საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ხვალ საღამოს, თბილისის დროით 22 საათზე, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში 2013 წლის ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე ჩაებმება და მეოთხედფინალში ირლანდიის დამარცხებას შეეცდება.
ორი წლის წინ, ევროპული რაგბის მმართველებმა რაგბის პოპულარიზაცია რომ გადაწყვიტეს, წამყვან ექვსეულთან ქვედა დივიზიონის წარმომადგენლების ინტეგრირებაზე დაიწყეს ფიქრი და მასში ექვსი ერის ორი უარესი გუნდი დააქვეითეს (შოტლანდია და იტალია). შარშან ფორმატი შეიცვალა და ქვედა დივიზიონის ორ საუკეთესო გუნდს, ექვსი ერის წარმომადგენლებთან თამაშის უფლება მიენიჭა. ეს ფორმატი ექსპერიმენტულია და 2015 წლამდე ქართველები, სულაც ევროპის ჩემპიონები რომ გახდნენ, გაისად კვლავ შესარჩევ ეტაპზე მოუწევთ ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ყინული დაიძრა და მომავალ “ბორჯღალოსნებს”, ბობოლებთან თამაშით, კლასის ამაღლების და კომპლექსის მოხსნის შესაძლებლობა ეძლევათ.
შარშან მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ინგლისთან განადგურების შემდეგ, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” იტალიელთა წნეხს 12 კაცის ამარა გაუძლეს და ბოლოს გამარჯვებაც მოიპოვეს, მერე კი შოტლანდიასთან, კარგი თამაშის ფონზე ბრძოლაში დამარცხდნენ და ტურნირზე მე-6 ადგილი დაიკავეს. წელს, პროგრამა მინიმუმი, იგივეს გამეორებაა, უკეთეს შემთხვევაში კი, უფრო მაღალი ადგილის დაკავება იგეგმება.
თბილისში განვლილი რამდენიმე შეკრების შემდეგ, 18-წლამდელებმა ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “უოსპსის” თანატოლებთან “შევარდენზე” ამხანაგური მატჩი გამართეს და მეტოქე ლამაზ სტილში 48:12 გაანადგურეს. ამას მოჰყვა შეკრებაზე ინგლისში გამგზავრება, სადაც 13 მარტს, “ჰართლპულის” სარაგბო აკადემიის 18-წლამდელთა გუნდს “ბორჯღალოსნები” ბოლო წუთამდე უგებდნენ, მაგრამ მერე ლელო მიიღეს და 26:31 დამარცხდნენ. ამას მოჰყვა ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, რომლის პირველი ტაიმი 7:12, ხოლო თამაში 12:34 დავთმეთ. მიუხედავად ამისა, ასეთი ნაყოფიერი ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველი ახალგაზრდების გამართული თამაშის ფონზე, გრენობლში წარმატების იმედს იძლევა.
გუნდის მთავარ მწვრთნელ ილია მაისურაძის გადაწყვეტილებით, ირლანდიის ნაკრებთან თამაშს ის 15 მორაგბე დაიწყებს, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ინგლისის 17-წლამდელებთან მატჩში იყვნენ. გამარჯვების შემთხვევაში, უმცროსი “ბორჯღალოსნების” მეტოქე თასის ნახევარფინალში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა წყვილში გამარჯვებული იქნება. თუ ქართველები დამარცხდნენ, V ადგილისთვის ბრძოლაში, ნახევარფინალში მათ წინაშე ზემოთნახსენებ წყვილში დამარცხებული გუნდი იქნება. ნახევარფინალები 26 მარტსაა დანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 30 მარტს გაიმართება.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიის წინააღმდეგ: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ბადრი ლიპარტელიანი, 13. დევი დევსურაშვილი, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. დავით ფხაკაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: გიორგი თორაძე, გუგა ხანთაძე, ბექა კაკაბაძე, ბექა გორგაძე, დავით პაპავაძე, გიორგი ხვისტანი, თეიმურაზ თუთბერიძე, დავით გულითაშვილი, სანდრო ილურიძე, დავით ლობჟანიძე, ლევან გიკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის
საფრანგეთი. გრენობლი. 22 მარტი. 1/4-ფინალი
უელსი - შოტლანდია
საფრანგეთი - იტალია
ირლანდია - საქართველო
ინგლისი - პორტუგალია
ნახევარფინალები 26 მარტს გაიმართება
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია