ამბები

17:45 | 26.03.2013 | ნანახია 1198 - ჯერ

იტალია უნდა მოვსრათ!

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს დიდი ქართული რაგბის დიდი ტვირთი ჰკიდია. ბიჭებმა უნდა დაარწმუნონ ბებერი ევროპა, რომ საქართველოში რაგბის განვითარების ტემპი რატბის მმართველი ორგანიზაციების თავკაცობის ტემპზე მაღალია და დროა, სარაგბო ევროპამ აზიის გასაყარსაც მიაპყროს სათანადო ყურადღება.

საფრანგეთში ზრდასრული თუ დამწყები ლეგიონერების ყოლა კი კარგია, მაგრამ ქართველთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს მეტი გასაქანი თუ არ მიეცათ, ჩვენს ქვეყანაში ასე რიგად აყვავებული რაგბის განვითარების ტემპები შენელდება და ეს სრულიად სარაგბი სამყაროს აზარალებს. ირლანდიასთან მეოთხედფინალში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში 27:31 წაგებულ თამაშში რომ მოვეწონეთ, ახლა ექვსი ერის წევრი იტალიის ძლევით ყველას უნდა დავანახოთ, რომ მხოლოდ ტოლ-სწორად კი არა, ზოგიერთებზე უკეთ თამაშიც შეგვიძლია და გეოგრაფიული სიშორის დაძლევა მხოლოდ მონდომების ამბავია.

შარშან 18-წლამდელებმა ამავე ეტაპზეა მსოფლიოსა და ევროპის რაგბის მმართველ ორგანიზაციებს გაკვეთილი რომ ჩაუტარეს, გულმავიწყებს ალბათ გადაავიწყდათ და ახლა უფრო მძლავრი სილა სჭირდებათ, რათა გონზე დროულად მოვიდნენ და დალუქული ბოქლომები დაამსხვრიონ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო რაგბის განვითარება და თუ მავანს სპორტის ამ სახეობისთვის მეტის გაკეთება უნდა, თვალის ახელაში ჩვენი პატარა ძმები აქვე არიან და გაკვეთილის ჩატარებას არ დაზარდებიან.
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გრენობლში, დაბა შამბერის მუნიციპალურ მოედანზე მიმდინარე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდიას თავი რომ არ გაუყადრა, დღეს, თბილისის დროით 19 საათზე იტალიის ნაკრებს, მწამს, ისე შეერკინება, ბარე ორს თავი საწყევარი გაუხდება. ამით უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” შარშან მე-6 ადგილის (იტალიის მოტოვებით) მოპოვების პერსპექტივა უნდა შეინარჩუნონ და ეგებ უელსის წამოქცევით (30 მარტს, დღეს გამარჯვების შემთხვევაში), ეს ბრმა ევროპა მართლაც თვალხილული გახდეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ძირითად შემადგენლობაში წინა მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე კორექტივი შეიტანა, რაც ასეთი დაძაბული რეჟიმის პირობებში გარდაუვალია. შუამარბად დევი დევსურაშვილის ნაცვლად თამაშს თემურ ირემაძე დაიწყებს, ხოლო ფლანგზე დავით გულითაშვილი ბადრი ლიპარტიას შეცვლის. პირველ ხაზში ბექა კაკაბაძე დავით ფხაკაძის ადგილს დაიკავებს და შერკინების შემკვრელად ჟორა მღებრიშვილის ნაცვლად დავით პაპავაძე დადგება.

კიდევ ერთხელ ვთქვათ: V-VIII ადგილების ნახევარფინალის ხილვის საშუალება, წესით, ამ სტრიმზე - http://www.dailymotion.com/FIRA-AER#video=xyf4ik - უნდა იყოს და აფხაზეთის ხმამ ტელევიზიითაც უნდა გადმოსცეს, მაგრამ ამაზე თავს რომ ვერ დავდებთ, ტექსტური თუ სხვა საშუალებებით გაგებულ ანგარიშის ტაიმის შემდეგ და ნამატჩევს უთუოდ მოგაწვდით.

 

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14 იოსებ კიკვაძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით გულითაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი  დანგაძე, 8. დავით პაპავაძე.

სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. გიორგი თორაძე, 18. გუგა ხანთაძე, 19. ბექა გორგაძე, 20. თეიმურაზ თუთბერიძე, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. დევი დევსურაშვილი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ჟორა მღებრიშვილი, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.

მწვრთნელი: ილია მაისურაძე

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის

საფრანგეთი. გრენობლი. 22 მარტი. 1/4-ფინალი

ირლანდია - საქართველო 31:27 (14:13)

უელსი - შოტლანდია 17:18

საფრანგეთი - იტალია 32:0

ინგლისი - პორტუგალია 82:8

 

26 მარტი. ნახევარფინალები

I-IV ადგილებისთვის

ინგლისი - შოტლანდია

ირლანდია - საფრანგეთი

V-VIII ადგილებისთვის

პორტუგალია - უელსი

საქართველო - იტალია

ფინალები 30 მარტს გაიმართება


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119827