ამბები

11:28 | 19.03.2013 | ნანახია 1790 - ჯერ

დიდი სტუმრობა პანკისში

ორი დღი წინ პანკისის ხეობას განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ. იქ, სადაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა, ერთბაშად ჩავიდნენ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბი კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე. მიზანი უმნიშვნელოვანესია - პანკისში ახალი სარაგბო კერა არსდება.

ჟურნალისტ და მწერალ ბექა ქურხულის იდეა საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ აიტაცა, ნიჟარაძეც დაინტერესდა და იდეა ასრულების პროცესი გადავიდა. პანკისში სტუმრობაზე თავად კილასონია გვესაუბრა:

-       ჩემმა მეგობარმა ბექა ქურხულმა, რომელსაც ცხელ წერტილებში ჟურნალისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პანკისის ხეობაში 1999 წლიდან დადის, შემომთავაზა იქ რაგბის კერის დაარსება. მან მითხრა, რომ პანკისელები, რომლებიც არც ეწევიან და არც სვამენ, ძალიან მოძრავი და ჯანიანი ადამიანები არიან და მათგან კარგი მორაგბეების ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნებოდა. გია ნიჟარაძეს ეს იდეა ძალიამ მოეწონა და თავის მხრივ, სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს დაელაპარაკა.

ადგილზე ჩასულებს, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაგვხვდა. სოფელ დუისში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. დავათვალიერეთ სტადიონი, ბავშვები იქვე ვათამაშეთ და მწვრთნელად თენგო ცისკარიშვილი შევარჩიეთ, რომელიც “დევებში” თამაშობს და თელავში მწვრთნელად მუშაობს. პატარ-პატარა პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ეს საქმე დაიწყება.

-       პანკისელებს რაგბზე წარმოდგენა თქვენს ჩასვლამდე თუ ჰქონდათ?

-       დიახ. გაეროს დახმარებით, 20 კაცი საქართველოსა და ესპანეთის თამაშის სანახავად წამოვიდა. ისინი გამორჩეული გულშემატკივრები არიან და ძალიან უხარიათ, როდესაც რუსებს ვამარცხებთ. ბავშვები რომ ვათამაშეთ, ისეთი მონდომებით დარბოდნენ, რომ ეჭვი მაქვს, ამ წამოწყებას კარგი გაგრძელება მოყვება.

-       შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?

-       ეს იყო პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პატარ-პატარა პრობლემები რომ მოგვარდება, ადგილობრივ სკოლებში ცისკარიშვილი ივლის და ბავშვებს შეკრებს. სამომავლოდ იქ განვითარების ჯგუფი ჩავა. ლექსო გუგავამ უკვე განაცხადა თანხმობა და თქვა, რომ იქ რეგულარულად დიდი სიამოვნებით ივლის. ვფიქრობ, პოტენციურად, შესაძლოა, პანკისიდან ძალიან კარგი მოთამაშეები მივიღოთ.

-       ხომ არ ფიქრობთ, რომ რაგბი თბილისის სკოლებშიც დაინერგოს?

-       სკოლების რაღაც ნაწილში რაგბს უკვე თამაშობენ. ყველა სკოლაში რაგბის დანერგვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვყავს იმდენი სპეციალისტი, რომ ყველა სკოლაში მივავლინოთ. ამასთან, რაგბი ისეთი სპორტია, რომ აუცილებელია, ნებისმიერ თამაშს ექიმი დაესწროს და ესეც პრობლემაა. თუ საუბარია თაჩ-რაგბზე, ეს უკვე სავსებით შესაძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში თამაშის ჩატარება ჩვეულებრივ ფიზკულტურის მასწავლებელსაც შეუძლია. სხვათა შორის, თაჩ-რაგბი ავითარებს მოედნის ხედვას და ხელის ტექნიკას, რაც დიდ რაგბში ძალიან მნიშვნელოვანია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079838