ამბები

13:43 | 23.03.2013 | ნანახია 845 - ჯერ

სიურპრიზამდე კვლავ 4 ქულა დაგვაკლდა

გემახსოვრებათ, 2007 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან. “ბორჯღალოსნები” ირლანდიელებს ერთი ხანობა რომ უგებდნენ, მერე 10:14 ჩამორჩნენ და დარჩენილი წუთები მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზზე გაატარეს, მაგრამ გადამწყვეტი ლელოს გატანა ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, ირლანდიელებთან ეს 4 ქულა დაგვებედა და 18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მეტოქესთან კვლავ 4 ქულა დავთმეთ, ამჯერად - 27:31.

ამ ბიჭების თამაში ინგლისის “უოსპსთან” რომ ვნახე, რომელიც უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” 48:12 მოიგეს, მაშინ ვირწმუნე, რომ სრულიად განსხვავებული, გაშლილი და ხელდახელ მობურთალი, გაბედული ქართველები, სულ მალე ბობოლა სარაგბო ქვეყნებს დიდ სიურპრიზს შესთავაზებდნენ. თამაში ვერ ვნახე, მაგრამ როდესაც იმავე გუნდმა უკვე ინგლისში, 40-ზე მეტ მატჩში დაუმარცხებელ ჰართლპულის კოლეჯის გუნდთან თამაში ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 26:31 დათმო, ეს რწმენა კიდევ უფრო გაღრმავდა. ინგლისი ახალგაზრდულ ასაკში სულ სხვა დონეზე რომაა, ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ტაიმის 7:12 და მატჩის 12:34 წაგებამაც ვერ შეცვალა ეს რწმენა და ირლანდიასთან ოფიციალურ შეხვედრას დიდი სასწაულის მოლოდინით შევხვდი.

როდესაც სასწაულზე და სენსაციაზე ვსაუბრობ, აქ სიურპრიზებს მეტოქეებისთვის და ზოგადად რაგბის სამყაროსთვის ვგულისხმობ, თორემ ჩემთვის, ამ ბიჭების მხრიდან ნებისმიერი მეტოქის დამარცხება სიურპრიზად აღარ ჩაითვლება. მოვლენებს გავუსწრებ და მჯერა, ისინი იტალიას შარშანდელის მსგავსად (ოღონდ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით) ამოაყირავებენ და ამიტომ, განსაკუთრებული ინტერესით სწორედ ირლანდიასთან თამაშს ველოდი.

მატჩის დებიუტში ერთგვარი პინგ-პონგი რომ გაჩაღდა, მერე შერკინება დაინიშნა და პირველივე ეპიზოდში გამოჩნდა, რომ ამ კომპონენტში უპირატესობა ირლანდიელთა მხარეს იყო. საწყის წუთებზე ბიჭებმა მღელვარებას რომ ვერ სძლიეს, მე-7 წუთზე ლელო მიიღეს, კიდევ 10 წუთში კი, ჯარიმაც გაუშვეს და 0:8 ჩამორჩნენ. ამის შემდეგ ილია მაისურაძის შეგირდები დალაგდნენ და თუ მანამდე ბურთს სრულად მეტოქე აკონტროლებდა, ახლა თამაშის სადავეები “ბორჯღალოსანთა” ხელში გადავიდა.

ქართველები იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, რომ 40 მეტრიდან ჯარიმა აუტში გადაიტანეს, დერეფანი მოიგეს, ჟორა მღებრიშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ იოსებ კიკვაძე ლელოზე დაგეშეს და მანაც ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა, ხოლო რევაზ ჯინჭველაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მე-20 წუთზე მოხდა, მატჩის განახლებისთანავე კი, კიკვაძე სინბინით დაისაჯა. ირლანდიამ კაცნაკლულ საქართველოსთან ლელოზე თამაში ვერ გარისკა და უპირატესობა ჯარიმით გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე კაცნაკლული ვიყავით, ბრწყიმვალე დამრტყმელმა ჯინჭველაშვილმა 27-ე წუთზე ჯაეიმით სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა, მერე კი, სათამაშო უპირატესობა კიდევ ერთ ჯარიმაში აისახა და საქართველოს ნაკრები 13:11 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ტაიმის მოგება ვერ მოხერხდა, რადგან უკანასკნელ წუთზე ირლამდიელებმა მესამე ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ - 14:13.

მეორე ტაიმის დასწყისში უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” თამაშში შესვლა ვერ მოასწრეს და პირველსავე წუთზე ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, მაგრამ ქართველებმა მეტოქეს ეს გამოხტომა არ აპატიეს და ხუთიოდე წუთში მღებრიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა. მალე საქართველოს ნაკრებს ჯარიმით დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ მისი კარში დარტყმის ნაცვლად კვლავ ლელოზე თამაში და მეტოქის საბოლოოდ გატეხა გადაწყვიტეს, მაგრამ ლელო არ შედგა და გამოუყენებელი 3 ქულის გამო დავისაჯეთ.

54-ე წუთზე მეტოქემ შერკინებიდან შეგვიტია და ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო კიდევ ორ წუთში მეორე კუთხეში მორიგი ლელო მიითვალა და 31:20 დაწინაურდა. თანაბარი თამაშის ფონზე, საქართველოს ნაკრები დანებებას არ აპირებდა და გუნდებმა შეცვლები რომ მოილიეს, დასკვნით წუთებში ირლანდიელთა ჩათვლის მოედანს მიაწყდნენ. ამან შედეგი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიღო და ბექა გორგაძემ ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახით წარმატების იმედი დაგვიტოვა. ამისათვის აუცილებლად ლელო გვჭირდებოდა, არადა, მანამდე ის ჯარიმა რომ გაგვეტანა... უკვე კომპენსირებულ დროში ირლანდიელები დაჯარიმდნენ და სინბინით დაისაჯნენ. რადგან 4 ქულას ვაგებდით, ჯარიმის კარში დარტყმას აზრი არ ჰქონდა, ლელოს გატანა ვერ მოხერხდა და გმირმა ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს.

სტადიონზე შეკრებილმა 1000-მა გულშემატკივარმა გუნდების გარჯა სათანადოდ დააფასა, განსაკუთრებით ქართველი ბავშვების თავდადება და ისინი მოედნიდან მხურვალე ტაშით გააცილა. დარწმუნებული ვარ, 26 მარტს, იტალიასთან მატჩში ქომაგები სწორედ საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებენ და ეს თამაში უმცროსი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდება.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის

საფრანგეთი. გრენობლი. 22 მარტი. 1/4-ფინალი

ირლანდია - საქართველო 31:27 (14:13)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (დავით გულითაშვილი 67), 14. ბადრი ლიპარტელიანი, 13. დევი დევსურაშვილი (თემურ ირემაძე 57), 12. სანდრო ილურიძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე (თეიმურაზ თუთბერიძე 62); 1. დავით ფხაკაძე (გუგა ხანთაძე 61), 2. ბადრი ალხაზაშვილი (ბექა კაკაბაძე 67), 3. ზაურ ხარებავა (გიორგი თორაძე 61), 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე (ბექა გორგაძე 7), 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი (დავით პაპავაძე 53).

სათადარიგოები: გიორგი ხვისტანი, დავით ლობჟანიძე, ლევან გიკაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

3 ლელო: კიკვაძე, მღებრიშვილი, გორგაძე

3 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

1 სინბინი: კიკვაძე

 

უელსი - შოტლანდია 17:18

საფრანგეთი - იტალია 32:0

ინგლისი - პორტუგალია 82:8

 

26 მარტი. ნახევარფინალები

I-IV ადგილებისთვის

ინგლისი - შოტლანდია

ირლანდია - საფრანგეთი

V-VIII ადგილებისთვის

პორტუგალია - უელსი

საქართველო - იტალია

ფინალები 30 მარტს გაიმართება

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084611