საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ინგლისში განაგრძობს მზადებას. 13 მარტს უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ტესტი გამართეს “ჰარტპულის” სარაგბო აკადემიის გუნდთან და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე 26:31 დამარცხდნენ.
მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, 15 მარტს ნაკრები დაბა რაგბიში იმყოფებოდა, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში ადგილობრივ სკოლაში (ღუგბყ შცჰოოლ) უილიამ ვებ ელისმა პირველად დაარწია რაგბის აკვანი. “რაგბი სქულში” ყოფნისას, უმცროსი “ბორჯღალოსნები” შეხვდნენ შოტლანდიის ნაკრების ყოფილ მესამეხაზელსა და “ბრიტანელი ლომების” ყოფილ კაპიტან ფინლი ქალდერს.
“ბიჭები თავდაუზოგავად ემზადებიან და მოუთმენლად ელიან ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრას, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება განვითარების გზაზე. ჩვენ ორჯერ ვივარჯიშეთ “რაგბი სქულის” საწვრთნელ ბაზაზე, რომლის მესვეურებიც გვერდში დაგვიდგნენ და ყველანაირად შეგვიწყეს ხელი. მინდა ავღნიშნო, რომ აქაური სარაგბო ნაგებობები იდეალურია ვარჯიშისათვის და იმედი გვაქვს, რომ გაისად მოსამზადებლად აქ დავიდებთ ბინას” - განაცხადა საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერმა დონ კასკიმ.
დღეს, 17 მარტს, ნაკრები ქალაქ ქოვენთრის სარაგბო კლუბ “ბროდ სთრითის” მოედანზე დაუპირისპირდება ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებს. შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ მატჩის ინტერნეტ სთრიმინგი არ გაიმართება და სავარაუდოდ, “ჰართპულთან” მატჩის მსგავსად, “ბროდ სთრითის” კლუბის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი “ლაივ ბლოგისათვის” თვალყურის დევნება, რომლის ბმულიც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქის გვერდებზე თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე დაიდება.
ხვალინდელ მატჩში, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ინგლისის 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს ასეთ შემადგენლობას დაუპირისპირებს: 1. დავით ფხაკაძე, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 11. იოსებ კიკვაძე, 12. თემურ ირემაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 14. ბადრი ლიპარტელიანი, 15. ირაკლი სვანიძე.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია