საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო სერიების შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩში იაპონიასთან 7:26 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.
მიუხედავად ამისა, ეს ორიდან ერთ-ერთი ის მესამე ადგილი იყო, რომელიც მეოთხედფინალში გასვლის საშუალებას იძლეოდა. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრები საუკეთესო მესამეადგილოსანი აღმოჩნდა და მეოთხედფინალში საერთო ცხრილი მეორე ადგილზე გასულ პირველადგილოსანთან მოუწევს დასკვნითი შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა. პირველადგილოსნებში საუკეთესო რუსეთი გახდა, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში იაპონიამ (გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობა +69) ტონგას (+66) 3 ქულით აჯობა და ხვალ თბილისის დროით გამთენიისას, 06:03 საათზე კვლავ იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.
განვლილი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბახვა კობახიძე, ირაკლი მაჩხანელი, შავლეგ მახარაშვილი, ლაშა ხმალაძე, ვიტო კოლელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, გიორგი ჯიმშელაძე. შესვენების დასრულებიდან ძალიან მალე, შეცვლაზე ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე და თედო ზიბზიბაძე შევიდნენ, ხოლო მოგვიანებით თამაშში ლევან გოგოლაშვილი და ირაკლი ღვინჯილიაც ჩაერთვნენ.
თამაში ტრადიციულად კარგად დავიწყეთ, ლამაზ კომბინაციაში პრაქტიკულად მთელმა გუდნმა მიიღო მონაწილეობა, კოლელიშვილი ფლანგზე ორ მცველს ერთდროულად დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მახარაშვილმა გარდასახვით 7:0 დაგვაწინაურა. ამას კიდევ ერთი კარგი შეტევა მოყვა, ჩვენი 22-იდან მეტოქის ჩათვლის მოედნამდე სულ ბურთაობით და ფინტებით მივედით, მაგრამ მახარაშვილს ლელომდე ორიოდე მეტრი დააკლდა და ქართველთა თამაშიც აქ დასრულდა.
მე-5 წუთზე იაპონელი კოლელიშვილს ფლანგზე გაექცა და დიდი სიჩქარე აკრიფა, ის ხმალაძემ დიდი თავგანწირვის ხარჯზე შეაჩერა, მაგრამ მეტოქის იერიში გაგრძელდა და პირველი საპასუხო ლელო ძელებსშუა გავიდა. პირველი ნახევრის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ბურთი ჩვენსავე ნახევარზე დავკარგეთ, მერე დავჯარიმდით, იაპონელებმა იერიში მარცხენა ფლანგზე გაშალეს და კოლელიშვილმა მოიერიშე გვერდით ხაზს იქით კი გადაათრია, მაგრამ მან ბურთის დამიწება მოასწრო. ურთულესი არეკნი ძელებსშუა გაძვრა - 7:14.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ხშირად რომ ვჯარიმდებოდით, მსაჯმა ზიბზიბაძე გაასინბინა და აზიელებმა მეტობი ისარგებლეს, ხოლო მერე კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს და გამარჯვებით გაიხარეს - 26:7. იმედია, კახა ალანიას შეგირდები ხვალინდელ თამაშს უფრო მობილიზებული შეხვდებიან და გამარჯვებით რევანშთან ერთად ლონდონის საგზურის მოპოვებასაც იზეიმებენ.
E ჯგუფი
ურუგვაი - ტაივანი 24:12
ტონგა - ტუნისი 14:12
ურუგვაი - ტუნისი 5:12
ტონგა - ტაივანი 38:0
ტუნისი - ტაივანი 24:26
ტონგა - ურუგვაი 26:0
- ტონგა 3 3 0 0 78-12 9
- ტუნისი 3 1 0 2 48-45 5
- ურუგვაი 3 1 0 2 29-50 5
- ტაივანი 3 1 0 2 38-86 5
F ჯგუფი
საქართველო - იამაიკა 27:17
იაპონია - ბრაზილია 17:10
საქართველო - ბრაზილია 19:19
იაპონია - იამაიკა 43:0
ბრაზილია - იამაიკა 31:5
იაპონია - საქართველო 26:7
- იაპონია 3 3 0 0 86-17 9
- ბრაზილია 3 1 1 1 60-41 6
- საქართველო 3 1 1 1 53-62 6
- იამაიკა 3 0 0 3 22-101 3
G ჯგუფი
ზიმბაბვე - მექსიკა 27:0
რუსეთი - კუკი 43:5
ზიმბაბვე - კუკი 29:0
რუსეთი - მექსიკა 31:5
კუკი - მექსიკა 34:10
რუსეთი - ზიმბაბვე 21:12
- რუსეთი 3 3 0 0 95-22 9
- ზიმბაბვე 3 2 0 1 68-21 7
- კუკი 3 1 0 2 39-82 5
- მექსიკა 3 0 0 3 15-92 3
მეოთხედფინალები. 24 მარტი
რუსეთი - ურუგვაი
ზიმბაბვე - ბრაზილია
ტონგა - ტუნისი
იაპონია - საქართველო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია