ესპანეთის ნაკრებმა რუსეთთან მატჩის მეორე ტაიმში შეხვედრის მსვლელობის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მიღწეული ვეღარ შეინარჩუნა.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს სოჭმა უმასპინძლა და მან წვიმის ფონზე ჩაიარა. ამან მატჩის მსვლელობაზეც იქონია გავლენა, შემცირდა ტემპი და მრავლად იყო ორთაბრძოლები. საწყის წუთებში ესპანელები აქტიურობდნენ, სტუმრებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და ის ბრედ ლინკლეიტერმა 3 ქულად აქცია. რუსებმა მალევე შეძლეს ინიციატივის დაეუფლება და ესპანელები საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს, ლიდერის ფუნქციები ტანმაღალმა და ჯანიანმა გარემარბმა დენის სიმპლიკევიჩმა იტვირთა, რომელიც ორჯერ გაექცა მცველებს და ორივე მისი ლელო იური კუშნარიოვმა გარდასახა - 14:3.
შესვენებამდე ორივე გუნდმა მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება და კუშნარიოვის დარტყმა არაზუსტი იყო, ხოლო ლინკლეიტერმა ჩამორჩენა შეამცირა. მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული და დრამატული გამოდგა. შეუწყვეტელმა წვიმამ მოედნის საფარი იმდენად დააზიანა, რომ გუნდებმა შეცდომებს უხშირეს. თავიდან კუშნარიოვმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და რუსებს 11-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ ამან ესპანელები კიდევ უფრო გაახელა და მათი თამაში უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია, შედეგიანი გახდა.
55-ე წუთზე იგნასიო კონტარდიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი, სტუმრები დაწინაურდნენ. ეს მასპინძელთა შეცდომას მოყვა, „ლომებმა“ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ფეხით გაგზავნეს და მართალია ის რუსმა მორაგბემ დაამიწა, მაგრამ ეს წესების დარღვევით გააკეთა და რეფერიმაც საჯარიმო ლელო ჩასტვინა. ასეთ სიტუაციაში გრიფიტს გარდასახვის გატანა არ გაჭირვებია - 20:17. მაგრამ, როგორც ჩანს, ესპანელებს ეიფორიიდან გამოსვლა გაუჭირდათ და თამაში რომ განახლდა „დათვების“ დებიუტანტმა ანტონ რუდოიმ მესამე ლელო გაიტანა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ თამაში მალე დასრულდა და რუსებმა ესპანეთი მძიმე ბრძოლაში 22:20 დაამარცხეს.
ერთ კვირაში ესპანელები რუმინეთს მასპინძლობენ, ხოლო რუსები საქართველოსგან ძლეულ გერმანიას დაუხვდებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია