საფრანგეთის მორაგბეთა ელიტურ დივიზიონ თოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პრაქტიკულად გარკვეულია იმ ექვსი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფებში გააგრძელებენ.
სასიხარულოა, რომ მოწინავე ექვსეულიდან ხუთი გუნდი ქართველი ლეგიონერებისაა. ბრძოლები საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა. “პერპინიანს” ექვსეულის გუნდების შევიწროვების თეორიული შანსი კიდევ რჩება და ამასთან, ჯერაც გასარკვევია ის, თუ ვინ ისარგებლებს მასპინძლის უფლებით პლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამე-მეექვსე ადგილოსნებს შორის. შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები ისვენებენ და ნახევარფინალში გასასვლელად მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს საკუთარ მოედანზე მასპინძლობს, ეს კი, რაგბში დიდი უპირატესობაა.
ქართველ გულშემატკივარში ყველაზე დიდ ინტერესს მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიეს” თამაში იწვევდა, რომელიც ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” მასპინძლობდა. ეს იყო 2011 წლის ფინალის გამეორება, მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძოდნენ. მასპინძელ “მონპელიეს” გამარჯვება ექვსეულში დასამკვიდრებლად სჭირდებოდა, ხოლო “ტულუზა” ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირველ-მეორე ადგილის დაკავების და შესაბამისად, პირდაპირ ნახევარფინალში გასვლის შანსს. ამასთან, გასულ კვირაში ორივე მათგანი გამოეთიშა ევროთასების გათამაშებას და მთელი ენერგია შიდა პირველობისკენ მიმართეს.
თამაშის წინ “მონპელიე” რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტრავმების გამო მათ უკანა ხაზში პრობლემები შეექმნათ და სასტარტო შემადგენლობაში იძულების წესით ორი დებიუტანტი დააყენეს. “ტულუზა” მომავალ თამაშს უძლიერესი შემადგენლობით შეხვდა და საჭირო გამარჯვების მოპოვების იმედიც ჰქონდა. სასიხარულოა, რომ განვლილ მატჩში ხუთივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა გორგოძემ. მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 56 წუთი ითამაშა ნარიაშვილმა, ხოლო ჟღენტი შეცვლაზე 63-ე წუთიდან შევიდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 45-ე წუთიდან ითამაშა კაკოვინმა, ხოლო ბრეგვაძე მოედანზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა.
მატჩის დებიუტი მასპინძელთა მხარეს იყო, მაგრამ მათ ეს უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოიყენეს და მხოლოდ 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. სტუმრებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინეს, თუმცა, თამაშის განახლებისთანავე, ნაგუსა სამ მცველს დაუსხლტა და ლელო მიითვალა, ხოლო გარდასახვის შემდეგ ანგარიში 10:3 გახდა. ამის შემდეგ უპირატესობა ტულუზელთა მხარეს გადავიდა და საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, მათ საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვისას დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა და “მონპელიემ” 10:8 იმარჯვა.
“ტულუზამ” ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა, 74 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორე ადგილს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. მათ მდევარიც წამოეწია და სხვაობა 6 ქულაღაა, ასე, რომ დარჩენილ ორ მატჩში უფრო მეტად ამ ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა. რაც შეეხება “მონპელიეს”, ის 67 ქულით მე-6 ადგილზეა და მე-4 საფეხურს მხოლოდ ქულა აშორებს, ხოლო უახლოეს მდევარ “პერპინიანს” 6 ქულით უწსრებს. მომავალ ტურში ეს გუნდი სტუმრად “ბაიონს” ეთამაშება, ხოლო დასკვნით მატჩში კონკურენტ “პერპინიანს” მასპინძლობს და თუ ორივე შეხვედრა მოიგო, მე-4 ადგილზე ასვლის შანსივ ექნება, თუ არა და ერთი თამაშის მოგება მაინც მართენს, რათა ექვსეულში ადგილი არ დაკარგოს.
ტურის ცენტრალური თამაში ტულონში გაიმართა და მას 36 ათასი მაყურებელი დაესწრო. გათამაშების ლიდერმა, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” მეორეადგილოსანს, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” უმასპინძლა. კლერმონელებმა, რომლებიც 82 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერი მაგრად შეარყიეს, მაგრამ მათი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (26:26) და სხვაობა 2 ქულა დარჩა.
ტულონელთა თავკაცმა ბერნარდ ლაპორტემ ბოლო დროს ქუბრიაშვილი რომ აითვალწუნა, ის განაცხადში არც ამჯერად შეიყვანა. განაცხადში არ იყო მიქაუტაძეც, ხოლო ჩილაჩავა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა და ჯერაც მწყობრში არაა ზირაქაშვილი, ხოლო კოლელიშვილი ამ სეზონში მოედანზე მეოთხედ გამოჩნდა, ტრავმირებული თანაგუნდელი მე-13 წუთზე შეცვალა და ბოლომდე ითამაშა.
მართალია, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ პირველ ნახევარში სტუმრებს ზურგქარი რომ ეხმარებოდა, ამით ისარგებლეს და ჯერ 20:10 დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმი 20:13 მოიგეს. მეორე ნახევარში ქარი უკვე “ტულონის” მხარეს იყო და მათ ჯერ ლელო-გარდასახვით აღადგინეს წონასწორობა, ხოლო ჯარიმით 23:20 დაწინაურდნენ. ამას “კლერმონის” გააქტიურება მოყვა, იერიშში კოლელიშვილიც ჩაერთო და რამდენიმე მეტრი მოიგო, მაგრამ ლელო არ გავიდა. სამაგიეროდ, სტუმრებმა ჯარიმებით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, მერე კი, 3 ქულით დაწინაურდნენ. მაგრამ “ტულონმა” ანგარიში გაათანაბრა და სულ ბოლოს 55 მეტრიდან ჯარიმაც რომ გაეტანა, გამარჯვებულიც გამოვიდოდა.
ფრედ დასრულდა ქართველი ლეგიონერების გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირება. პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ვერ დაამარცხა - 23:23. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ფეიქრიშვილი იყო და მან ბოლო 20 წუთი შეცვლაზე ითამაშა. მასპინძლები მეორე ნახევრის დასაწყისში 10 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ 61-ე წუთზე ანგარიში უკვე თანაბარი იყო. 68-ე წუთზე ისინი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო წამზე ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. “კასტრმა” 2 ქულა მიიღო და ჯამში 68 ქულით მე-4 ადგილზეა. ის მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს “რასინგ მეტროს”, რომელსაც დასკვნით ტურში სტუმრად ეთამაშება, თუმცა, მანამდე აუტსაიდერ “მონ-დე-მარსანს” მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგება მართებს.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ერთ-ერთ აუტსაიდერ “აჟენს” ეწვია და 28:20 იმარჯვა. ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა 52-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ინარჩუნებდნენ უპირატესობას და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანეს. პარიზულ კლუბს 50 ქულა აქვს, მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში ვერ მოხვდება, თუმცა, არც გავარდნა ემუქრება. თამაზ მჭედლიძის “მონ-დე-მარსანი”, რომელიც 15 ქულით ბოლო ადგილზეა და დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება, ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა “რასინგ მეტროს” და 9:34 დამარცხდა. თოპ 14-ის ბოლოსწინა ტური 20-21 აპრილს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია