ამბები

11:40 | 8.04.2013 | ნანახია 944 - ჯერ

“ჰაინეკენისთვის” ბრძოლას “მონპელიე” გამოაკლდა

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალს მიღმა, ქართველ ლეგიონერთა სამი გუნდიდან მინიმუმ ერთი უნდა დარჩენილიყო. დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, მეოთხედფინალში მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიეს” გადაეყარა, ფრანგულ დერბიში მასპინძლებმა 36:14 იმარჯვეს და უმაღლესი ჯილდოსკენ სვლაც მათ გააგრძელეს.

ხუთი ქართველი ლეგიონერიდან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ გორგოძემ მიიღო, რომელიც შერკინების მეორე ხაზში იდგა, ღია თამაშშიც აქტიურად ირჯებოდა და რამდენჯერმე წინაც წაიწია, მაგრამ მეტოქე კარგად იყო მომზადებული მის შესაჩერებლად ერთბაშად ორი-სამი კლერმონელის ბოჭვის შემდეგ, ქართველი გიგანტის წინსვლა ჩერდებოდა. მამუკამ პირველიდან 69-ე წუთამდე ითამაშა და მაშინ შეცვალეს, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ორი დღით ადრე გამომზეურებულ შემადგენლობაში, ზირაქაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ეწერა, მაგრამ თამაშის დღეს განაცხადში აღარ იყო.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საწყისმა 20-მა წუთმა მათი დომინირებით ჩაიარა. ეს შედეგშიც აისახა, “მონპელიეს” სამ ჯარიმას მასპინძლებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და 25-ე წუთითვის ანგარიში 9:3 იყო, მაგრამ მერე სტუმრებს ტრინ-დუკი დაემტვრათ, ის შესაცვლელი შეიქმნა და “მონპელიეს” თამაშიც აირია. მათი იერიშების ტემპი რომ დავარდა, “კლერმონმა” პირიქით, სიჩქარეები ჩართო. იმ დღეს უდავოდ საუკეთესო ყოფილმა “ოლ ბლექსელმა” სიტივენი სივივატუმ ფინტებით მთელი დაცვის ხაზი გაიარა, ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში წარმოქმნილი რაქიდანმორგან პარამ ბურთი ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში, ალამთან ჩაკიდა და იქ ყველას უესლი ფოფანამ აჯობა.

სანამ “მონპელიე” გონს მოვიდოდა, “კლერმონმა” მეორე ლელოც გაიტანა, ამჯერად გარდასახვაც გამოიყენა და ტაიმი 15:9 მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტშივე გამოჩნდა, რომ მასპინძლები საბოლოოდ დაეუფლნენ ინიციატივას. სივივატუმ 54-ე წუთზე ინდივიდუალური გარღვევის ხარჯზე დამსახურებული ლელო მიითვალა და სხვაობა 13 ქულამდე გაიზარდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, აქ მატჩის ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო და “კლერმონმაც” კიდევ ორი ლელო გაიტანა, რაზეც უკანასკნელ წუთზე ერთი ლელოთი “მონპელიენაც” უპასუხა და ანგარიში ოდნავ შეალამაზა, არადა, საწყისი 20-25 წუთის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა საბოლოოდ ასეთი სხვაობა თუ დაფიქსირდებოდა.

ნახევარფინალში “კლერმონი” კვლავ მასპინძლის უფლებით ისარგებლებს და 27 აპრილს ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლებს, რომელმაც ინგლისი “ჰარლიქვინსს” სტუმრად 18:12 სძლია. დაძაბული მატჩის ბედი ჯარიმებმა გადაწყვიტა და სტუმრებმა ორით მეტი დარტყმა გამოიყენეს.

დარტყმებმა გადაწყვიტეს ფრანგული “ტულონისა” და ინგლისური “ლესტერის” დაპირისპირების ბედი. სამწუხაროდ, მასპინძელთა განაცხადში არ იყვნენ დავით ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, ხოლო ლევან ჩილაჩავა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. საწყის წუთებში ფრანგები უფრო ხშირად რომ ჯარიმდებოდნენ, ტობი ფლადმა სტუმრები სამი ჯარიმით 9:0 დააწინაურა, მაგრამ 28-ე წუთზე თავადვე დაისაჯა სინბინით და ჯონ უილკინსონმაც პირველივე შანსი გამოიყენა. შესვენებამდე ლეგენდარულმა ინგლისელმა მეორე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ტაიმი 6:9 დასრულდა.

მიუხედავად ასაკისა, ჯონის თვალის და ფეხის სიზუსტე რომ არ დაუკარგავს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. სულ რაღაც 6 წუთში მან კიდევ ორი, არცთუ იოლად გასატანი ჯარიმა გამოიყენა და “ტულონი” 12:9 დააწინაურა. “ლესტერმა” ათიოდე წუთში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ იქვე მეორედ დაისაჯა სინბინით, თანამემამულეები არც უილკინსონმა დაინდო და კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა. ფლადმა ჩამორჩენა 3 ქულამდე მალევე დაიყვანა, მაგრამ 79-ე წუთზე ჯონიმ ჩვეულ სტილში არეკნი დაკრა და “ტულონს” 21:15 მოაგებინა.

ფრანგებს ნახევარფინალშიც ინგლისელებთან მოუწევთ საქმის გარჩევა, ოღონდ, ამჯერად “სარასინსს” კუნძულზე ესტუმრებიან. თამაში 28 აპრილს გაიმართება.

 

2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი.

1/4-ფინალები. 5-7 აპრილი

კლერმონი (საფრანგეთი ) - მონპელიე (საფრანგეთი) 36:14 (15:9)

ჰარლიქვინსი (ინგლისი) - მანსტერი (ირლანდია) 12:18

სარასინსი (ინგლისი) - ოლსტერი (ირლანდია) 27:16

ტულონი (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 21:15 (6:9)

ნახევარფინალი. 27-28 აპრილი

კლერმონი - მანსტერი

სარასინსი - ტულონი 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.179422