საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიდერი შეიცვალა. ამასთან, პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა და მომავალმა ტურმა გარკვეული ინტრიგა კიდევ შეინარჩუნა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “არმიამ”, მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა (3 მორაგბე 7-კაცა ნაკრებში ჰყავდა მივლინებული), “აკადემია” დიდი ანგარიშით - 54:20 გაანადგურა და როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “ლელოსა” და “ჯიქების” მატჩი მოგვიანებით დაიწყო და ლევან მაისაშვილის შეგირდებს უცილობლად გამარჯვება ჭირდებოდათ, მაგრამ კერკეტ მეტოქესთან 10:16 რომ დამარცხდნენ, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. შედეგად, “ლელო” “არმიას” 3 ქულით ჩამორჩა, “აკადემია” ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო “ჯიქებმა” მე-4 ადგილზე აინაცვლა.
პირველ სათამაშო დღეს ქუთაისში “აიამ” წვიმასა და ლაფში რუსთავის “ხარებს” 19:5 რომ აჯობა, მე-3 პოზიცია და პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობა საბოლოოდ დაიბევა, “ხარებმა” კი, პლეი ოფში მოხვედრის შანსი თეორიულადაც დაკარგა და ამასთან, “აკადემიის” თვალსაწიერის არეში ჯერ კიდევ დარჩა, რის გამოც დასკვნით ტურებში გასავარდნი პლეი ოფისთვის თავის ასარიდებლად ბრძოლა კიდევ მოუწევს.
მეორე სათამაშო დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა თბილისურ დერბის ჰქონდა, რომელშიც “არმაზი” “ლოკომოტივს” ეთამაშებოდა. არმაზელებს პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული ჰქონდათ, ხოლო “ლოკომოტივი” ბათუმელთა სუნთქვას ჯერაც გრძნობს. შესაბამისად, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გამარჯვება უფრო მეტად ესაჭიროებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 18:16 იმარჯვა კიდეც. “არმაზმა” მხოლოდ 1 ქულა რომ აიღო, მე-4 პოზიცია “ჯიქებს” დაუთმო, ხოლო “ლოკომოტივმა” მდევართან საკმარისი ფორა შეინარჩუნა.
ამ მდევარმა - “ბათუმმა”, საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი, ბოლო ადგილისთვის განწირული “ყოჩები” 46:7 რომ გაანადგურა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა, რითაც “ლოკომოტივთან” ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა და დარჩენილ ორ ტურში პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ კალენდრის გათვალისწინებით, მე-6 ადგილი სავარაუდოდ მაინც “ლოკომოტივს” დარჩება.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XVI რაუნდი
23 მარტი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 54:20
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 19:5
თბილისი. “შევარდენი”.
ჯიქები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:10
24 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 16:18
ბათუმი. ანგისა”.
ბათუმი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 46:7
1 | არმია | 16 | 14 | 0 | 2 | 431-248 | 65 |
2 | ლელო |
16 | 13 | 0 | 3 | 448-228 | 62 |
3 | აია |
16 | 11 | 2 | 3 | 418-230 | 54 |
4 | ჯიქები |
16 | 9 | 0 | 7 | 320-253 |
44 |
5 | არმაზი | 16 | 10 | 0 | 6 | 303-275 | 43 |
6 | ლოკომოტივი |
16 | 6 | 2 | 8 | 325-323 | 34 |
7 | ბათუმი | 16 | 6 | 0 | 10 | 314-348 | 29 |
8 | ხარები |
16 | 4 | 0 | 12 | 220-358 | 21 |
9 | აკადემია |
16 | 4 | 0 | 12 | 176-450 | 18 |
10 | ყოჩები | 16 | 1 | 0 | 15 | 223-465 | 7 |
მომდევნო ტური. 30-31 მარტი
აკადემია - აია, ჯიქები - ბათუმი, ყოჩები - არმია, ხარები - ლოკომოტივი, ლელო - არმაზი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია