საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, გრენობლში, დაბა მუარონის სარაგბო კლუბის მოედანზე (Fraternelle Rugby Moirans), ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის (jastin bridous trofi) ელიტური დივიზიონის პირველ მატჩში, ირლანდიელ თანატოლებთან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 27:31 რომ დამარცხდა, უკვე ვიუწყებოდით.
სამწუხაროდ, ჩემპიონატიდან მხოლოდ ფინალისა და მესამე ადგილისთვის მტჩების ტრანსლირება იგეგმება და ამიტომ, ქართველთა თამაშის პერიპეტიებისა და ანგარიშის გაგება, მხოლოდ ტექსტური ლაივის მეშვეობითაა შესაძლებელი. სამაგიეროდ, ნამატჩევს, გუნდის მწვრთნელები და დელეგაციის ოფიციალური პირები, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის მეშვეობით, მომხდარზე ნათელი სურათის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევენ.
მატჩის დაწყებამდე, ორივე გუნდმა და სტადიონზე თამაშის საყურებლად შეკრებილმა ქომაგმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ლეგენდარული ქართველი მორაგბის, ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას.
ილია მაისურაძე (18-წლამდე “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ თამაშის მოგება სავსებით რეალური იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში შედარებით გაგვიჭირდა ბურთის შენარჩუნება და შეცდომების გამო, შეტევაში რამდენჯერმე დავთმეთ ბურთი. ირლანდიელები ფიზიკურად გვჯობდნენ. მიუხედავად ამისა, ბიჭებს ერთი წამით არ დაუხევიათ უკან და თავი შეაკლეს მოწინააღმდეგეს. სამწუხაროდ, დაცვაში რამოდენიმე მტკინვეული შეცდომა დავუშვით, რისთვისაც ლელოებით დავისაჯეთ კიდეც. მეორე ნახევარში გავაუმჯობესეთ თამაში და მოედანზე ვდომინირებდით. გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით მატჩის მოგებასთან და ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებასთან. მე ჩემი ბიჭებით უზომოდ ამაყი და კმაყოფილი ვარ. ახლა, სრულად გადართულები ვართ მომდევნო თამაშისთვის უკეთ მომზადებაზე. იტალია საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს, რადგან არაა გამორიცხული, იტალიელებიც აღნიშნული შეცდომების დაშვებას ელოდნენ ჩვენგან”.
აღსანიშნავია, რომ სტადიონზე მრავლად იყვნენ საფრანგეთში მაცხოვრებელი ქართველები, რომლებიც “ლელო, ლელო საქართველოს!” ძახილით ამხნევებდნენ და თავდაუზოგავად ქომაგობდნენ ჩვენს ბიჭებს.
“ძალზე გულდასაწყვეტი წაგება იყო! ნამდვილად შეგვეძლო ირლანდიის დამარცხება და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე გადაგვირჩა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ის დასანანი ლელოები, მხოლოდ დაცვაში ჩვენი შეცდომების ხარჯზე დაგვიდეს. მეორე ნახევარში ბურთის ფლობაც და მოედანზე დომინირებაც ჩვენ მხარეს იყო, ხოლო მატჩის უკანასკნელი 8 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის 5-მეტრიან ზონაში ვიყავით და შეუჩერებლივ ვუტევდით.
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით! ეს არის ქართული რაგბის უნიჭიერესი მომავალი თაობა. მიუხედავად ყველაფრისა, ძალზე ბერვია სამუშაო და გამოსასწორებელია შეცდომები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო 18-წლამდელების მწვრთნელებს, ვინაიდან ამ თამაშით გამოჩნდა და დაფასდა მათი უდიდესი და დაუღალავი შრომა.
თამაშის შემდგომ, ოფიციალურ მიღებაზე ვერავინ ფარავდა თავის აღფრთოვანებას ჩვენი 18-წლამდელების თამაშით. ყველა ერთსულოვნად აღნიშნავდა უმცროს “ბორჯღალოსანთა” თამაშის მაღალ ხარისხსა და პროგრესს. ფირა აერის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ბაკემ განაცხადა, რომ საქართველომ ასეთი ბრწყინვალე თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის სტრუქტურის შეცვლამ გაამართლა და ელიტურ დივიზიონში, რომელშიც ექვსი ერის ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენ, ერთა თასის ორი საუკეთესო ასაკობრივი ნაკრების დამატება შეცდომა არ ყოფილა! მან აგრეთვე დაამატა, რომ ეს ერთა თასის გამარჯვება იყო.
მატჩის ფრანგმა რეფერიმ, ქართველების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და ბრძანა, რომ მას დიდი ხნის განმვალობაშ არ ენახა ასეთი თავდადებული თამაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი 18-წლამდელები ერთი წამითაც არ გატყდნენ და მიღებულ ლელოებს ლელოებითვე პასუხობდნენ. მუარონის რაგბის კლუბის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ ქართული რაგბის პროგრესიდან გამომდინარე, უკვე დადგა დრო ექვსი ერის თასის 7 ერის თასად გარდასაქმნელად. ჩვენ თავი უხერხულად ვიგრძენით ვინაიდან, მიღებაზე დამსწრეთა სრული ყურადღება ჩვენი ბიჭების მიმართ იყო მიპყრობილი და მატჩში გამარჯვებულ ირლანდიელ 18-წლამდელებს, შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმოთ.
ახლა, ყველამ უნდა დავივიწყოთ და ისტორიას ჩავაბაროთ ეს მატჩი, ვინაიდან იტალისათან თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ნურავის შეექმნება მცდარი წარმოდგენა იტალიის ნაკრებზე იმით, რომ მათ საფრანგეთთან, თავიანთზე ბევრად უფრო ძლიერ მეტოქესთან დიდი ანგარიშით დათმეს შეხვედრა. იტალიელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და იოლი შეხვედრა სულაც არ გველის. იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები შეძლებენ ემოციური რეზერვის შევსებას, ძალების სრულ მობილიზებას და მთელ კონცენტრირებას მოახდენენ იტალისთან გასამართ მატჩზე”, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
“ჩვენ გვქონდა ირლანდიის ნაკრების დამარცხების კარგი შესაძლებლობა, რომელიც სამწუხაროდ, ხელიდან გავუშვით. თამაშის მსვლელობისას, ფირა აერის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ბაკემ მითხრა, რომ აღფრთოვანებულია იმით, თუ რამდენად გამოვასწორეთ თამაში ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მართლაც ერთ-ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, რომელშიც ირლანდიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს დავუპირისპირდით. სამწუხაროდ, ჩვენ დავუშვით ორიოდე დასანანი შეცდომა, რომელსაც ასეთი ძლიერი გუნდები არ გპატიობენ. შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია მაღალი დონის გუნდებთან ხშირი თამაშითა და გამოცდილების დაგროვებით. მატჩის შემდეგ, ირლანდიელთა მენეჯერმა თქვა, რომ ბოლო წამამდე არ იყო დარწმუნებული თავისი გუნდის გამარჯვებაში და რომ ქართველმა 18-წლამდელებმა, ერთ-ერთი შთამბეჭდავი მატჩი გამართეს.
ახლა, იტალიასთან გველის თამაში. აუცილებლად გავივლით და გამოვასწორებთ ირლანდიასთან დაშვებულ შეცდომებს და მოვემზადებით მომავალი მატჩისათვის. იტალიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ კარგი მომზადების შემდეგ, ჩვენ მათ ყოველგვარი შიშის გარეშე შევერკინებით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერმა დონ კასკიმ.
სატურნირო განრიგის მიხედვით, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე იტალიის ნაკრებს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, 30 მარტს, უელსისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს თამაში.
Rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია