ამბები

14:23 | 10.04.2013 | ნანახია 912 - ჯერ

პლეი ოფში ხუთი გავიდა

საფრანგეთის მორაგბეთა ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში რეგულარული პირველობა დასრულდა და PRO D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში ბრძოლას, რომელიც 21 აპრილს დაიწყება, ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი აგრძელებს.

I ჯგუფიდან პლეი ოფის მერვედფინალში თამაშის უფლება ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონმა” და გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა” მოიპოვეს. რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარსდგნენ, “მაკონს” პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, მასპინძელ “სენტ-ეტიენს” მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდებოდა და ამოცანა წარმატებით გადაჭრა - 34:26.

“სენტ-ეტიენის” განაცხადში მხოლოდ გაბელია მოხვდა და შეცვლაზე ბოლო ორი წუთი ითამაშა, ხოლო სტუმართა რიგებში კოპალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ “მაკონი” მხოლოდ ლელოების გატანაზე თამაშობდა და 43-ე წუთისთვის ოთხი ლელოთი და სამი გარდასახვის ორი ჯარიმის წინააღმდეგ, 26:6 დაწინაურდა. მასპინძლებმა, რომელთაც მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდათ ამის შემდეგ განსაკუთრებით მოინდომეს, 20 წუთში 3 ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო დარჩენილ 10 წუთში კიდევ სამი ჯარიმა გაიტანეს და პლეი ოფში გასვლა დაიბევეს.

“მაკონმა” 48 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ხოლო “სენტ-ეტიენი” 44 ქულით მე-4 საფეხურზე გავიდა. მერვედფინალში “მაკონს” IV ჯგუფის მეორეადგილოსან “ნევერთან” მოუწევს ურთიერთობების გარკვევა, ხოლო “სენტ-ეტიენი” ამავე ჯგუფის გამარჯვებულ “მონტობანს” შეხვდება.

გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონს” “სენტ-ეტიენის” მარცხთან ერთად ჯგუფის ლიდერ “ლილის” სტუმრად დამარცხებაც მართებდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია - 12:22. არადა, 67-ე წუთზე 12:10 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ორი ლელო გაუშვა და მარცხი განიცადა. ჯაშიტაშვილმა შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა, მისმა “შალონმა” კი, 36 ქულით რეგულარული გათამაშება მე-6 ადგილზე დაასრულა.

დევი დათუნაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონმა” არაფრისმომცემ მატჩში ჯგუფის და ზოგადად “ფედერალ 1”-ის აუტსაიდერი, გიორგი სულუაშვილის “სტრასბური” პრემიალური ქულით დაამარცხა - 32:5. ქართველ ლეგიონერთაგან გიგაურმა გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “მონლიუსონმა” სეზონი 39 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა, ხოლო “სტრასბური” 2 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” “დიჟონთან” სტუმრად 6:9 დამარცხდა და 33 ქულით ჯგუფის ბოლოსწინა, მე-9 ადგილს დასჯერდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი, რომელიც დებიუტში 6:0 დაწინაურდა, ამ მომენტისთვის 3 ქულას იგებდა, მაგრამ 69-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ზედ ბოლო წამზე გამარჯვება მოიპოვეს.

II ჯგუფში 49 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ქართველების “სენ-ნაზერთან” ითამაშებს ირაკლი ნინიძის “რომანი”. ამ გუნდს პლეი ოფში თამაში ბოლო ტურამდეც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ “აგდს” არ დანებდა და მასთან ფრედ 34:34 ითამაშა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 14:20 აგებდა. სტუმრები 69-ე წუთისთვის 27:20 დაწინაურდნენ, მერე მასპინძლებმა წონასწორობა რომ აღადგინეს, 77-ე წუთზე კვლავ ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ დამატებულ დროში ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვეს და 2 ქულას დასჯერდნენ.

ამავე ჯგუფში თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნამ” გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” 42:14 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიიღო, მაგრამ თავისი შეხვედრა “ლა სენმაც” რომ მოიგო, პლეი ოფს მიღმა დარჩა. გელანტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ურჯუკაშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. სტუმართა რიგებში 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კუთარაშვილმა. “ობნამ” 44 ქულა მოაგროვა და 1 ქულით ჩამორჩა საპლეიოფო ადგილს, ხოლო “შატორენარმა” 26 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

დავით კაჭარავას “როდეზი” ლიდერ “ბურგონთან” 12:35 დამარცხდა და 33 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა შეუცვლელად ითამაშა.

III ჯგუფიდან ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი გავიდა პლეი ოფში და ორივემ ეს უფლება ვადაზე ადრე დაიბევა. ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერმა” დასკვნით ტურში “ნიორი” პრემიალური ქულით 56:7 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მეორეხაზელმა გუჯარაიძემ მიიღო, რომელიც სრული 80 წუთი გაისარჯა და 79-ე წუთზე გატანილი ლელოთი სტუმართა რბევა დაასრულა. ეს გუჯარაიძის მესამე ლელოა მიმდინარე სეზონში. “სენ-ნაზერმა” 66 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და როგორც უკვე გითხარით, მერვედფინალში ნინიძის “რომანს” შეხვდება.

62 ქულით მესამე იყო და “ვალანსთან” გაარკვევს ურთიერთობას თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომელმაც “ლანგონი” სტუმრად 34:26 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა. “პერიგო”, რომელიც PRO D2-იდან შარშან გამოვარდა, 45-ე წუთისთვის 21:6 იგებდა, მერე მოეშვა და მასპინძლებს სხვაობის შემცირების საშუალება მისცა, მაგრამ საბოლოოდ საქმე მაინც გამარჯვებამდე მიიყვანა.

მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” ჯგუფის ლიდერ “ტიროსთან” სტუმრად 13:28 დამარცხდა. ქართველმა მეორეხაზელმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი, 28 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. 20 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი”, რომელსაც სეზონის მე-14 მარცხი “სენ-ჟან-დე-ლიუზმა” აგემა - 14:40. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

IV ჯგუფში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან, პლეი ოფში მოხვედრის შანსი ორივე მათგანს დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. მერაბ კვირიკაშვილმა და გიორგი მჭედლიშვილი “სენ-ჟუნიანი”, დასკვნით ტურში “სენ-მედარს” იმ იმედით ექვია, რომ ბოლო ადგილს თავს დააღწევდა, მაგრამ 19:28 დამარცხდა და 23 ქულით ბოლო საფეხურზე დარჩა. კვირიკაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, გუნდს 14 ქულით შეეწია.

მან 27-ე წუთამდე ოთხი ჯარიმა გაიტანა და თავისიანები 12:10 დააწინაურა, ხოლო 45-ე წუთზე გატანილი გარდასახვით სტუმრებს ერთქულიანი უპირატესონა მოუტანა (19:18), მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა ბოლოსწინა წუთზე ჯარიმით დაიბრუნეს ლიდერობა, ხოლო დამატებულ წუთებზე ლელო და გარდასახვაც მიითვალეს. მჭედლიშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი 37-ე წუთზე შეცვალა და ბოლომდე ითამაშა.

“ნევერთან” 14:31 დამარცხდა ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი”, რომელიც 31 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა. მალაღურაძემ პირველ ტაიმში ერთი არეკნი და ორი ჯარიმა გაიტანა და 65-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა მაისურაძემ. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080487