საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, უკრაინის შავიზღვისპირა ქალაქ ოდესის საერთაშორისო ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.
7-ქალა ნაკრებმა პირველი თამაშები გამართა მას შემდეგ, რაც ის ჯაბა მალაღურაძემ ჩაიბარა. 13 აპრილს გამართულ ტურნირში ქართველი გოგონების მეტოქეები ოდესური კლუბები - “ოტრადა”, “აგროუნივერსიტეტი” და “ანატრა”, ასევე უკრაინის ვიცეჩემპიონი “ფენიქსი” და ყაზახეთის “ოლიმპი” იყვნენ. რადგან ტურნირი ამხანაგური იყო, ის 7-კაცასთვის უჩვეულო, წრიული სისტემით ჩატარდა და გუნდებს 5 საათის განმავლობაში 5-5 თამაშის ჩატარება მოუწიათ, რაც იოლი საქმე არ არის.
ტურნირის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახური კლუბი იყო და ქართველი გოგონები 0:27 დამარცხდნენ. მომდევნო შეხვედრაში მალაღურაძის შეგირდები უკრაინის ვიცეჩემპიონს დაუპირისპირდნენ და კიეველები 17:0 დაამარცხეს. ამ გუნდის წარუმატებელი თამაში ბევრმა იმ ფაქტს დააბრალა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდი ახალი შეკრებილია, მაგრამ საქართველოში რაგბს 18 წელს გადაცილებული სულ 14 გოგონა მისდევს, არც ჩემპიონატი იმართება და სათამაშო პრაქტიკაც არავის აქვს...
საქართველოს ნაკრებმა შემდეგ თამაშში ადგილობრივ “აგროუნივერსიტეტს” უფრო დიდი ანგარიშით სძლია - 34:0, ამას მოჰყვა ასევე დიდი ანგარიშით მარცხი ტურნირის მომავალ გამარჯვებულ “ოტრადასთან” - 0:40. დასკვნით მატჩში კი, 31:5 გამარჯვება “ანატრასთან” და სამმა მოგებამ საქართველოს ნაკრებს მესამე ადგილი დააკავებინა.
ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მატჩები 8-9 ივნისს ჩეხეთში გაიმართება, მანამდე კი, ქართველი ლეგიონერები სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ამსტერდამის ტურნირში ჩაებმებიან.
ოდესის ტურნირის საუკეთესო ლელოების ხილვა აქ შეგიძლიათ -http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=jm-domiyF2o
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია