ამბები

16:56 | 12.04.2013 | ნანახია 875 - ჯერ

ეროვნულში პლეი ოფის დრო დადგა

 

შაბათ-კვირას საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატში გადამწყვეტი პერიოდი იწყება. საჩემპიონო პლეი ოფში გასული ექვსეულიდან ოთხი (მესამე-მეექვსე ადგილოსნები), იმ ორის ვინაობას გაარკვევენ, რომლებიც თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ხოლო ორი წლეულს უმედლოდ დარჩება.

პირველი მატჩი შაბათს, 13 აპრილს, 15:30 საათზე “შევარდენზე” გაიმართება და დედაქალაქურ დერბიში “ჯიქები” “არმაზს” შეერკინება. ამ გუნდებმა რეგულარული გათამაშება მეოთხე-მეხუთე საფეხურზე დაასრულეს და ახლა უკეთესის გარკვევას ეცდებიან. შეგახსენებთ, ამ პლეი ოფებში მხოლოდ ერთი თამაში იმართება და უკეთესადგილოსანი მასპინძლის უფლებით სარგებლობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ორივე გუნდი თბილისურია, სტუმარ-მასპინძელს აზრი ეკარგება.

რეგულარულ გათამაშებაში ორივე გუნდმა 10-10 თამაში მოიგო და 8-8 მარცხი განიცადა. “ჯიქები” ბევრად წინ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ “ლელოსთან” შეცვლების ლიმიტი რომ დაარღვიეს, მოგებულ მატჩში მარცხი ჩაეთვალათ და 1 ქულითაც დაისაჯნენ. მიუხედავად ამისა, მათ “არმაზთან” შედარებით ბევრად მეტი პრემიალური ქულა აიღეს და საბოლოოდ მეტოქე ცხრილში მაინც უკან მოიტოვეს. დასკვნით ტურში ისინი სწორედ ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ და გამარჯვება “ჯიქებს” დარჩა (31:20), მაგრამ ეს თამაში ხვალინდელი დაპირისპირების წინ მხოლოდ რეპეტიცია იყო, ორივე გუნდმა იცოდა, რომ პლეი ოფში ერთმანეთთან მოუწევდა ურთიერთობის გარკვევა და მისი შედეგი ბევრს არაფერს წყვეტდა.

პირველ წრეში გამარჯვებული “არმაზი” დარჩა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მან მეტოქე დაჩაგრა და ეს შედეგზეც აისახა. მაშინ არმაზელებმა მინიმალური სხვაობით 20:19 იმის ხარჯზე იმარჯვეს, რომ დავით კიკნაძემ ბოლო წუთზე ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ წელს “არმაზმა” მხოლოდ ერთი, პირველი თამაში მოიგო “ბათუმთან”, მერე კი, ექვსეულში შემავალ “არმიასთან”, “აიასთან”, “ლოკომოტივთან”, “ლელოსთან” და “ჯიქებთან” ზედიზედ ხუთი მარცხი განიცადა. “ჯიქები” 2013 წელს არ დამარცხებულა და ლიდერთა შორის მყოფ გუნდებსაც სძლია, ერთი ეგაა, რომ ზემოთნახსენებ შემთხვევაში “ლელოსთან” მარცხი ჩაეთვალა.

პლეი ოფის მეორე შეხვედრა კვირას, 14 აპრილს ქუთაისში გაიმართება და “დინამოზე” 15:30 საათზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში “აიამ” და თბილისის “ლოკომოტივმა” ურთიერთჯახებში გამარჯვებული რომ ვერ გამოავლინეს, ახლა ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევთ. ქუთაისელებმა რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი რომ დაიკავეს, მეექვსეადგილოსან “ლოკომოტივს” საკუთარ ქალაქში მასპინძლობენ, ეს კი, მცირე უპირატესობა არაა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში “აია” პლეი ოფის მეორე ეტაპზეც მასპინძელი იქნება, ხოლო თუ “ლოკომოტივმა” მოიგო, გათამაშებას მხოლოდ დედაქალაქური კლუბები შერჩებიან და თამაშიც თბილისში შედგება.

წელს რეგულარულ გათამაშებაში სულ 90 თამაში გაიმართა და მათგან მხოლოდ ორი დასრულდა ფრედ. ორივე შემთხვევაში ფრეები “აიასა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირებაში დაფიქსირდა. პირველ წრეში გუნდებმა ქუთაისში, იმ “დინამოზე” ითამაშეს, სადაც კვირის თამაში გაიმართება და ტაბლოზე 25:25 დაფიქსირდა. მეორე წრეში, 2013 წლის პირველ მატჩში, “ავჭალაზე” ანგარიში 13:13 იყო. რადგან მომავალი ჯახი პლეი ოფისაა, აქ გამარჯვებული აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და ფრის დაფიქსირების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, ვინც მეტ ლელოს გაიტანს.

“ლოკომოტივთან” ფრის გარდა, “აია” ქუთაისში გამართული მატჩებიდან მხოლოდ “არმიასთან” დამარცხდა, ხოლო დანარჩენი თამაშები გამარჯვებით დაასრულა. მას შემდეგ ქუთაისელებს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (6 გამარჯვება და 1 ფრე), 2013 წელს კი, მარცხი არ განუცდიათ. პირველ-მეორეადგილოსანი “არმია” და “ლელო” ამ უქმეებზე ისვენებენ. 20-21 აპრილს ისინი ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ იმ გუნდის ვინაობას, რომელიც ფინალში გავა, ხოლო დამარცხებული ფინალში მოხვედრის შანსს კიდევ შეინარჩუნებს.     

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი

შესარჩევი პლეი ოფი. თითო მატჩი

13 აპრილი. თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

14 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.207895