საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა და პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, თუ როგორ დაწყვილდებიან მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო პლეი ოფში.
სანამ კონკრეტულ მაგალითებს განვიხილავდეთ, კიდევ ერთხელ გადავლოთ თვალი გათამაშების რეგლამენტს, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულის სისტემასა და უმაღლესი ლიგის გუნდების ათამდე გაზრდის შემდეგ, წინა წლებთან შედარებით ნაწილობრივ შეიცვალა. პლეი ოფის საწყის ეტაპზე რეგულარული გათამაშების პირველ-მეორეადგილოსნები ერთი კვირით ისვენებენ და ბრძოლაში მესამე-მეექვსეადგილოსნები ერთვებიან. ერთრაუნდიან ბრძოლებში მესამეადგილოსანი მეექვსეს (პირობითად, პირველი შესარჩევი), ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს (მეორე შესარჩევი) მასპინძლის სტატუსით დაუხვდება. გამარჯვებულები თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ხოლო დამარცხებულები გათამაშებას ეთიშებიან.
მეორე ეტაპზე ბრძოლაში ლიდერები ერთვებიან და პირველადგილოსანი მეორეს ფინალში გასასვლელად შეერკინება. ერთი მატჩით გამოვლენილი გამარჯვებული გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას უფლებას იღებს და კიდევ ორი კვირით ისვენებს, ხოლო დამარცხებული ფინალის საგზურისთვის წინასწარ ფინალში იბრძოლებს. იქ მისი მეტოქე პირველი შესარჩევისა და მეორე შესარჩევი მატჩების გამარჯვებულ გუნდებს შორის უკეთესი იქნება. აქაც ერთი თამაში იმართება და პირველი შესარჩევის გამარჯვებული მასპინძლის სტატუსით სარგებლობს. წინასწარი ფინალი 27-28 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი 11-12 მაისსაა დანიშნული.
დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველ-მეორე ადგილებს “ლელო” და “არმია” დაიკავებენ. რადგან ეს ორივე გუნდი თბილისიდანაა, მნიშვნელობა არ აქვს ვის მიენიჭება მასპინძლის სტატუსი და რეგულარული პირველობის მოგება მხოლოდ პრესტიჟის საქმეა. მეოთხე-მეხუთე ადგილები პრაქტიკულად დაბევებული აქვთ “არმაზს” და “ჯიქებს”. აქაც იგივე სიტუაციაა, ორივე გუნდი თბილისურია და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს. მესამე ადგილს პრაქტიკულად ვერავინ შეეცილება ქუთაისის “აიას” და პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ “დინამოზე” ითამაშებს. ამასთან, ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ის მეორე ეტაპზეც მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.
გასარკვევია “აიას” მომავალი მეტოქის ვინაობა. მოცემულ მომენტში მეექვსე ადგილს თბილისის “ლოკომოტივი” იკავებს, რომელსაც წინსვლის მიზერული შანსიღა შერჩა. სამაგიეროდ, მისთვის პლეი ოფში თამაშის უფლების წართმევის შანსი აქვს ბათუმის “ბათუმს”, რომელმაც გადადებული მატჩი პრემიალური ქულით რომ მოიგო, ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ ყოჩაღობასთან ერთად, “ლოკომოტივის” ჩავარდნის იმედზეც უნდა იყოს.
უნდა ითქვას, რომ ზღვისპირელებს დარჩენილ მატჩებში მეტოქეზე უფრო რთული კალენდარი აქვთ. ისინი ორ მატჩს ექვსეულის გუნდებთან მართავენ, ხოლო “ლოკომოტივს” ორი თამაში ქვედა ოთხეულის გუნდებთან ელის. მაგრამ მომავალ ტურში, 24 მარტს, “ლოკომოტივს” “არმაზთან” ელის მძიმე ჯახის გადატანა,
“ბათუმი” აუტსაიდერ “ყოჩებს” მასპინძლებს და შესაძლოა ისე მოხდეს, სხვაობა მინიმუმამდე დავიდეს, მერე კი, ვინ იცის რა მოხდება.
პირველი წრის თამაშებს თუ გადავხედავთ, “ლოკომოტივი” მართლაც უქულოდ დამარცხდა “არმაზთან” (21:31), მაგრამ ბათუმელები თბილისში “ყოჩებთან” მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ - 32:34. სხვათა შორის განვლილ 15 მატჩში “ყოჩებმა” მხოლოდ ამ თამაშის მოგება მოახერხეს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბათუმელებმა ჩემპიონატის ზედიზედ ორი თამაში მოიგეს (“აკადემიასთან” 30:15 და “ხარებთან” 31:6), “ლოკომოტივს” კი, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. მათ 2013 წელს ჯერაც ვერ გაიხარეს “აიასთან” ფრის (13:13) შემდეგ, “ჯიქებთან” (13:15) და “ლელოსთან” (29:49) დამარცხდნენ. კიდევ ერთი მარცხი მათ 2012 წლის დეკემბერში “არმიასგან” იწვნიეს.
კვირამდე შაბათს სამი თამაშია. “ავჭალაზე” ქვეყნის ჩემპიონი “არმია” “აკადემიასთან” მხოლოდ გამარჯვებას კი არა, პრემიალური ქულის მოპოვებასაც ეცდება. სწორედ ქულით ჩამორჩება “არმია” “ლელოს” და დარჩენილ შეხვედრებში პრემიალური ქულების აღება ორივე გუნდისათვის დიდ მნიშვნელობას იძენს. თავის მხრივ, “აკადემიამ” ბოლო ადგილისგან თავი რომ დაიზღვია, ახლა ბოლოსწინა ადგილისგან დაძვრენასაც შეეცდება, რათა პირველლიგელთან გადათამაშება საბოლოოდ აიცილოს, მაგრამ ამ თამაშში წარმატების მიღწევა ძლიერ გაუჭირდება. წელს არმია ტრავმებმა და მორაგბეთა წასვლამ კი დაასუსტა, მაგრამ პირველ წრეში მათ აკადემიელები 40:3 მაინც გაანადგურეს. თამაში 15 საათზე იწყება.
15 საათზე იწყება ქუთაისში, “დინამოზე” “აიასა” და რუსთავის “ხარების” დაპირისპირება. ქუთათურებს შანსი ეძლევათ მდევრებს მესამე ადგილის წართმევის თეორიული შანსიც კი წაართვან და ამის გაკეთებას უცილობლად ეცდებიან. რუსთაველებმა “ბათუმთან” გადადებული მატჩი რომ დათმეს, პლეი ოფის საგზურს 9 ქულით ჩამორჩნენ და ახლა რეალურად მხოლოდ იმაზეღა უნდა იზრუნონ, რომ “აკადემიამ” პირველლიგელთან გადათამაშებაში არ გაუშვას.
23 მარტს ცენტრალური მატჩი 15:30 საათზე “შევარდენზე” დაიწყება. “ჯიქებმა” 2013 წელს სამივე თამაში რომ მოიგო, პლეი ოფი გაინაღდა და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. მაგრამ ლიდერ “ლელოს” რეგულარული გათამაშების მოგებაც რომ სურს, “არმიას” “ფეხის ხმა” არ ასვენებს და მისთვის ყოველი თამაშის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ წრეში ლელოელებმა “ჯიქები” 22:10 დაამარცხეს, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს.
იმის გამო, რომ საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ჰონკონგში მსოფლიო სერიის მუდმივი საგზურისთვის იბრძვის, კლუბებს მომავალ ჯახებში რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ: ბახვა კობახიძე, ლევან გოგოლაშვილი და გიორგი ჯიმშელაძე “არმიას”, გიორგი ფრუიძე და ზურაბ ძნელაძე “აიას”, ირაკლი მაჩხანელი “არმაზს”, ლაშა ხმალაძე “ლელოს”, ირაკლი ღვინჯილია “ლოკომოტივს” და შავლეგ მახარაშვილი “ბათუმს”.
ამასობაში, საბოლოოდ გაირკვა პირველი ლიგის ის ოთხეული, რომელთაგან ორი საუკეთესო უმაღლესი ლიგის IX-X ადგილოსნებს ორრაუნდიან ბრძოლაში მომავალი გათამაშებისთვის უძლიერესთა შორის თამაშში შეეცილება. აღმოსავლეთ დივიზიონი დაუმარცხებლად განვლო თბილისის “თიბისიმ”, რომელმაც 15 მატჩი მოიგო (აქედან 12 პრემიით) და 1 ფრედ დაასრულა. მეორე ადგილი პატარძეულის “ვეფხვებმა” დაიკავეს, რომლებმაც 11 გამარჯვების წილ 5 თამაში წააგეს და 4 ქულით აჯობეს უახლოეს მდევარს.
დასავლეთ დივიზიონში დაუმარცხებელი იყო ქუთაისის “ბაგრატი”, რომელმაც 10 მოგებულ მატჩში 9 პრემიალური ქულა ჩაიწერა. მხოლოდ ორი თამაში, ორივე “ბაგრატთან” დათმო და მეორე ადგილი დაიკავა ფოთის “კოლხმა რაინდებმა”. ახლა ეს ოთხეული ორ წრედ ითამაშებს (6 რაუნდი) და ორი საუკეთესო მაისში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებას ეცდება. პირველი ლიგის პირველ რაუნდში, 24 მარტს, ქუთაისში “დინამოზე” “ბაგრატი” “ვეფხვებს” ეთამაშება და თამაში 15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, ოღონდ 16 საათზე თბილისში, “ვისოლზე” დაიწყება “თიბისისა” და “კოლხი რაინდების” შეხვედრა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XV რაუნდი
23 მარტი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ქუთაისი. “დინამო”. 15:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ჯიქები (თბილისი) - ლელო (თბილისი)
24 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ბათუმი. ანგისა”. 15:00 საათი
ბათუმი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
1 | ლელო |
15 | 13 | 0 | 2 | 438-212 |
61 |
2 | არმია |
15 | 13 | 0 | 2 | 380-228 | 60 |
3 | აია |
15 | 10 | 2 | 3 | 399-225 |
50 |
4 | არმაზი |
15 | 10 | 0 | 5 | 287-25 | 42 |
5 | ჯიქები | 15 | 8 | 0 | 7 | 304-243 | 40 |
6 | ლოკომოტივი |
15 | 5 | 2 | 8 | 307-307 | 30 |
7 | ბათუმი |
15 | 5 | 0 | 10 | 268-341 |
24 |
8 | ხარები |
15 | 4 | 0 | 11 | 215-339 |
21 |
9 | აკადემია |
15 | 4 | 0 | 11 | 156-396 |
18 |
10 | ყოჩები |
15 | 1 | 0 | 14 | 216-419 | 7 |
მომდევნო ტური. 30-31 მარტი
აკადემია - აია, ჯიქები - ბათუმი, ყოჩები - არმია, ხარები - ლოკომოტივი, ლელო - არმაზი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია