საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე ეტაპის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და უკვე ცნობილია ერთი გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.
ახალი რეგლამენტის თანახმად, პირველი ლიგის 15 გუნდი რეგიონალური პრინციპით ორ ზონად დაიყო. აღმოსავლეთ ზონაში 9 გუნდი მოხვდა, რომელთაგან 7 თბილისს (თიბისი, ივერია, ხულიგანა, დინამო, დევები, ტორნადო და სტუ) წარმოადგენდა, თითო-თითო კი, პატარძეულს (ვეფხვები) და გარდაბანს (მგლები). დასავლეთ ზონაში ექვსი გუნდი გაერთიანდა და რაც ყველაზე სასიხარულოა, ექვსივე სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი - ქუთაისის “ბაგრატი”, ფოთის “კოლხი რაინდები”, ბათუმის “დელფინები”, ოზურგეთის “არწივები”, საჩხერის “ჯრუჭი” და მარტვილის “მარტვილი”.
პირველ ეტაპზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებმა ცალ-ცალკე, ორ წრედ ითამაშეს და ორ-ორი საუკეთესო გუნდი გამოავლინეს. აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილი თბილისის “თიბისიმ” დაიკავა, რომელმაც 15 თამაში მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო მეორე ადგილზე 11 მოგებით და 5 მარცხით პატარძეულის “ვეფხვები” გავიდა, რომელმაც თბილისის “ივერიას” 4 ქულით აჯობა. დასავლეთის ზონაში 10-იდან 10 თამაში მოიგო ქუთაისის “ბაგრატმა”, ხოლო 8 მოგებით და 2 მარცხით მეორე ადგილი ფოთის “კოლხმა რაინდებმა” დაიკავეს.
მეორე ეტაპზე ეს ოთხი გუნდი ერთ ჯგუფში გაერთიანდა და ორ წრედ აგრძელებს ბრძოლას. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის პლეი ოფში ჩაებმებიან - პირველი ლიგის საუკეთესო გუნდი უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანს, თბილისის “ყოჩებს”, ხოლო პირველი ლიგის მეორეადგილოსანი უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსან თბილისის “აკადემიას” შინ და გარეთ ეთამაშება და საუკეთესოები ახალი სეზონიდან უძლიერეს ათეულში იქნებიან.
პირველი ლიგის ოთხეულმა უკვე 4 ტური მოილია. “თიბისიმ” ყველა თამაში მოიგო, სამჯერ აიღი პრემიალური ქულა და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს. მას 8 ქულით ჩამორჩება ქუთაისის “ბაგრატი” და 11-ით პატარძეულის “ვეფხვები”, ასე, რომ მინიმუმ მეორე ადგილი და პლეი ოფი განაღდებული აქვს. “ბაგრატმა” ორი თამაში მოიგო და ორი წააგო, მაგრამ სამი პრემიალური ქულა აიღო, “ვეფხვებსაც” ორ-ორი მოგება და წაგება აქვს, მაგრამ პრემიალური ქულების გარეშე და ქუთაისელებს 3 ქულით ჩამორჩებიან.
თუ მომდევნო ტურში პატარძეულის გუნდმა “თიბისის” დამარცხება ვერ შეძლო, ხოლო “ბაგრატმა” “რაინდებს” აჯობა, მაშინ მეორე ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ყველაფერი დალაგდება და “თიბისის” “ყოჩებთან”, ხოლო “ბაგრატს” “აკადემიასთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. V ტურის მატჩები 20-21 აპრილსაა დანიშნული, ოთხეულის თამაშები 28 აპრილს დასრულდება, ხოლო უმაღლესლიგელებთან პლეი ოფები 11-12 და 18-19 მაისს შედგება.
პირველი ლიგა. ფინალური ოთხეული
I რაუნდი
ბაგრატი - ვეფხვები 39:11
თიბისი - რაინდები 29:0
II რაუნდი
რაინდები - ბაგრატი 29:41
თიბისი - ვეფხვები 38:9
III რაუნდი
თიბისი - ბაგრატი 22:3
რაინდები - ვეფხვები 14:26
IV რაუნდი
რაინდები - თიბისი 3:41
ვეფხვები - ბაგრატი 25:20
1 | თიბისი (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 130-15 | 19 |
2 | ბაგრატი (ქუთაისი) | 4 | 2 | 0 | 2 | 103-87 | 11 |
3 | ვეფხვები (პატარძეული) | 4 | 2 | 0 | 2 | 71-111 | 8 |
4 | რაინდები (ფოთი) |
4 | 0 | 0 | 4 | 46-137 | 0 |
V რაუნდი
20 აპრილი. ქუთაისი. “დინამო”
ბაგრატი - რაინდები
21 აპრილი. პატარძეული
ვეფხვები - თიბისი
VI რაუნდი. 28 აპრილი
ბაგრატი - თიბისი
ვეფხვები - რაინდები
პლეი ოფი. 11-12 და 18-19 მაისს
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია