ამბები

0:06 | 23.03.2013 | ნანახია 902 - ჯერ

ირლანდია გადაგვირჩა

 

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და სახელოვან გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

მეოთხედფინალური შეხდევრა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მძიმედ დაიწყეს და ჯერ ლელო, მერე კი ჯარიმა გაუშვეს. საწყისი 12-15 წუთის შემდეგ ილია მაისურაძის შეგირდები დალაგდნენ და მე-19 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 26-ე წუთზე ირლანდიამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, რაზეც 1 წუთში ქართველებმაც ჯარიმით უპასუხეს, 30-ე წუთზე კი, ჯარიმითვე დაწინაურდნენ - 13:11. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში უპირატესობა “ბორჯღალოსნების” მხარეს იყო, ირლანდიელებმა ზედ შესვენების წინ ჯარიმის გატანა მოახერხეს და ტაიმი 14:13 მოიგეს.

მეორე ნახევარი კვლავ მეტოქის ლელოთი დაიწყო და გარდასახვაც გავიდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მალევე შეძლო ლელო-გარდასახვით სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა. ამას მცირედი ჩავარდნა მოყვა, რა დროსაც ირლანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს და 31:20 დაწინაურდნენ. დასკვნითმა 10-მა წუთმა სრულად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა და 5-მეტრში რამდემნიმე დარტყმის შემდეგ ლელოც გავიდა, რეალიზაციაც ზუსტი იყო და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. გამარჯვებისთვის ერთი ლელოც რომ კმაროდა, ქართველებმა მედგრად შეუტიეს და ირლანდია სინბინით დაისაჯა. რადგან დრო უკვე ამოწურული იყო, ჯარიმის კარში დარტყმას აზრი აღარ ჰქონდა, ლელოზე თამაში უშედეგოდ დასრულდა და საქართველოს ნაკრები 27:31 დამარცხდა.

მიუხედავად დასანანი მარცხისა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს ძალიან კარგი თაობა ეზრდება, რომელიც ხელდახელ თამაშზეა ორიენტირებული. ნამატჩევს ტრიბუნაზე შეკრებილმა 1000-მდე გულშემატკივარმა ფეხზე ამდგარმა, ოვაციით გააცილა “ბორჯღალოსნები”.

ახლა მაისურაძის შეგირდები V ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას და ნახევარფინალში იტალიის დამარცხებას შეეცდებიან, რომელიც საფრანგეთმა 32:0 გაანადგურა. შეგახსენებთ, შარშან ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიელებს დაძაბულ, უთანასწორო ბრძოლაში აჯობეს და იმედია, წელს შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. დანარჩენ ორ მეოთხედფინალში, ინგლისმა პორტუგალია 46:3 გაანადგურა, ხოლო შოტლანდიამ უელსს დაძაბულ ბრძოლაში 18:17 აჯობა. შესაბამისად, 26 მარტს იტალიელთა დამარცხების შემთხვევაში, 30 მარტს გადამწყვეტი ჯახი უელსისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის უკეთესთან გვექნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080065