საფრანგეთის მორაგბეთა მესამე დონის, ნახევარდპროფესიულ “ფედერალ 1”-ში, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ “ბანიერსა” და “სენ-ჟუნიანს” Pრო D2-ში გადასასვლელი პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ დარჩათ, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი სწორედ იქ გაიმართა. მერაბ კვირიკაშვილისა და ლაშა მალაღურაძის ერთგვარი დუელი, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
I ჯგუფში ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონი”, ქართველი ლეგიონერების გარეშე ლიდერ “ლილს” დაუხვდა და არაფრისმომცემ მატჩში 20:39 დამარცხდა. არაფრისმომცემი ეს თამაში იმიტომ იყო, რომ “მაკონს” 48 ქულით მესამე ადგილი დაბევებული აქვს, ვერც წინ წაიწევს და არც დაქვეითების საშიშროება ემუქრება და Pრო D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებს.
40 ქულით მე-4 ადგილზეა და თუ დასკვნით ტურში “მაკონს” საკუთარ მოედანზე დაამარცხებს, პლეი ოფში გავა გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი”. განვლილ მატჩში ეს გუნდი უშუალო კონკურენტ “ბობინს” ეწვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მაოიპოვა - 23:22. ქართველ ლეგიონერებს არც ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა, მათმა გუნდმა კი გადამწყვეტი ლელო ბოლო წუთზე გაიტანა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა.
მნიშვნელოვანი ჯახი შედგა გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონსა” და დევი დათუნაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონს” შორის. ორივე გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძოდა და მთელი საათის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მასპინძლებმა იმძლავრეს - 31:18. ჯაშიტაშვილი შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. სტუმართა რიგებში გარემარბად სრულად ითამაშა გიგაურმა, პირველხაზელი ყუფარაძე 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დათუნაშვილი განაცხადში არ იყო. ახლა “შალონს” 38 ქულა აქვს, მე-5 ადგილზე და დასკვნით ტურში “სენტ-ეტიენის” მარცხის იმედად უნდა იყოს. “მონლიუსონი” 34 ქულით მე-7 საფეხურზეა და პლეი ოფში ვეღარ მოხვდება.
ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” ერთ-ერთ ლიდერ “ბრესანთან” საკუთარ მოედანზე 9:17 დამარცხდა და 32 ქულით მე-8 ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა. ზედიზედ მე-17-ედ დამარცხდა გიორგი სულუაშვილის “სტრასბური”, რომელიც 2 ქულით ბოლო ადგილზე რჩება. ამჯერად ის “დიჟონმა” 40:17 დაიბრიყვა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.
II ჯგუფში ირაკლი ნინიძის “რომანი” თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნას” დაუხვდა და 18:19 დამარცხდა. ნინიძე თამაშში 33-ე წუთზე ჩაერთო და 46-ეზე შესაცვლელი შეიქმნა. გელანტიამ მოედანზე დასკვნითი 20 წუთი გაატარა, ხოლო ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყო. სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მე-60 წუთზე 16:6 იგებდნენ. დასკვნით 10 წუთში მათ პრობლემები შეექმნათ, ლელო-გარდასახვას 79-ე წუთზე ჯარიმით რომ უპასუხეს, დამატებულ დროზე კიდევ ლელო გაუშვეს, მაგრამ მათდა საბედნიეროდ გარდასახვა არაზუსტი იყო და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ამ მარცხისთ “რომანს” არაფერი დაკლებია, 47 ქულით მე-3 ადგილზე რჩება და პლეი ოფშიც ითამაშებს. სამაგიეროდ, “ობნა” 39 ქულით მე-5 ადგილზე რომაა, “ლა სენს” სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება და დასკვნით ტურში მცირედი იმედი კიდევ რჩება. დავით კაჭარავას “როდეზი” ერთ-ერთ ლიდერ “ვალანსთან” 12:40 დამარცხდა და 33 ქულით მე-8 ადგილზეა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა შეუცვლელად ითამაშა. 26 ქულით ბოლო ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელიც “ბლანიაკთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა - 16:19. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 13:13 იყო, “შატორენარი” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში ჯერ ჯარიმა, ხოლო მერე არეკნი გაუშვა და მარცხი განიცადა.
III ჯგუფიდან პლეი ოფში ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი” და თედო ზიბზიბაძის “პერიგო” ითამაშებენ. განვლილ ტურში “პერიგო” “სენ-ჟან-დე-ლიუზს” დაუხვდა და 21:16 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერი 7-კაცა ნაკრებთან ერთად ჰონკონგში თამაშობდა, “პერიგო” კი, 58 ქულით მესამეა. “სენ-ნაზერმა” “ვანს” სტუმრად 22:18 აჯობა და 61 ქულით მეორე ადგილზეა. გუჯარაიძემ პირველი ტაიმი ითამაშა.
მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” “სენ-ჟან-დანჟელს” დაუხვდა და 18:21 დამარცხდა. ქართველი მეორეხაზელი სრულად გაისარჯა და მისი გუნდი 18:16 იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო გაუშვა და ახლა 28 ქულით მე-7 ადგილზეა. ლიდერ “ტიროსთან” დამარცხდა ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი”, რომელიც 20 ქულით ბოლო ადგილზეა. მატჩში, რომელიც 10:25 დასრულდა, მონაწილეობა მხოლოდ ჩომახაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა.
IV ჯგუფში დიდი ქართული დერბი გაიმართა. მერაბ კვირიკაშვილმა “სენ-ჟუნიანს” 13 ქულა შესძინა, ლაშა მალაღურაძემ “ბანიერს” 14 და მისმა გუნდმა 19:13 იმარჯვა. ანგარიში 21-ე წუთზე კვირიკაშვილმა ლელოთი გახსნა და გარდასახვაც გამოიყენა, მალაღურაძემ ორი ჯარიმით 25-ე და 30-ე წუთებზე უპასუხა, მაგრამ ზედ შესვენების წინ “მეკომ” არეკნით “სენ-ჟუნიანის” უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა - 10:6. 55-ე და 63-ე წუთებზე, ქართველმა დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და რადგან მალაღურაძის გარდასახვაც ზუსტი იყო, სტუმრები 16:13 დაწინაურდნენ. ლაშამ ბოლოში ერთი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მერაბ კვირიკაშვილმა “სენ-ჟუნიანის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი მჭედლიშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად გაისარჯა მალაღურაძე, ხოლო სიმონ მაისურაძემ პირველიდან 58-ე წუთამდე იბურთავა. “ბანიერი” 31 ქულით მე-8 საფეხურზეა, ხოლო “სენ-ჟუნიანი” 23 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს. “ფედერალ 1”-ის დასკვნითი ტური 7 აპრილსაა დანიშნული და “სენ-ჟუნიანს” “სენ-მედარის” დამარცხებით ცხრილის ფსკერისთვის თავის დაღწევის საშუალება ექნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია