ამბები

17:58 | 8.04.2013 | ნანახია 817 - ჯერ

სამი ადგილისთვის ხუთი იბრძვის

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება და Top 14-ის საგზურისთვის პლეი ოფში გასვლის შანსს ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი ინარჩუნებს.

“უაიონამ” პირველი ადგილი და უმაღლესი დივიზიონის პირდაპირი საგზური პრაქტიკულად უკვე დაიბევა. 82 ქულით მეორე ადგილზე მყოფი “ლა როშელი” მე-6 ადგილოსანს 16 ქულით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ ხუთეულში რომ ვერ მოხვდეს. შეგახსენებთ, თოპ 14-ის მეორე საგზურისთვის რეგულარული პირველობის მეორე-მეხუთეადგილოსნები ერთრაუნდიან ნახევარფინალში, იქ გამარჯვებულები კი, საბოლოო მიზნისთვის ფინალში იბრძვიან. ამრიგად, ჩვენებურთა ხუთი გუნდი რეალურად სამი ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.

საუკეთესო მდგომარეობა ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” აქვს, რომელმაც ბოლო შვიდი თამაშიდან ექვსი მოიგო და 78 ქულით მე-3 საფეხურამდე დაწინაურდა. განვლილ ტურში ეს გუნდი “კოლომიეს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 18:16 იმარჯვა. ქართველ პირველხაზელთაგან განაცხადში ნატრიაშვილი და შველიძე იყვნენ და ისინი მწვრთნელმა სათამაშოდ 54-ე წუთზე შეიყვანა, როდესაც ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა.

სწორედ ამის შემდეგ მოიპოვეს სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა. “კოლომიე” ჯარიმებით 6:0 დაწინაურდა, შესვენებამდე დარჩენილ 5 წუთში “ბრივმა” ორი ჯარიმით უპასუხა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, მეორეს დასაწყისში კი, მასპინძლები 9:6 დაწინაურდნენ. ცვლილებების შემდეგ, 57-ედან 77-ე წუთამდე სტუმრებმა მეტოქეს ოთხჯერ აიძულეს დაჯარიმება, 18:9 დაწინაურდნენ და დამატებულ დროში გაშვებულმა ლელო-გარდასახვამ მათ გამარჯვება ვერ დაათმობინა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” მამუკა მაგრაქველიძის “პო” 21:18 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ “პოსთვის” ეს ზედიზედ მეორე მარცხია და პოზიციები დათმო, “ორიაკი” კი, ჩავარდნის შემდეგ გონს მოეგო, ბოლო სამ თამაშში მძიმე ბრძოლაში მეორე გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ნაცარაშვილი და დათუნაშვილი, პირველხაზელი 62-ე, ხოლო მეორეხაზელი 69-ე წუთზე შეცვალეს. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან ამის გამო გაიყვანეს. კიდევ ერთი პირველხაზელი ასეიშვილი თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო. სტუმართა განაცხადში არ იყო მაგრაქველიძე.

მასპინძლებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს, განახლდებოდა თუ არა ცენტრიდან თამაში, ისინი იმწამსვე ჯარიმდებოდნენ და 5 წუთში სამი ჯარიმა მიიღეს, ხოლო მე-11 წუთზე 0:12 ჩამორჩნენ. ამ ოთხიდან ორი, მეტოქემ ცენტრიდან გაიტანა. მერე “ორიაკი” გონს მოეგო, ორჯერ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში კარგი მოლი დააყენა და ორი ლელოთი უპასუხა, რომელთაგან ერთს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ზედ შესვენების წინ დათუნაშვილი მატჩში მეორედ დაჯარიმდა თამაშგარისთვის, ტაიმი მაინც “პოს” გამარჯვებით დასრულდა - 12:15.

თამაში განახლდა თუ არა “ორიაკმა” ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა და 55-ე წუთზე ჯარიმითვე დაწინაურდა. 68-ე წუთზე ანგარიში უკვე სტუმრებმა გაათანაბრეს, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე დაჯარიმდნენ და “ორიაკმაც” 21:18 იმარჯვა. ამრიგად, “პო” ორმა მარცხმა 76 ქულით მე-4 ადგილამდე დააქვეითა, ხოლო “ორიაკი” 69 ქულით მე-5, საპლეიოფო საფეხურზეა.

66-66 ქულით VI-VII ადგილებს იყოფენ “ლიონი” და “ტარბი”. განვლილ ტურში ორივე მათგანმა მარცხი განიცადა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა. გურამ კავთიძის “ლიონისთვის” ეს შედეგი საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან ისინი ლიდერ “უაიონს” სტუმრად ეთამაშებოდნენ. ლიონელები 53-ე წუთისთვის 3:20 აგებდნენ, მერე მოინდომეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩნენ - 20:23. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” აუტსაიდერთა სიახლოვეს მყოფ “ოშს” დაუხვდა და 14:16 დამარცხდა. მასპინძლებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და შესვენებამდე ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაუშვეს, ხოლო 49-ე წუთზე ლელო მიიღეს, გარდასახვაც, და 0:16 ჩამორჩნენ. დასკვნით მეოთხედში მათ ორჯერ გაჭრეს ხაზი, ორ ლელოს ორი გარდასახვა მოყვა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყოთ.

ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ხაზში შეუცვლელად გაისარჯა ნემსაძე, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მას გადაკიდებულ ბურთზე მიმავალი მეტოქე რომ წამოედო სინბინით დაისაჯა. 50-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში მირცხულავა და დადუნაშვილი.

ერთ ქულას დასჯერდა ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიც”, რომელიც “ნარბონს” დაუხვდა და 11:14 დამარცხდა. პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა მაისურაძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72 წუთი იბურთავა გარემარბმა თოდუამ, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “ალბი” 72-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ მერე მეტოქემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა და მართალია, გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გატანილი ჯარიმით გამარჯვება მოიპოვა. “ალბი” 54 ქულით მე-11 ადგილზეა და პლეი ოფში ვერანაირად მოხვდება, თუმცა, არც დაქვეითება ემუქრება.

“ექს-ან-პროვანსთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა ტარიელ რატიანიძის “დაქსმა”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ 68-ე წუთზე ისევ მოუწია მოედანზე დაბრუნება და დარჩენილი 12 წუთი გაისარჯა. პირველი ფრედ სრულდებოდა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო წამებზე ლელო გაიტანეს და 13:6 დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მათ მეორე ლელო მიითვალეს, მერე სტუმრებმა ჯარიმებით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ “დაქსმა” მესამე პრემიალურ ლელოზე ითამაშა, მიზანს უკანასკნელ წუთზე უწია და 25:15 იმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ გუნდმა 41 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილზეა.

მას ერთი ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩება ბექა შეყლაშვილის “ბეზიე”, რომელიც “კარკასონთან” 8:12 დამარცხდა. შეყლაშვილმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა, მერე შეცვალეს, მაგრამ 7 წუთში ისევ მოედანზე დაბრუნდა და ბოლომდე გაისარჯა. მასპინძლებმა ორივე ტაიმში ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, სტუმრებმა პირველ ნახევარში ერთი ჯარიმით, ხოლო 75-ე წუთზე ლელოთი უპასუხეს და რადგან გარდასახვა ააცილეს, დარჩენილ დროში კვლავ ლელოზე მოუწიათ თამაში, რომლის გატანაც ვეღარ მოახერხეს.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი” “ლა როშელს” სტუმრად ეთამაშა და 27:44 დამარცხდა. აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სუთიაშვილი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლების 5 ლელოს სტუმრებმა 4 ჯარიმით უპასუხეს და 12:44 ჩამორჩნენ, აი დასკვნით 8 წუთში კი სამი ლელო გაიტანეს და მეტოქეს პრემიალური ქულა არ გაატანეს. ამან “მასის” ვერაფერი შესძინა, 31 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და გადარჩენის შანსებიც უფრო და უფრო უმცირდება. 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114476