ამბები

18:35 | 26.12.2014 | ნანახია 1917 - ჯერ

წლის ბოლო მატჩით გასწორდება

შაბათს, 27 დეკემბერს, 14:00 საათზე XXV ეროვნული ჩემპიონატის განვლილი XI ტურის ბოლო გადადებული თამაში გაიმართება და 2014 წელიც შიდა ასპარეზისთვის ამით დასრულდება.

დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებმაც პირველი წრის გადადებული თამაში სულ რაღაც ორი კვირის წინ გამართეს. მაშინ მატჩი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მთელი საათი დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ ამ საათშიც გამოჩნდა, რომ “ლოკომოტივი” უფრო მაღალი კლასის გუნდი იყო, “არმაზმა” ტერიტორიული უპირატესობის ფონზე მხოლოდ 3 ჯარიმა გაიტანა, თავად კი, ორი ლელო გაუშვა. როგორც მსგავს სიტუაციებში ხდება ხოლმე, დასკვნით მეოთხედში რკინიგზელებმა კიდევ ორო ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და 27:9 მოგებით საპლეიფო მე-6 ადგილზე აღზევდნენ.

მას შემდეგ “არმაზმა” კიდევ ერთი გადადებული თამაში გამართა და “ჯიქების” 19:11 ძლევით ბოლოსწინა ადგილს თავი ვერ დააღწია, მაგრამ ბრძოლაში კი დაბრუნდა და “ლოკომოტივს” და მე-6 ადგილს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. “არმაზს” ამ სხვაობის აღმოფხვრა ხვალვე შეუძლია, მაგრამ ამისათვის მეტოქე პრემიალური ქულით უნდა დაამარცხოს. პრინციპში, არმაზელებისთვის არც უპრემიო გამარჯვება უნდა იყოს ურიგო ვარიანტი, რადგან ერთბაშად ორი ადგილით დაწინაურდება და ექვსეულიც იქვე იქნება.

სულ სხვა გეგმები აქვს “ლოკომოტივს”, რომლისთვის გამარჯვება კიდევ ერთი საფეხურით წინსვლის და მეორე ადგილთან მიახლოვების საშუალებაა, ხოლო რეგულარული გათამაშების მეორე საფეხურზე დასრულება გუნდს პლეი ოფში კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. რადგან ხვალ მზიანი, ყოველ შემთხვევაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ამჟამად თამაში ბუნებრივ საფარზე გაიმართება და მოთამაშეებთან ერთად მაყურებელიც კომფორტულად იგრძნობს თავს, მერე კი, საქართველოში რაგბი 31 იანვარამდე დაგვემშვიდობება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

27 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

1 ყოჩები 11 10 1 0 259-136 44
2 ბათუმი 11 6 1 4 205-175 30
3 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
4 ხარები 11 6 2 3 204-156 30
5 აია 11 5 0 6 172-175 24
6 ლოკომოტივი 10 4 1 5 147-143 23
7 ჯიქები 11 4 1 6 149-166 20
8 არმია 11 4 0 7 151-217 19
9 არმაზი 10 4 0 6 165-194 18
10 თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150-298 7


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074819