ამბები

21:11 | 27.12.2014 | ნანახია 2213 - ჯერ

“არმაზი” ბოლომდე დაბრუნდა

თბილისის “არმაზმა” ზედიზედ მეორე გადადებული თამაში მოიგო, უშუალო კონკურენტთან მორიგი 4 ქულა მოიპოვა, მე-7 პოზიციამდე დაწინაურდა და უკვე 2015 წელს საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს.

“ავჭალის” სარაგბო სტადიონზე მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა გაიმართა და რაგბი 31 იანვრამდე დაგვემშვიდობა. მეორედ ორი კვირის განმავლობაში, “არმაზი” “ლოკომოტივს” ეთამაშა და განცდილი მარცხისათვის დრამატულ მატჩში რევანშის აღება მოახერხა. განსხვავებით ორი კვირის წინანდელი მატჩისა, 27 დეკემბერს კარგი დარი გამოვიდა და მორაგბეებმაც ხელოვნურსაფარიანი მოედნიდან ბუნებრივზე გადაინაცვლეს. კიდევ ერთი სხვაობა ის იყო, რომ არმაზელთა შემადგენლობაში დავით კიკნაძე თამაშობდა და ამან საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

თუმცა იყო მსგავსებაც. ანგარიში “არმაზმა” კიკნაძის ჯარიმით გახსნა და თანაც დავით ჩიტიძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ ამ 10-წუთიან მონაკვეთში ბექა წიკლაურმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ კონტრშეტევა ლელოთი დააგვირგვინა და წიკლაურის გარდასახვის შემდეგ შესვენებამდე აღარაფერი შეცვლილა - 10:3 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ. სწორედ ასე დასრულდა ორი კვირის წინანდელი მატჩის პირველი ტაიმი და მაშინდელის მსგავსად მეორეს დასაწყისში ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დავიდა.

ამის შემდეგ სცენარი შეიცვალა. რკინიგზელებმა ლელოს გატანა რომ ვერ შეძლეს, წიკლაურმა ჯარიმით ანგარიში 13:6 გახადა, რის შემდეგაც სინბინით უკვე გივი ბერიშვილი დაისაჯა და ამჯერად “არმაზმა” მეტობა გამოიყენა. ლელო გიორგი სოსელიას ანგარიშზეა და კიკნაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ სანამ “ლოკომოტივის” შემადგენლობა შეივსებოდა, ფარნავაზ გასვიანმა ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. არმაზელების მონდომება კიდევ უფრო გაიზარდა და კიკნაძემ 74-ე წუთზე ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, ხოლო 78-ეზე ზედ ცენტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და “არმაზმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ის არა მხოლოდ გადათამაშების ზონას დაშორდა, არამედ საპლეიოფო ადგილს მიუახლოვდა. “ლოკომოტივმა” ერთი პრემიალური ქულა მიითვალა და ქულებით “აიას” გაუტოლდა, მაგრამ ის პირისპირი ბალანსით უკან მოიტოვა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

27 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 18:19 (10:3)

ლოკომოტივი: 15. დიტო კალანდაძე, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურა ძნელაძე, 12. დათო ჟამუტაშვილი (სანდრო ქავთარაძე), 11. გიორგი შკინინი, 10. ბექა წიკლაური, 9. შალვა დავითაშვილი (შალვა კლიმიაშვილი); 1. აჩიკო ბეჟაშვილი (დავით გასვიანი), 2. ირაკლი კვანტიძე (ლევან გენებაშვილი), 3. ომარ ბალიაშვილი (სოსო ბეკოშვილი), 4. გიორგი გეგია, 5. დავით ჩიტიძე (ფარნავაზ გასვიანი), 6. ლაშა ფოფხაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

2 ლელო: ძნელაძე, ფ. გასვიანი

1 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

2 სინბინი: დ. ჩიტიძე, გ. ბერიშვილი

არმაზი: 15. რევაზ ბროძელი, 14. ლაშა სირაძე, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. ვილი კაიფაჯიანი, 11. ნიკოლოზ პინაიშვილი, 10. დავით კიკნაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ირაკლი ჩომახაშვილი, 2. გიორგი სოსელია, 3. გიორგი მარგველანი, 4. შოთა კანდელაკი, 5. გიორგი ჭელიძე, 6. ნიკა გიგაური, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. ბესო ბარბაქაძე.

1 ლელო: სოსელია

1 გარდასახვა: კიკნაძე

4 ჯარიმა: კიკნაძე

1 ყოჩები 11 10 1 0 256-136 44
2 ბათუმი 11 6 1 4 205-175 30
3 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
4 ხარები 11 6 2 3 204-156 30
5 ლოკომოტივი 11 4 1 6 165-162 24
6 აია 11 5 0 6 172-175 24
7 არმაზი 11 5 0 6 184-212 22
8 ჯიქები 11 4 1 6 149-166 20
9 არმია 11 4 0 7 151-217 19
10 თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150-298 7


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078124