საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო სერიების შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი ბრაზილიის ნაკრებთან ფრედ დაასრულა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ზურაბ ძნელაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ღვინჯილია, ლაშა ხმალაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი ფრუიძე, თედო ზიბზიბაძე. ანუ, კახა ალანიამ იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რაც იამაიკასთან.
მატჩის დებიუტი ისეთივე იყო, როგორიც იამაიკასთან. შეგახსენებთ, იამაიკელებს ტაიმი 15:0 მოვუგეთ, მერე 22:0 დავწინაურდით, 27:5-საც ვიგებდით, მაგრამ დასკვნით წუთებში კაცნაკლული მეტოქისგან ორი ლელო გავუშვით და 27:17 მოვიგეთ.
ბრაზილიასთან მატჩი ახალი დაწყებული იყო, ლაშა ხმალაძემ ლელო რომ გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. ტაიმის შუაში ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და ტაიმი 14:0 მოვიგეთ. თამაში 1 წუთის განახლებული იყო, მსაჯმა თედო ზიბზიბაძე რომ გაასინბინა და მეტოქემ წამებში გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. მეორე ნახევრის შუაში მათ მეორე ლელოც გაიტანეს და გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. საფინალო სასტვენამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, ვიტო კოლელიშვილმა ლელოთი კვლავ რომ დაგვაწინაურა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ბრაზილიამ დარჩენილი წუთები იერიშებში გაატარა და მსაჯის მიერ მე-3 დამატებული წუთი იწურებოდა, ლელოთი წონასწორობა რომ აღდგა. საბედნიეროდ, გარდასახვა არაზუსტი იყო და მარცხს გადავურჩით - 19:19.
პირველი ორი თამაშის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმში გამძლეობა და სისწრაფე არ ჰყოფნის, რის გამოც მეტოქეებს წარმატების შანსი ეძლევათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ტაიმში ისეთი უპირატესობა მოვიპოვოთ, რისი აღმოფხვრაც მერე თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში იაპონიამ იამაიკა 43:0 გაანადგურა და ჯგუფის ლიდერია.
საქართველოს ნაკრებს ორი თამაშის შემდეგ 5 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 12 გუნდა საერთო ჯგუფში 8 საუკეთესოს შორის მოვხვდებით, მაგრამ იაპონიასთან მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. მის შედეგზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში და გამარჯვება აუცილებელია, რათა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით, გადამწყვეტმა ჯახმა შედარებით იოლ მეტოქესთან მოგვიწიოს.
მეოთხედფინალში გასული რვა გუნდიდან ოთხი საუკეთესო (ნახევარფინალისტები) მაისში ლონდონში გასამართი დასკვნითი შესარჩევი ეტაპის საგზურს იღებს, დამარცხებულები კი, ხახამშრალები რჩებიან. საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე დაიწყება.
E ჯგუფი
ურუგვაი - ტაივანი 24:12
ტონგა - ტუნისი 14:12
ურუგვაი - ტუნისი 5:12
ტონგა - ტაივანი 38:0
- ტონგა 2 2 0 0 52-12 6
- ურუგვაი 2 1 0 1 29-24 4
- ტუნისი 2 1 0 1 24-19 4
- ტაივანი 2 0 0 2 12-62 2
ტუნისი - ტაივანი
ტონგა - ურუგვაი
F ჯგუფი
საქართველო - იამაიკა 27:17
იაპონია - ბრაზილია 17:10
საქართველო - ბრაზილია 19:19
იაპონია - იამაიკა 43:0
- იაპონია 2 2 0 0 60-10 6
- საქართველო 2 1 0 1 46-36 5
- ბრაზილია 2 0 1 1 29-36 3
- იამაიკა 2 0 0 2 17-70 2
ბრაზილია - იამაიკა
იაპონია - საქართველო
G ჯგუფი
ზიმბაბვე - მექსიკა 27:0
რუსეთი - კუკი 43:5
ზიმბაბვე - კუკი 29:0
რუსეთი - მექსიკა 31:5
- რუსეთი 2 2 0 0 74-10 6
- ზიმბაბვე 2 2 0 0 56-0 6
- მექსიკა 2 0 0 2 5-58 2
- კუკი 2 0 0 2 5-72 2
კუკი - მექსიკა
რუსეთი - ზიმბაბვე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია