკუ, 22. ქსაბალ გალი, 23. იონუც ნიაკსუ.
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი)
3 ჯარიმა: ფლორიან ვლაიკუ
1 სინბინი: ფლორიან ვლაიკუ
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე (22. დავით კაჭარავა 19), 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 76); 1. ვასილ კაკოვინი (17. ზურაბ ჟვანია 68), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. იური ნატრიაშვილი 48), 3. დავით ზირაქაშვილი (18. დავით ქუბრიაშვილი 48), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ლევან დათუნაშვილი 50), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (20. შალვა სუთიაშვილი 53), 6. ვიტო კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
3 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი
1 სინბინი: შალვა სუთიაშვილი

რუსეთი - ბელგია 43:32
ესპანეთი - პორტუგალია 9:9

1

საქართველო

5

4

1

0

135-61

19

2

რუმინეთი

5

4

1

0

114-65

19

3

რუსეთი

5

3

0

2

110-116

14

4

პორტუგალია

5

1

1

3

75-96

7

5

ბელგია

5

0

1

3

92-131

5

6

ესპანეთი

5

0

2

3

72-129

5


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11479