ქართული რაგბი და კომპანია „ნატახტარი“ მინიმუმ ოთხი წელიწადი კვლავ განუყოფელი ნაწილი იქნება და ეს მხარეებმა სოფელ ნატეხტარში ხელმოწერით დაადასტურეს.
მხარეებს შორის გაფორმებულ ახალ მემორანდუმს ხელი სოფელ ნატახტარში მოეწერა და მის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის 4-წლიან ციკლში 1 მილიონ ლარს მიიღებს. მის თანახმად „ბორჯღალოსნები“ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლისთვის დამატებით 150 000 ლარს მიიღებენ. ესაა 8-წლიანი ურთირეთ თანამშრომლობის გაგრძელება და „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა:
„უკვე რვა წელია კომპანია „ნატახტარი“ და რაგბის კავშირი ვმეგობრობთ. ჩვენი კომპანიისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობა და მეგობრობა გრძელდება. ასევე გეტყვით რამოდენიმე დეტალს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით - რაგბის კავშირში ჯამურად გადაირიცხება ერთი მილიონი ლარი, ქართული რაგბის განვითარებისთვის. დამატებითი ბონუსისი სახით კი, გადაირიცხება 150 000 ლარი ჩვენი „ბორჯღალოსნების“ პრემიალური ანაზღაურებისთვის - „რაგბი ჩვენი თამაშია“.
"ხელშეკრულება ითვალისწინებს მეგობრობის გაგრძელებას, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ციფრებში ეს გამოიხატება ერთი მილიონი ლარით და 4-წლიანი პროგრამით. ბუნებრივია, ეს თანხა მთლიანად რაგბის განვითარებას მოხმარდება. ნაკრებისთვის „ნატახტარმა“ დამატებით გამოყო პრემიალური ფონდი 150 000 ლარის ოდენობით და ის სრულად მოხმარდება ნაკრების მოთამაშეთა წახალისებას“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
„ნატახტარისა“ და ქართული რაგბის მეგობრობა 2008 წლიდან იღებს სათავეს. სრკ-ს ხელმძღვანელობამ კომპანიას სიმბოლურ საჩუქრად ეროვნული გუნდის წევრთა ხელმოწერით დამშვენებული ნაკრების კვართი და რაგბის ბურთი გადასცა. „ბორჯღალოსნებს“ და ჟურნალისტებს გააცნეს ლუდის წარმოების ტექნოლოგია და დაათვალიერებინეს ქარხანა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია