საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშების XXVII ტურში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა, ხოლო სამი - სინბინით დაისაჯა. პლეი ოფამდე სულ რაღაც სამი რაუნდი რჩება და Top 14-ის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს კვლავაც ჩვენებურთა ხუთი გუნდი ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ განვლილ ტურში ყველა მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და მათგან ექვსი იყო ქართველი ლეგიონერების. ცენტრალურ ჯახში ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, ლიდერ “უაიონას” უმასპინძლა და მძიმე ჯახში მინიმალური სხვაობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 30:29. ამაში უდიდესი წვლილი ნატრიაშვილს მიუძღვის, რომელმაც 76-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრა ხაზიდან დაძრული მოლი ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნატრიაშვილი თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო, სასტარტო შემადგენლობაში იყო და სწორედ 53-ე წუთზე შეცვალეს შველიძე, ხოლო ხინჩაგიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ჰანდიკაპი ვერცერთმა გუნდმა მოიპოვა - რომელიმე მათგანის ლიდერობა 7 ქულას არ ასცდენია. ტაიმი “უაიონამ” 16:12 მოიგო, “ბრივი” მეორე ნახევარში ოჯერ დაწინაურდა, მეორედ - 67-ე წუთზე (23:19), მაგრამ მალევე საპასუხო ლელო გაუშვა, გარდასახვას 73-ე წუთზე ჯარიმა მოყვა და მასპინძლები მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ ნატრიაშვილის ლელომ მათ მნიშვნელოვანი 4 ქულა მოუტანა.
ახლა “ბრივს” 82 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა, “ლა როშელს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და პლეი ოფის საგზურის დასაბევებლად დარჩენილ სამ მატჩში ერთი მოგებაც ეყოფა. ტურის მეორე ცენტრალურ შეხვედრაში ზემოთნახსენებ “ლა როშელს” მამუკა მაგრაქველიძის “პომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე მოუგო. მასპინძლებმა ხუთი ლელო გაიტანეს, მაგრამ სამი გაუშვეს და 40:25 კი იმარჯვეს, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღეს. “პოს” 80 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
73 ქულით საპლეიოფო მე-5 ადგილზე ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკია”, რომელმაც “კარკასონი” 32:17 დაამარცხა. ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო, მეორეხაზელმა დათუნაშვილმა 74, ხოლო პირველხაზელმა ასეიშვილმა 55 წუთი ითამაშა. სტუმრებმა მასპინძლებს მხოლოდ პირველ ნახევარ საათში და მეორე ტაიმის დასაწყისში გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ხშირად რომ ჯარიმდებოდნენ და ზედ შესვენების წინ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული დარჩნენ, მეტოქეს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ და მარცხს თავი ვეღარ დააღწიეს.
გურამ კავთიძის “ლიონმა” ქართულ დერბიში შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი” 32:25 დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა სუთიაშვილმა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა, ხოლო მასპინძელთა შორის კავთიძე მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა. აქ ყველაზე საინტერესო 50-ე წუთზე მოხდა, როდესაც რეფერიმ ორი ქართველი პირველხაზელი - კავთიძე და აშვეთია ერთდროულად გაასინბინა.
“ლიონი” მეტოქეს სჯობდა და ოთხი ლელოც მიითვალა, მაგრამ “მასი” ჯარიმებით ჩამორჩენის შემცირებას ახერხებდა, ხოლო 70-ე წუთზე მოლის შემდეგ ერთი საპასუხო ლელოც გაიტანა. ამრიგად, პრემიალური ქულა ორივე გუნდმა ჩაიწერა - “ლიონმა” სამით მეტი ლელოს გატანისთვის, ხოლო “მასიმ” 7 ქულით მარცხისთვის. “ლიონმა” მონაგარს 5 ქულა რომ შემატა, ჯამში 71 გაუხდა და გაუხდა და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო “მასი” 32 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტაში დასარჩენად დარჩენილ სამ მატჩში 11 ქულის აღმოფხვრა მართებს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
პრემიალური ქულით იმარჯვა და 71 ქულით მე-7 ადგილზეა პლეი ოფისთვის მებრძოლი გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელმაც ტარიელ რატიანიძის “დაქსი” 44:12 დაამარცხა. აქ ლელო 77-ე წუთზე ნემსაძემ მიითვალა და გარდასახვის შემდეგ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. მან თანაგუნდელისგან მაღალ სიჩქარეზე მიიღო გადაცემა და წინ გადაღობება ვეღარავინ გაბედა.
ნემსაძე სათადარიგოთა შორის იყო და ტრავმირებული თანაგუნდელი 35-ე წუთზე შეცვალა. “ტარბის” სხვა ქართველი ლეგიონერები მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდნენ, ჩხაიძემ შეუცვლელად ითამაშა, დათუნაშვილი 58-ე, ხოლო მირცხულავა 61-ე წუთზე შეცვალეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო რატიანიძეც, ის, 55-ე წუთზე შეცვალეს, 68-ეზე მოედანზე დაბრუნდა და 75-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. “დაქსს” 41 ქულა აქვს, ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ მატჩებში ბრძოლა მოუწევს.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ბოლო ექვსი მატჩიდან მეოთხე რომ მოიგო, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. განვლილ ტურში ის “კოლომიეს” დაუხვდა, 23:9 იმარჯვა, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. მის გუნდს 45 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და 4 ქულით დაშორდა გასავრდნ ზონას.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” “ექს-ან-პროვანსთან” 12:27 დამარცხდა. პირველხაზელებმა თეთრაშვილმა და ახობაძემ პირველი ტაიმი ითამაშეს და შესვენებისას შეცვალეს, მეორეხაზელი მაისურაძე სრულად გაისარჯა, ხოლო უკანახაზელი თოდუა თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. “ალბი” 54 ქულით მე-11 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები ერთ კვირაში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია