საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”, 11 წაგებათა სერია “კელტების ლიგის” წლევანდელი გათამაშების ლიდერთან, ირლანდიურ “ოლსტერთან” შეწყვიტა.
შოტლანდიელებს აქამდე ბოლო გამარჯვება 2012 წლის 1 დეკემბერს ჰქონდათ მოპოვებული და მას შემდეგ აგერ უკვე თითქმის ოთხი თვეა, მოედანს მუდამ თავჩაქინდრული ტოვებდნენ. ზედიზედ 11 მარცხიდან ოთხი “ჰაინეკენის თასზე”, 7 კი, “კელტების ლიგაში” განიცადეს და აუტსაიდერებს შორის აღმოჩნდნენ.
სამწუხაროდ, განვლილ მატჩი მონაწილეობა არ მიუღია ბასილაიას, მისმა თანაგუნდელებმა კი, ტაიმი 6:3 რომ მოიგეს, მეორე ნახევრის შუაში ლელო გაიტანეს და 11:3 დაწინაურდნენ. “ოლსტერმა” საპასუხო ლელო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანა, მაგრამ “ედინბურგმა” გაძლო, 77-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 14:8 იმარჯვა. ახლა მას 18 თამაშიდან 28 ქულა აქვს (5 მოგება და 13 მარცხი) და 12 გუნდს შორის მე-10 ადგილს იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია