თბილისის “ლელო” დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიასთან” მთელი საათის განმავლობაში აგებდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში მეტოქე აშკარად დაჯაბნა, ორი ლელო გაიტანა, 24:16 იმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება დაიბევა.
შეგახსენებთ, იმის გამო, რომ 11-12 მაისს საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებს ინგლისში, ლონდონში ელის მსოფლიო სერიის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა, ფინალური თამაში 25 მაისს გაიმართება. მანამდე, ერთი კვირის თავზე, “არმიას” ფინალში გასვლის შანსი ექნება და მისი მეტოქე ქუთაისში, “აიასა” და თბილისის “არმაზს” შორის კვირას, 21 აპრილს გასამართ მატჩში გაირკვევა.
“არმიასა” და “ლელოს” ჯახი წვიმიან ამინდში გაიმართა. ამან მატჩს დიდი დაღი დაასვა და ხშირი იყო ტექნიკური წუნი, ბურთის ხელიდან გავარდნა, რის გამოც მეტოქეებს რამდენიმე სალელოვე შეტევა გაუცუდდათ, ან პირიქით, მეტოქეს ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცეს. ალბათ, სწორედ ამინდის ბრალია, გუნდების მწვრთნელებმა დამრტყმელები რომ დატვირთვეს და მათ ფეხით მაქსიმალურად ხშირი თამაში დაავალეს.
მატჩის დებიუტში გადაკიდებულ ბურთზე შეცდომა ირაკლი ყიასაშვილმა დაუშვა, რომელმაც საკუთარი ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში მისი დამორჩილება ვერ მოახერხა, ირაკლი ჩხიკვაძემ აღარ გარისკა, მამუკა ნინიძეს 1000 დოლარიანი გადაცემა გაუკეთა და ისიც უპრობლემოდ ძელებსშუა შეცურდა. ბახვა კობახიძემ იოლი გარდასახვა კიდევ 2 ქულად აქცია და “არმიამ” მე-10 წუთზე დიდი ჰანდიკაპი მიიღო - 7:0.
ამის შემდეგ ინიციატივა “ლელოს” მხარეს გადავიდა, ირაკლი გეგენავამ საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო, არასწორი მიმართულება აირჩია და წინ არმიელთა კედელი აეტუზა, მაგრამ ფეხით მარცხენა ფლანგზე იდეალური გაგრძელება მოძებნა, იქ ფეხითვე ყიასაშვილმა ითამაშა და ბურთის აღებისას ცოტა შეყოვნდა, თორემ, ხუთიოდე მეტრის გადალახვა პრობლემა აღარ იყო. მოკლედ, ლელო არ შედგა, მერე ლელოელებმა არც ჯარიმა დაარტყეს, კიდევ ერთხელ შექმნეს ფლანგზე უპირატესობა, მაგრამ ამით კვლავ ვერ ისარგებლეს და კარგი შეტევა უქულოდ დაასრულეს.
“ლელომ” უპირატესობა პირველ ქულებში მე-20 წუთზე ასახა, როდესაც 22 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, მერე მანვე გასატანი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ 29-ე წუთიდან უფრო რთული პოზიციიდან ზუსტად დაჰკრა. თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რომ ესწრებოდა, “არმიელებმა” მოინდომეს, ლექსო გუგავას შეცდომით ისარგებლეს, რომელაც გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და ბახვა კობახიძემ ჯარიმა გაიტანა. ტაიმის ბოლოს “ლელო” ერთხელაც დაჯარიმდა, ამჯერად რეფერიმ მათი კაპიტანი გიორგი კაჭარავა გაასინბინა და კობახიძემ 7 ქულიანი უპირატესობა აღადგინა - 13:6.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად “არმიას” იერიშებით დაიწყო, მაგრამ მოედანს კაჭარავა რომ დაუბრუნდა, ლაშა ხმალაძემ ნინიძეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და მერე ბურთი რომ დაემორჩილებინა, ლელოც გავიდოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ყიასაშვილმა ჯარიმით 3 ქულის აღების შანსი ხელიდან არ გაუშვა, რაზეც “არმიამ”, კერძოდ კობახიძემ, ჯარიმითვე 3 ქულით უპასუხა - 16:9 56-ე წუთზე. ამის შემდეგ “ლელო” თამაშის მსვლელობის სრული ბატონ-პატრონი გახდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
ლაშა ხმალაძემ ხაზი იოლად გაჭრა, ორ მცველთა კონტაქტს მოერიდა, თან მარჯვენა ფლანგზე მიმყოლები იგრძნო და ფეხით ითამაშა, ყიასაშვილს კობახიძემ დაასწრო და ვარდნაში ბურთი აუტში გაუშვა. მაგრამ “ლელო” ჩათვლის მოედნიდან 6-7 მეტრში დერეფანი მოიგო, კარგი მოლი დააყენა და რევაზ ბელქანიამ ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა და ლიდერად კვლავ “არმია” დარჩა, თუმცა, ხმალაძემ ხაზი კიდევ ერთხელ რომ გაჭრა, გრძელ ფრთაზე უპირატესობის გამოყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ მეტოქე დაჯარიმდა და ყიასაშვილმა ამჯერად ზუსტად დაჰკრა - 17:16.
მალე გიორგი ჭყოიძემ გაჭრა ხაზი და ამ ეპიზოდს ლელო შემთხვევით არ მოყვა. ამასობაში, 75-ე წუთიც დადგა და “ლელომ” ულამაზესი ლელო გაიტანა. ხმალაძემ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ფეხით მოკლეზე, 6-7 მეტრზე გადაკიდა, ბურთი თორნიკე ცერცვაძემ აიღო და სანამ მეტოქე გონს მოეგებოდა, ლექსო გუგავას გავლით ის სწრაფად მივიდა მარჯვენა ფლანგზე ირაკლი გეგენავასთან, რომელიც მაღალი სიჩქარით ყველას გაექცა და არმიელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია. ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და ცხადი გახდა, დარჩენილ დროში “არმია” 8-ქულიან ჩამორჩენას ვეღარ აღმოფხვრიდა. 24:16 - ასე იმარჯვა “ლელომ” და 25 მაისამდე მშვიდად იქნება, “არმიას” კი, შეცდომების გაანალიზება მოუწევს, რათა ერთი კვირის თავზე თბილისში კვლავ ხელმოცარული არ დარჩეს და “აიასთან”, ან “არმაზთან”, ტიტულის შენარჩუნების შანსი ვადაზე ადრე არ დაკარგოს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
პლეი ოფები. შესარჩევი და გასავარდნი
20 აპრილი. თბილისი. “ავჭალა”. 1200 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:24 (13:6)
არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ა. ტუჩაშვილი, 13. გ. ჯიმშელაძე (გ. გაგოშვილი), 12. ი. ჩხიკვაძე, 11. ლ. გოგოლაშვილი (ვ. გაბროშვილი), 10. მ. ნინიძე, 9. რ. ჯინაშვილი; 1. გ. კაკოვინი (ი. ქორიძე), 2. შ. მამუკაშვილი (ბ. მეკოკიშვილი), 3. დ. გურგენიძე (ტ. დონაძე), 4. ი. სურგულაძე, 5. ლ. აზალაძე, 6. გ. თხილაიშვილი (მ. არჩუაშვილი), 7. ბ. ბიწაძე, 8. ხ. ბუჯიაშვილი.
1 ლელო: ნინიძე
1 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე
ლელო: 15. ი. ყიასაშვილი, 14. ი. გეგენავა, 13. ლ. გუგავა, 12. თ. ცერცვაძე, 11. ა. ნიჟარაძე, 10. ლ. ხმალაძე, 9. გ. კაჭარავა; 1. ბ. გოგიშვილი, 2. რ. ბელქანია, 3. ნ. პატარაია, 4. ნ. ჭეიშვილი (ბ. ნიკოლაიშვილი), 5. ს. ქოიავა, 6. ე. სურგულაძე, 7. ლ. დარასელია (ვ. მძინარიშვილი), 8. გ. ჭყოიძე.
2 ლელო: ბელქანია, გეგენავა
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
4 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 სინბინი: კაჭარავა
21 აპრილი. ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
მცირე ფინალი. 27 ან 28 აპრილს
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია