ამბები

18:03 | 7.04.2013 | ნანახია 951 - ჯერ

ჟვანია “ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალშია

 

ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირის “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალური ეტაპი ქართველი ლეგიონერების ორი ფრანგული კლუბიდან მხოლოდ ერთმა გადალახა. ზურაბ ჟვანია თასისთვის ბრძოლას “სტად ფრანსესთან” ერთად ნახევარფინალში გააგრძელებს, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” კი, გათამაშებას გამოეთიშა.

პარიზული კლუბი ინგლისში ეწვია “ბათს”, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და შიდა ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. წინა დღეს ამავე გათამაშებას “გლოსტერი” და “ლონდონ უოსპსი” რომ გამოეთიშა, მთელი ინგლისი მომავალ ჯახს დიდი იმედით ელოდა, მაგრამ, მიუხედავად მოედნის უპირატესობისა, “სტად ფრანსემ” 36:20 იმარჯვა და ზედიზედ მესამედ გავიდა “ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში.

ქართველი პირველხაზელი ჟვანია თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.  

თამაში მასპინძელთა უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ მათმა გარჯამ უქულოდ ჩაიარა, მერე სტუმრებმა მეტოქეს მონდომებით და ჭკვიანური თამაშით აჯობეს და შესვენებამდე ორ-ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს, თავად ერთი ჯარიმა გაუშვეს და 20:3 დაწინაურდნენ.

პირველი ნახევრის მიწურულს და მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებს დისციპლინამ უმტყუნა და ორი სინბინის გამო 20 წუთი კაცნაკლული დარჩა. შედეგად, “ბათმა” 46-ე წუთზე საჯარიმო ლელო მიითვალა, გარდასახვაც გამოიყენა და ჩამორჩენის ათ ქულამდე დაყვანით წარმატების იმედი დაიბრუნა.

“ბათმაც” რიცხობრივი უპირატესობა მეორედ საკუთარი შეცდომების გამო ვერ გამოიყენა, მერე ფრანგებმა ორი წუთის ინტერვალში 2 ლელო მიითვალეს და მე-60 წუთისთვის 30:10 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 65-ე და 77-ე წუთებზე ორი ლელოთი თავადაც უპასუხეს, მაგრამ “სტად ფრანსემ” არეკნით და ჯარიმით მეტოქე ახლოს არ გაიკარა.

26 აპრილს ზურაბ ჟვანიას გუნდი ნახევარფინალს კვლავ მეტოქის მოედანზე, ოღონდ ამჯერად საფრანგეთში, “პერპინიანის” წინააღმდეგ გამართავს. “პერპინიანმა” მეოთხედფინალში კაკოვინისა და ბრეგვაძის “ტულუზა” 30:19 დაამარცხა.

ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბრეგვაძე 51-ე, ხოლო კაკოვინი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო სტუმართა შორის, 57-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ტულუზელთა თავკაცმა ძირითადი შემადგენლობის 13 მორაგბეს მისცა დასვენების საშუალება და ამის ფონზე მათი მარცხი თითქმის გარდაუვალი ჩანდა.  

სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და კატალონიელებმაც გულშემატკივართა გასახარად მე-2 წუთზე ჯარიმით გახსნეს, ხოლო ხუთ წუთში ლელო გაიტანეს და გარდასახვის შემდეგ 10:0 დაწინაურდნენ. მაგრამ მასპინძლები დისციპლინაში რომ მოიკოჭლებდნენ, სტუმრებმა 24-ე წუთამდე 4 ჯარიმა გაიტანეს და 2 ქულით დაწინაურდნენ. მათ უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ჯარიმა იყო არაზუსტი, ხოლო მერე ასპროცენტიანი სალელოვე შანსი იმის გამო დაიკარგა, რომ მოიერიშემ, რომლის წინაც აღარავინ იყო, ბურთი ვერ აიღო და ის წინ გადაუვარდა. სამაგიეროდ, ტაიმის ბოლო “პერპინიანმა” თავისი შანსი გამოიყენა, ლელოთი უპირატესობა დაიბრუნა და გარდასახვით პირველი ნახევარი 17:12 მოიგო.

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა მორიგი ლელო გაიტანეს და გარდასახვით უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. 58-ე წუთზე “ტულუზამ” საპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანა, ჩამორჩენა კვლავ ხუთ ქულამდე დაიყვანა და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე “პერპინიანს” მორაგბე წითელი ბარათით რომ გაუგდეს, გამარჯვების იმედიც გაჩნდა. მაგრამ სტუმრებმა მეტობა ვერ გამოიყენეს, “პერპინიანმა” უმცირესობაშიც მოახერხა 2 ჯარიმის გატანა და დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა.

ნახევარფინალში გავიდა კიდევ ერთი ფრანგული გუნდი “ბიარიცი”, რომელმაც ინგლისში “გლოსტერი” 41:31 დაამარცხა. მისი მეტოქე ირლანდიური “ლენსტერი” იქნება, რომელმაც ლელოუხვ მატჩში ლონდონში “უოსპსი” 48:28 დაამარცხა. “ბიარიცი” “ლენსტერს” ირლანდიაში 27 აპრილს ეწვევა.

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. მეოთხედფინალები

პერპინიანი - ტულუზა 30:19

ბათი - სტად ფრანსე 20:36

უოსპსი - ლენსტერი 28:48

გლოსტერი - ბიარიცი 31:41

ნახევარფინალები. 26-27 აპრილი

პერპინიანი - სტად ფრანსე

ლენსტერი - ბიარიცი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108039