საფრანგეთის მორაგბეთა ელიტურ დივიზიონ თოპ 14-ში რეგულარული პირველობის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, პრაქტიკულად გარკვეულია იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და შემოდგომიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” ითამაშებენ.
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიეს” ექვსეულში მოხვედრის პრობლემა რომ შეექმნა, თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანთან” მოინდომა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქულებს თუ არ შევხედავთ, ამ თამაშში სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა - მოედანს დაუბრუნდა გორგოძე, რომელსაც ერთი კვირის წინ მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, ტრავმა მოიშუშა და მინდორს დაუბრუნდა “მონპელიეს” პირველხაზელი ჟღენტი, ხოლო “მონ დე მარსანის” შემადგენლობაში თოპ 14-ში ახალგაზრდა უკანახაზელ მჭედლიძის დებიუტი შედგა.
მამუკა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 35-ე წუთზე მეტოქეს ლელოს გატანა არ დაანება, ბურთში ხელი ჩაურტყა და მისი გუნდი ხშირად რომ ჯარიმდებოდა, სინბინით დაისაჯა. მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი რომ იყო, გალტიემ 61-ე წუთზე შეცვალა და დასვენების საშუალება კიდევ მისცა. ჟღენტი შეცვლაზე 67-ე წუთზეEშევიდა და 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა. მჭედლიძეს გუნდი მანამდე მხოლოდ “ჩელენჯ ქაფზე” რომ იყენებდა, თოპ 14-ში პირველად გამოჩნდა და მოედანზე ბოლო 13 წუთი გაატარა.
“მონპელიემ” თამაში მძლავრად დაიწყო და საწყის 17 წუთში 20:0 დაწინაურდა. მერე მასპინძლებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ის შეძლეს, რომ მეტოქეს პრემიალური ქულა არ გაატანეს და 17:30 დამარცხდნენ. “მონპელიე” 63 ქულით მე-6 ადგილზე გამაგრდა და მდევარს 6 ქულით გაუსწრო, ხოლო “მონ დე მარსანისთვის” არაფერი შეცვლილა და 15 ქულით ბოლო საფეხურზე მყოფი, კვლავაც გავარდნისთვისაა განწირული.
“მონპელიეს” დაარხეინება ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმაც” განაპირობა, რომელმაც ქართველი პირველხაზელის გარეშე სტუმრად “პერპინიანს” 21:20 აჯობა და თავად 66 ქულით მე-4 ადგილზე გამყარდა, ხოლო მეტოქე ექვსეულიდან 6 ქულით ჩამოაშორა. და მაინც, რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში “მონპელიე” “პერპინიანს” მასპინძლობს და, სავარაუდოდ, ყველაფერი სწორედ მანდ გაირკვევა.
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” პარიზში დაიბრიყვა - 43:11. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ჩილაჩავამ მიიღო, რომელიც შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. “ტულონმა” პრემიალური ქულაც რომ აიღო, ჯამში 82 ქულით რეგულარული პირველობის ლიდერად რჩება, ხოლო “სტად ფრანსე” 46 ქულით მე-10 ადგილზეა.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 80 ქულით მეორე ადგილზეა. გასულ ტურში მან “აჟენს” 66:21 აჯობა. “კლერმონმა” 3 ლელო გაუშვა, მაგრამ საპასუხოდ 10 გაიტანა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ზირაქაშვილმა მიიღო და პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა.
“რასინგ მეტროსთან” სტუმრად 27:26 იმარჯვა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”. კაკოვინმა პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ბრეგვაძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. “ტულუზამ” ტაიმი 6:17 დათმო და გამარჯვების ლელო ბოლოსწინა წუთზე გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ახლა ის 73 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით სარგებლობაც პრაქტიკულად განაღდებული აქვს.
“ბაიონს” ზაზა ნავროზაშვილის გარეშე 39:13 აჯობა “ბორდომ”, 41 ქულით მე-12 ადგილზე დამკვიდრდა და მომავალ სეზონში თოპ 14-ში თამაში დაიბევა. მომავალ უქმეებზე ფრანგული კლუბები ევროთასებზე ითამაშებენ და შიდა ჩემპიონატს 13 აპრილს გააგრძელებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია