ამბები

11:28 | 24.03.2013 | ნანახია 1111 - ჯერ

7-კაცა ლონდონში მიდის!

 საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დღეს გამთენიისას იაპონიის ნაკრები 17:0 რომ დაამარცხა, ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო სერიების მომავალი გათამაშების შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო ოთხეულში გააღწია და შესაბამისად, ამა წლის მაისში ლონდონში, დასკვნით შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.

იაპონელებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 26:7 რომ მოგვიგეს და თავად პირველადგილოსნებს შორის მეორე, ჩვენ კი, მესამეადგილოსნებში საუკეთესო შედეგი გვქონდა, მეოთხედფინალში და გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად მეტოქედ კვლავ აზიელები გვერგო. ალბათ, საერთო ცხრილის შედეგებით იაპონელები კმაყოფილები იყვნენ და ამჯერადაც იოლად ვარაუდობდნენ “ბორჯღალოსნების” დამარცხებას, მაგრამ ქართველებმა ძალები მოიკრიბეს და მეტოქეზე რამდენიმე საათით ადრე განცდილი წყენისათვის, ღირსეული რევანში აიღეს.

ბოლოსკენ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურმა საიტმა რომ აურია და მხოლოდ საქართველო-იაპონიის მეოთხედფინალური მატჩის სტატისტიკა გამორჩა, სასტარტო შემადგენლობაზე და ლელოს ავტორებზე ვერაფერს გეტყვით. IRB-ს საიტს მხარი სტრიმებმაც აუბეს, რომლებიც მანამდე ბრწყინვალედ მუშაობდნენ და ამ თამაშის ხილვა ვერ მოვახერხეთ (6-ის ნახევარზე ადგომა არ დაგვზარებია!). ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კახა ალანიას შეგირდებმა, პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს, გარდასახვები ვერ გამოიყენეს და 10:0 დაწინაურდნენ. სავარაუდოდ, მეორე ტაიმში დაცვაში გვიწევდა გარჯა, მეტოქის იერიშების მოგერიების შემდეგ კი, ბოლოსკენ მეტოქე კონტრშეტევაზე გამოვიჭირეთ, ლელოს გარდასახვა მოჰყვა და 17:0-მა აზიელთა იმედებს დიდი წერტილი დაუსვა.

მთავარი მიზანი რომ მიღწეული იყო, ტონგასთან გამართულ ნახევარფინალს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ შესარჩევი ეტაპის მოგება და თასის აღება პრესტიჟის საქმე იყო და მეორე, ლონდონში გასამართი Marriott London Sevens-ისთვის, ჰონკონგში დაკავებული მაღალი ადგილი უკეთეს ჯგუფში მოხვედრის შანსს მოგვცემდა. საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ზურაბ ძნელაძე, ირაკლი ღვინჯილია, ლაშა ხმალაძე, ლევან გოგოლაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, გიორგი ჯიმშელაძე.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კუნძულელთა შეტევა უსაშველოდ რომ გაიწელა, ძირითად დროს უკვე 1,5 წუთი იყო გადაცებული, ლელო რომ მივიღეთ და გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშში ბახვა კობახიძე, ირაკლი მაჩხანელი, გიორგი ფრუიძე და თედო ზიბზიბაძე ჩაერთვნენ, მაგრამ ამან სიტუაცია არ შეცვალა და 2 წუთში ორი ლელო მივიღეთ, რომელთაგან ერთის გარდასახვა ზუსტი იყო. მალე მოედანზე შავლეგ მახარაშვილიც გამოჩნდა და ჰონკონგის 7-კაცას, დასკვნით მატჩში, ამ ულამაზეს, 40 ათასიან სტადიონზე გასვლის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა. თამაშის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა ზურაბ ძნელაძემ საპასუხო ლელო რომ გაიტანა და მახარაშვილმაც გარდასახვა გამოიყენა, რითაც საბოლოო ანგარიში, 7:19 დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, მთავარი მიზანი მიღწეულია და ახლა, ნაკრების ხელმძღვანელობას დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რადგან ლონდონში მეტოქეები ბევრად უფრო ძლიერები იქნებიან და სამეულში მოხვედრაც უფრო გაჭირდება. შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილისთვის მატჩი არ იმართება, ფინალში კი, ტონგა ზიმბაბვეს ეთამაშება, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთი 19:5 დაამარცხა.

 

E ჯგუფი

ურუგვაი - ტაივანი 24:12

ტონგა - ტუნისი 14:12

ურუგვაი - ტუნისი 5:12

ტონგა - ტაივანი 38:0

ტუნისი - ტაივანი 24:26

ტონგა - ურუგვაი 26:0

 

1 ტონგა 3 3 0 0 78-12 9
2 ტუნისი
3 1 0 2 48-45 5
3 ურუგვაი 3 1 0 2 29-50 5
4 ტაივანი
3 1 0 2 38-86 5

 

 F ჯგუფი

საქართველო - იამაიკა 27:17

იაპონია - ბრაზილია 17:10

საქართველო - ბრაზილია 19:19

იაპონია - იამაიკა 43:0

ბრაზილია - იამაიკა 31:5

იაპონია - საქართველო 26:7

 

1 იაპონია 3 3 0 0 86-17 9
2 ბრაზილია
3 1 1 1 60-41
6
3 საქართველო
3 1 1 1 53-62
6
4 იამაიკა 3 0 0 3 22-101 3

 

G ჯგუფი

ზიმბაბვე - მექსიკა 27:0

რუსეთი - კუკი 43:5

ზიმბაბვე - კუკი 29:0

რუსეთი - მექსიკა 31:5

კუკი - მექსიკა 34:10

რუსეთი - ზიმბაბვე 21:12

 

1 რუსეთი
3 3 0 0 95-22
9
2 ზიმბაბვე 3 2 0 1 68-21 7
3 კუკი
3 1 0 2 39-82 5
4 მექსიკა
3 0 0 3 15-92
3

 

მეოთხედფინალები. 24 მარტი

რუსეთი - ურუგვაი 26:12

ზიმბაბვე - ბრაზილია 21:7

ტონგა - ტუნისი 12:7

იაპონია - საქართველო 0:17

ნახევარფინალები

რუსეთი - ზიმბაბვე 5:19

ტონგა - საქართველო 19:7


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096433