ამბები

21:27 | 23.03.2013 | ნანახია 1471 - ჯერ

,,აიამ“ მძიმე პირობებში გაიმარჯვა

 

მეტოქენი განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ქუთაისში გამართულ შეხვედრას. რიონისპირელებს მესამე ადგილი პრაქტიკულად დაბევებული ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში, ამას თეორიულადაც ინაღდებდნენ, რაც მათ პლეი-ოფის მატჩებში მასპინძლის სტატუს აძლევთ.

რაც შეეხებათ რუსთაველებს, გამარჯვება მათაც სჭირდებოდათ, რათა ,,აკადემიასთან“ ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაეზარდათ და პირველლიგელთან გადათამაშების უსიამოვნო პერსპექტივა აეცილებინათ.

 თამაშის დღეს ქუთაისში გადაუღებლად წვიმდა. დამძიმებულ მოედანზე რაგბისტებს სწრაფი გადაადგილება უჭირდათ. უკანახაზელებს კომბინაციური თამაში ხომ საერთოდ არ გამოსდიოდათ, ამიტომ აქცენტი თავდამსხმელთა ძალისმიერ ბრძოლაზე ჰქონდათ გადატანილი. ატალახებულ მინდორზე თავი არც ერთ მორაგბეს  დაუზოგავს, მათ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს და ,,დინამოს“ სტადიონზე მოსულ მაყურებელს უშეღავათო ბრძოლა შესთავაზეს.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხზე ამდგარმა მაყურებელმა პატივი მიაგო ლეგენდარული ქართველი რაგბისტის, ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დომინირებდნენ და 3 ლელოც მიითვალეს, თუმცა ამისთვის გვარიანი გარჯა დასჭირდათ. საწყის  წუთებში, რიონისპირელები პრაქტიკულად მეტოქის 22 მეტრიან ზონაში ,,დასახლდნენ“, მაგრამ რუსთაველები თავს მედგრად იცავდნენ და მეტოქეს საკუთარი ლელოს დალაშქვრის ნებას არ აძლევდნენ. მასპინძელთა მიძალებამ   შედეგი ტაიმის მეორე ნახევრიდან გამოიღო.

რუსთაველები საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. ქუთათურთა მოთამაშე - მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ბურთი თხელიძეს გადააწოდა.სტუმრები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, დაცვაში გადაწყობა დაუგვიანდათ და ,,ტონგამ“ მეტოქის ჩათვლის მოედანში, პრაქტიკულად უპრობლემოდ შეაღწია. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან, სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დაწინაურდნენ - 7:0.

ამის შემდეგ, რიონისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 30-ე წუთზე, მასპინძლებმა აუტიდან მოწოდებული ბურთი მოიგეს და მოლით მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ დაიძრნენ. რუსთაველებმა ქუთათურთა მიძალებას ვეღარ გაუძლეს და შალამბერიძემ ბურთი კარის ძელთან ახლოს დაამიწა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვის გამოყენება სინაურიძეს არ გასჭირვებია - 14:0.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე, რიონისპირელებმა ერთი შედეგიანი იერიში კიდევ განახორციელეს, რომელიც წინამორბედის იდენტური გახლდათ, ოღონდ სალელოვე შეტევა ყურაშვილმა დაასრულა. ამჯერად, სინაურიძეს რეალიზაცია გაუცუდდა - 19:0.

შეხვედრის მეორე ნახევარი სრულიად განხსვავებული სცენარით წარიმართა. იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, სტუმრებმა მთელი ძალით შეუტიეს და პირველივე წუთებზე შედეგსაც მიაღწიეს. რიონისპირელები საკუთარი ლელოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. რუსთაველებმა კარში დარტყმას გათამაშება ამჯობინეს და მძლავრი ბიძგით მეტოქე ჩათვლის მოედანზე შეათრიეს, ბურთი კი შერკინების შემკვრელმა ქვლივიძემ დაამიწა. გარდასახვის შესრულება შეცვლაზე შესულმა წიკლაურმა ითავა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელა - 19:5.

ამის შემდეგ, რუსთაველთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შეხვედრის ბოლომდე მათ  რამდენიმე ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმის საშუალებაც მიეცათ, თუმცა ყოველთვის ბურთის კიდეზე გადატანას და იქედან ლელოს დალაშქვრას ცდილობდნენ, მაგრამ ქუთათურებმა თავი მედგრად დაიცვეს და მძიმე ბრძოლაში, მომგებიანი ანგარიში შეინარჩუნეს.

მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი სთხოვა:

ზაზა ხუციშვილი (,,ხარები’’) - ,,გადაუღებელმა წვიმამ მინდორი გააფუჭა და ამან შეხვედრის ხარისხზეც იმოქმედა. ჩემი ბიჭების კმაყოფილი ვარ. მათ ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ ძლიერმა გაიმარჯვა. ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას“.

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ამ მატჩს ჩვენთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თანაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, 7 მოთამაშე გვაკლდა და განაცხადში სულ 18 რაგბისტი შევიყვანეთ. ეს თამაში გვინდოდა პლეი-ოფის სარეპეტიციოდ გამოგვეყენებინა და სხვადასხვა კომბინაციები დაგვემუშავებინა, თუმცა დღევანდელმა ამინდმა ამის საშუალება არ მოგვცა. ისე, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი.  XVI რაუნდი.
2
3. მარტი. შაბათი.
ქუთაისი. ,,დინამო“. 15:00 საათი. 200 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,ხარები“ (რუსთავი)  19:5 (19:0)

,,აია“: 15. ს. კვერნაძე, 14. გოშაძე, 13. კუხიანიძე, 12. თუთბერიძე, 11. შაშიაშვილი, 10. სინაურიძე, 9. ხამაშურიძე, 1. ლომიძე (რატიაშვილი), 2. მატკავა (ლომთაძე), 3. ულუმბელაშვილი, 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. ყურაშვილი, 8. თხელიძე;

3 ლელო: თხელიძე,შალამბერიძე, ყურაშვილი;
2 გარდასახვა: სინაურიძე (2);
სინბინი: ყურაშვილი, კუხიანიძე;
მწვრთნელი : კობა გიორგაძე

,,ხარები“: 15. მჭედლიშვილი (წიკლაური), 14. მელიქიშვილი, 13. ღამბაშიძე, 12. ნათელაშვილი, 11. ბებიაშვილი, 10. ჭაავა (ბასილაია), 9. ვ. ხუციშვილი, 1. მაჭარაშვილი  (ტყეშელაშვილი), 2. აღაშვილი, 3. ხაბაშვილი, 4. ხარძიანი (ხელაია), 5. ბალიაშვილი, 6. ღამბარაშვილი, 7. გოგიაშვილი,  8. ქვლივიძე;

ლელო: ქვლივიძე

მწვრთნელი: ზაზა ხუციშვილი 

მთ. მსაჯი:  ნოდარ რობიტაშვილი

თ/მ:  სულხან ჩიხლაძე, ილია მჟავანაძე 

 

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.171016