ამბები

13:25 | 30.12.2014 | ნანახია 3408 - ჯერ

ჟვანიამ ჩემპიონს “პრემიალური” გაუტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია წელს მართლაც განსაკუთრებულ სეზონს ატარებს. გასული ტურის შემდეგ ის თოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, XIV ტურში კი, ქვეყნისა და “ჰაინეკენის თასის” გამარჯვებულ “ტულონს” მესამე ლელო გაუტანა და პარიზელებს პრემიალური ქულით მოაგებინა.

მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართა და მასში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” დაუხვდა. სასიხარულოა, რომ ასეთ წონად მატჩში ხუთივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 4 სასტარტო შემადგენლობაში იყო.

სტუმართა შორის შერკინების შემკვრელად სრულად ითამაშა გორგოძემ, ბურჯი ჩილაჩავა 51-ე, ხოლო მეორეხაზელი მიქაუტაძე 61-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს ჟვანია, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბურჯის პოზიციაზე მოხვდა, 78-ეზე კი, კვაჭად დაბრუნდა და ერთ წუთში ლელო გაიტანა, რომელმაც პარიზელებს პრემიალური ქულა ააღებინა და წინასაახალწლოდ “ტულონის” ზევით, პირველ საფეხურზე აღმოჩნდა.

მატჩის დებიუტი სტუმრებმა პირწმინდად ჩააგდეს. “სტად ფრანსე” მატჩის საუკეთესო მოთამაშე სერხიო პარისეს ლელოთი დაწინაურდა, რასაც ჟულიენ პლისონის ზუსტი გარდასახვა და 3 ჯარიმა მოჰყვა - 16:0 30-ე წუთისთვის. შესვენებამდე “ტულონმა” არეკნით და გარდასახვით სხვაობა შეამცირა, მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან კი, დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ არეკნი ჰორიზანტალურმა ძელმა აისხლიტა, ჯარიმა კარში არ გავიდა, უქულო თამაში 75-ე წუთამდე გაგრძელდა, სტუმრებსაც გამარჯვების იმედი გადაეწურათ.

ამით “სტად ფრანსემ” ისარგებლა და 76-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა, ხოლო 79-ეზე საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო. ჟვანიამ ჯერ ცენტრის სიახლოვეს ითამაშა და თანაგუნდელს მარცხნივ უპასა, მერე შეტევას კარგად მიჰყვა და საპასუხო პასი რომ მიიღო, დიდი სიჩქარით ჩათვლის მოედანში შეიჭრა. 23 წლის მორაგბესთვის, რომელიც “სტად ფრანსეს” ესპუარებში 2011 წელს გადავიდა, შარშან და შარშანწინ გუნდს გაუშინარდა, მიმდინარე სეზონში კი, გუნდის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ იქცა, თოპ 14-ის 2014/2015 წლების სეზონის 8 მატჩში მეორე ლელო გაიტანა. ამ მოგების შემდეგ “სტად ფრანსე” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მწვერვალზე მოექცა, ხოლო “ტულონს” 42 ქულა დარჩა და მეორე პოზიციაზეა.

მოულოდნელი მარცხი განიცადა ჩემპიონატის კიდევ ერთმა ლიდერმა - დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”. ვულკანები “ლიონს” ეწვივნენ, ტაიმი 10:3 მოიგეს და 48-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ სალელოვე შეტევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზირაქაშვილმა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 28-ე წუთზე ხელდახელ შეტევისას კარგი ბეკივით ითამაშა, თანაგუნდელს მარჯვნივ უპასა და ერთი გადაცემის შემდეგ ლელო გავიდა. დასკვნით 25 წუთში “კლერმონი” მოიშალა, “ლიონმა” 2 ჯარიმა გაიტანა, რამდენიმე სალელოვე შანსი გაანიავა, მაგრამ სტუმრებმა “ძალიან მოინდომეს” და ბოლო წუთზე ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საფინალო სასტვენიც გაისმა - 16:13 “ლიონის” სასარგებლოდ. ქართველმა ბურჯმა 67 წუთი ითამაშა, მისი გუნდი ბონუსს დასჯერდა და ჯამში 41 ქულით მესამე ადგილზეა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 15:9 დაამარცხა. დაძაბული მატჩის ბედი დამრტყმელებმა გადაწყვიტეს. ტაიმი 12:9 დასრულდა, 45-ე წუთის შემდეგ კი, ანგარიში აღარ შეცვლილა. კაკოვინმა შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითამაშა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო. მიუხედავად მარცხისა, “რასინგ მეტრომ” 37 ქულით მე-4 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო “ტულუზი” 33 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივს” წინასაახალწლოდ ლელოების ფეირვერკი მოუწყო და 46:10 გაანადგურა. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შველიძემ შეცვალა, ფეიქრიშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი 24-ედან 32-ე წუთამდე შეცვალა, ხოლო შესვენების შემდეგ თამაშში სრულფასოვნად ჩაერთო. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. “ბრივი” მე-7 წუთზე 10:3 დაწინაურდა და ტაიმი მხოლოდ 10:13 დათმო, მაგრამ მერე 5 ლელო გაუშვა (ჯამში 7). “ბორდომ” პრემიალური ქულაც აიღო და ჯამში 35 ქულით მე-5 ადგილზეა, “ბრივი” 27 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

წინა ტურში მარცხიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ ახლა კვლავ დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელსაც აუტსაიდერმა “კასტრმა” 27:9 აჯობა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი 31 ქულით მე-8 ადგილზეა, მაგრამ სიტუაცია თუ დროულად გამოსწორდა, საპლეიოფო ზონაში მოხვედრის შანსი აუცილებლად ექნება.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” “გრენობლს” უმასპინძლა, მომხვდური 19:15 დაამარცხა, მაგრამ ბოლოსწინა მე-13 ადგილს თავი ვერ დააღწია. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დაძაბულ შეხვედრაში მოედანზე 73 წუთი გაატარა. მისი შეცვლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ლა როშელს” 25 ქულა აქვს.

“ოიონაქსთან” 9:12 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა გიორგი ჟღენტის “ბაიონი”. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, ხოლო მისი გუნდი 28 ქულით მე-10 ადგილზეა. საფრანგეთში ახალ წელს არად დაგიდევენ და თოპ 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 2, 3 და 4 იანვარს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118013