საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის V ადგილისთვის დასკვნით მატჩში, უელსთან 0:50 დამარცხდა და შარშანდელივით VI ადგილს დასჯერდა.
მეოთხედფინალში ირლანდიასთან გამართული თავდადებული ბრძოლის (27:31) და მერე იტალიის დამარცხებიის (17:12) ფონზე, არავინ ელოდა, რომ დასკვნით მატჩში ასეთი კატასტროფული შედეგი დაფიქსირდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაღლილობამ, უწინარესად ფსიქოლოგიურმა, თავისი გაიტანა. უნდა ვივარაუდოთ, რომ პროგრამა მინიმუმის შესრულების შემდეგ, ბიჭებს დასკვნით მატჩში სათანადო განწყობის შექმნა გაუჭირდათ და ამასთან, ყოველ მეოთხე დღეს თამაშმაც ახალგაზრდა “ბორჯღალოსნების” ფიზიკურ მომზადებას თავისი კვალი დაამჩნია.
მართალია, უელსსაც ანალოგიური გრაფიკით უწევდა თამაში, მაგრამ აქ სიტუაცია სხვაგვარადაა. კამათიც არ ღირს იმაზე, რომ უელსელების და ზოგადად, ექვსი ერის წარმომადგენელი გუნდების მზადების დონე ჩვენსაზე ჯერჯერობით გაცილებით მაღალია. ამასთან, მეოთხედფინალში უელსელები შოტლანდიასთან შემთხვევით დამარცხდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი 17:3 რომ დაწინაურდნენ, ალბათ საქმე მოთავებულად მიიჩნიეს, შედეგის მიღწევა მინიმალური ძალისხმევის ხარჯზე გადაწყვიტეს და შედეგად, ბოლო წუთებზე 17:18 დამარცხდნენ.
ჩვენგან განსხვავებით, ოთხი დღის წინ, როდესაც იტალიელებს ბოლო წუთამდე ვეომეთ, უელსელებმა პორტუგალიასთან გაისეირნეს და 45:0 იმარჯვეს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, პროგრამა მაქსიმუმს თასის ნახევარფინალში გასვლა, ანუ ირლანდიის ძლევა წარმოადგენდა. აქამდე რომ ცოტა დაგვაკლდა, ბიჭებმა დარჩენილი ენერგია პროგრამა მინიმუმს, იტალიის ძლევას შეალიეს და დასკვნით მატჩს გადაღლილები შეხვდნენ. ამის ფონზე, ტაიმის 0:15 წაგება კიდევ კარგი შედეგია და როდესაც მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ორი ლელო მივიღეთ, პრაქტიკულად ბრძოლაც დასრულდა.
ამასთან, უნდა ვიყოთ ობიექტურები და, უელსი დღესდღეობით ჩვენზე ძლიერია, რაც ჩვენთან და პორტუგალიასთან მატჩის შედეგებშიც აისახა. რაც მთავარია, ქართველი 18-წლამდელები აგერ უკვე ზედიზედ მეორე წელია, სამ თამაშს მართავენ ექვსი ერის წარმომადგენლებთან, რაც მათი პროფესიული ზრდისთვის და შემდგომი წარმატებებისთვის უდიდესი გამოცდილების მომტანია. ეს ყველაფერი ნახევარფინალში იტალიის დამარცხების ხარჯზე ხდება და ვფიქრობ, ამ მართლაც ლამაზად მობურთალმა ბიჭებმა, სამშობლოში დაბრუნებისას აეროპორტში დახვედრა და ტაში, უელსთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, მაინც დაიმსახურეს.
VII ადგილისთვის პორტუგალია იტალიას კი ეჭიდავა, მაგრამ 7:13 დამარცხდა. მოგვიანებით შოტლანდია და ირლანდია მე-3 ადგილს გაითამაშებენ, ხოლო უფრო გვიან, ფინალში მასპინძელი საფრანგეთი შარშანდელ გამარჯვებულ ინგლისს მთავარ ჯილდოს შეეცილება.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე მორაგბეთა შორის
30 მარტი. V ადგილისთვის
უელსი - საქართველო 50:0 (15:0)
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. იოსებ კიკვაძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით გულითაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. გიორგი თორაძე, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზიშვილი, 18. გუგა ხანთაძე, 19. ბექა გორგაძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. დევი დევსურაშვილი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ბადრი დანგაძე, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია