ამბები

11:58 | 25.12.2014 | ნანახია 4466 - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: “მთავარია, არ გავჩერდეთ”

ქართული რაგბისათვის 2014 წელი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო თასზე თამაშის უფლება და ევროპის ერთა თასის მეშვიდედ მოგებით, ინგლისში მისთვის სასურველ ჯგუფში მოხვდა; 19-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” გავიდა; პირველად ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში, ქართულმა კლუბმა (კლუბების ნაკრებმა) მეორე დონის ევროპის საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა; გადაწყდა, რომ თბილისში აშენდება წმინდა სარაგბო, 25-30 ათასი ტევადობის მოედანი.

იყო ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ქართული რაგბის გულშემატკივრებს არ მოეწონათ. მაგალითად, იმავე საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობაზე უარის თქმა. “მსოფლიო სპორტი” საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს შეხვდა, 2014 წლის მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

- როგორი იყო 2014 წელი ქართული რაგბისათვის და რამდენად შესრულდა დასახული ამოცანები?

- ვფიქრობ, 2014 წელი ქართული რაგბისათვის კარგი იყო. პროგრესი გრძელდება და უმთავრესი სწორედ ესაა. შესაძლოა, არა ისეთი ტემპით, როგორიც გვინდა, მაგრამ მთავარია, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ. ყოველ ახალ წელიწადს კონკრეტული, ამბიციური გეგმით ვხვდებით და დასახულის დიდი ნაწილი სრულდება. ამასთან რაღაცას ჩვენ ვერ ვახერხებთ, ხოლო რაღაცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ გამოგვდის.

დავიწყოთ საქართველოს ჩემპიონატით, რომელსაც “თბილისის კავკასიელების” “ჩელენჯ ქაფზე” მონაწილეობის გამო უამრავი პრობლემა შეექმნა. ტურნირის ორგანიზატორებისგან ბოლო მომენტამდე არ გვქონდა ინფორმაცია და ლამის ბოლო წუთებში იძულებითი ნაბიჯების გადადგმა მოგვიხდა, რამაც აწყობილი კალენდარი დაანგრია - გადმოიწია ჩემპიონატის დაწყების თარიღმა, შეიქმნა ორი და სამკვირიანი ფანჯრები და ამ ყველაფერმა უმაღლესი ლიგის კლუბების თამაშის ხარისხზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონია. გუნდებს პრაქტიკულად დაენგრათ მოსამზადებელი პროცესი, ისინი მხოლოდ მეორე ნაწილში შევიდნენ ფორმაში და წლის ბოლოს ბევრი კარგი თამაში ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე წრე უშეღავათო ბრძოლაში ჩაივლის და გულშემატკივარი ბევრ საინტერესო ორთაბრძოლას იხილავს.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა “ყოჩების” დაბრუნება, რომელსაც 2-3 წლიანი კრიზისი ჰქონდა, ახლა კი, ამ ტრადიციულმა, დიდი ისტორიის მქონე კლუბმა დიდება დაიბრუნა და ის, რომ ბოლნისელები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, სრულიად კანონზომიერია. არ შემიძლია არ აღვნიშნო “ბათუმის” და რუსთავის “ხარების” პროგრესი. ამას დავამატოთ მოქმედი ჩემპიონი “ლელო” და “ლოკომოტივი”, რომელიც საპლეიოფო გუნდია და იქ მოხვედრის შემთხვევაში სრულიად სხვა სახით წარსდგება. მეექვსე საგზურისთვისაც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და დარწმუნებული ვარ, პლეი ოფში პროგნოზის გაკეთება ძალიან სახიფათო იქნება. ამ ეტაპისთვის ირლანდიელი მსაჯების ჩამოყვანას ვეცდებით და ისინი მატჩებს საუკეთესო ქართველ მსაჯებთან ერთად მოემსახურებიან. ვფიქრობ, ყველა პრობლემის მიუხედავად, საბოლოოდ ჩემპიონატი მაინც შედგება.

მოკლედ, მიუხედავად მოთამაშეების უცხოეთში გადინებისა, ჩვენი ჩემპიონატი ვითარდება. კარგია, რომ ამ კუთხითაც გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და მოთამაშეები ნაკლებადგანვითარებულ სარაგბო ქვეყნებში აღარ მიდიან. სამაგიეროდ ბევრი ახალგაზრდა ერთვება კარგი ჩემპიონატის გუნდებში, მაგალითად საფრანგეთში და ამას ხელს ვერც და არც შევუშლით. ნებისმიერი რამ, რაც ქართულ რაგბიში ხდება, უწინარესად ეროვნული ნაკრების ინტერესს ემსახურება. ისაა პირამიდის წვერი და რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება საზღვარგარეთ, ძლიერ კლუბში, მით უკეთესი. სამწუხაროდ, ამჟამად ასეა - ქართულ კლუბებში არაა იმის პირობები, რომ სანაკრებოდ მოთამაშეები აქ უკეთ მოემზადონ. იმედია, სამომავლოდ მსგავსი მოთამაშეების შენარჩუნებაც მოხერხდება, მაგრამ ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დამოკიდებული და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

ახალგაზრდულ ნაკრებებში ყველაფერი ნორმალურადაა. 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ პირადად მე გამარჯვებაზე მეტ მნიშვნელობას თამაშის ხარისხს ვანიჭებ. ესაა ძალიან საინტერესო გუნდი პერსპექტიული ბიჭებით და ძლიერი სამწვრთნელო შტაბით, რომელთა მუშაობითაც ყველანი კმაყოფილი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ 18-წლამდელებმა იტალიასთან წააგეს და თითქოს ერთი საფეხურით უკან დავიწიეთ, ამ ასაკშიც ძალიან მაგარი თაობაა. იტალიასთან მარცხი წარუმატებლად არ უნდა ჩავთვალოთ, მით უმეტს, რომ ასე ჩათვალეს ევროპული რაბის მესვეურებმაც და საქართველოს ნაკრები ელიტაში ყოველგვარი შესარჩევი ეტაპის გარეშე დატოვეს. 18-წლამდელთა ნაკრებს გამიცდილი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი ავარჯიშებს და ახლა მას მიხეილ სუჯაშვილი დაეხმარება. ვფიქრობ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელები კიდევ უფრო გვასახელებენ. რამდენიმე თამაში ჩაატარეს 15-წლამდელებმა და მათი შედეგებითაც კმაყოფილი ვარ.

ინგლისის საგრაფოების ძალიან ძლიერ ნაკრებთან კარგი მატჩები ჩაატარა “მზარდმა საქართველომ” და მინდა შევაქო მწვრთნელთა საბჭო, რადგან პირველი, პირწმინდად წაგებული თამაშის შემდეგ, 4 დღეში ჩვენ სრულიად სხვაგვარი გუნდი ვიხილეთ, რომელმაც მეტოქეს არაფერი დაუთმო. გამოჩნდა პოტენციალი და სწორედ მუშაობის შემთხვევაში, მისი გამოყენება შეიძლება. 7-კაცა ნაკრები მწირი რესურსის გამო კვლავაც პრობლემებს განიცდის. მწვრთნელები ვერასდროს ახერხებენ მათთვის სასურველი მოთამაშეების შერჩევას. თუმცა, 2014 წელიწადი მოსამზადებელი იყო, ხოლო გადამწყვეტი 2015 წელი იქნება, როდესაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებში მოგვიწევს მონაწილეობა და იმედია, შედეგები უფრო მეტად წარმატებული გვექნება. უდავოა, რომ ვითარდება ქალთა ნაკრები და ზოგადად ქალთა რაგბი.

ეროვნულმა გუნდმა სეზონის მთავარი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა და ულაპარაკოდ მოიგო ერთა თასი. ივნისის ტურნირზე ვერასდროს ვახერხებთ მთავარი გუნდის შეკრებას და პრინციპში, ამ ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ. მიუხედავად ამისა, მიზანი მაინც გამარჯვება იყო, რაც ვერ შესრულდა და ტურნირს წარმატებულად ვერ მივიჩნევთ. თუმცა, მეორეს მხრივ, მოთამაშეთა გამოცდის ნაწილში, მწვრთნელებმა საქმეში არაერთი ახალგაზრდა იხილეს და ეს სასარგებლო და კარგია. ტესტ-მატჩები ცალსახად პოზიტიური იყო. ტონგასთან და ირლანდიასთან მარცხი სამწუხაროა, მაგრამ საჭირო წაგებებია. სწორედ ასეთ გუნდებთან თამაშებში უნდა დაინახო პრობლემები, მინუსები, ის რისი გამოსწორებაც აუცილებელია.

არ ვაპირებთ იმაზე საუბარს, რომ ბევრი მორაგბე გვაკლდა - ტონგა ჩვენზე ძლიერი იყო და მოგვიგო, მაგრამ დაგვანახა ჩვენი სისუსტეები. შეგვეძლო უკეთ თამაში, მაგრამ ეს ჩვენზე ძლიერმა გუნდმა არ დაგვანება. ახლა ჩვენია საქმეა, რომ აქედან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ირლანდიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. უდიდესი პატივია, როდესაც მსოფლიოს მესამე გუნდი “ავივაზე” სათამაშოდ გეპატიჟება. აქ სერიოზულად იჩინა თავი ლიდერების არყოფნამ და რეალურად, მსაჯობამაც. გეცოდინებით, ერთ-ერთ სარაგბო გადაცემაში ეს შეხვედრა გაირჩა და 3 ლელოზე დანამდვილებით ითქვა, რომ არ უნდა ჩათვლილიყო, ხოლო კიდევ 2-ზე კითხვის ნიშნები დაისვა. მხოლოდ 3 ლელო რომ ავიღოთ, მივამატოთ მას გარდასახვები და ეს 21 ქულა გამოვაკლოთ 49-ს გამოვა, რომ რეალურად ირლანდიასთან 7:28 უნდა წაგვეგო, ასეთი სხვაობით კი, ირლანდია ჩვენზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც ამარცხებს. ამ ორი თამაშის სარგებლიანობა მესამე მატჩში, იაპონიასთან გამოჩნდა, როდესაც მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ და ბრწყინვალე სტილში დავამარცხეთ. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა იაპონიისას ტაქტიკურად და სტრატეგიულად მოუგო, ხოლო ბიჭებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულეს. რომ არა 2 ძალიან უხეში შეცდომა, იმ 2 ლელოსაც არ მივიღებდით და გამარჯვებაც უფრო ტკბილი იქნებოდა.

- 2 წლის წინ, იაპონიასთან მარცხის შემდეგ თქვით, რომ ამ გუნდს თბილისში აუცილებლად ჩამოიყვანდით და რევანშს ავიღებდით. ეს წინასწარმეტყველება ახდა და ახლა რას იტყვით, შევძლებთ ტონგასთან რევანშის აღებას?

- წავიკითხე მამუკა გორგოძისა და ვასილ კაკოვინის ინტერვიუები და კმაყოფილი ვარ ეროვნული ნაკრების ლიდერების საქმისადმი მიდგომით. 100 პროცენტით ვიზიარებ მათ პოზიციას, რომ არ უნდა გავაჩინოთ გულშემატკივარში ფუჭი მოლოდინი, თითქოსდა მსოფლიო თასზე 2 თამაში აუცილებლად მოსაგებია. ტონგა ჩვენზე უკეთესი გუნდია და ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენი მიზანი და სურვილი მაინც 2 თამაშის მოგებაა, რათა პროგრესი გაგრძელდეს. ჩვენ ამ გუნდთან შანსი გვაქვს! ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საუკეთესო ფორმაში 4 წელიწადში ერთხელაა და ეს მსოფლიო თასის წინ ხდება, რომლამდეც გუნდი ორნახევარითვე ყველა მიმართულებით ემზადება. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იქნება ტონგაც და ისიც ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგედ მოგვევლინება; მეორე ისაა, რომ ტონგას ყველა ძლიერი მხარე უკვე ვნახეთ და არ მგონია ტონგას ბოლომდე დაენახოს ჩვენი ძლიერი მხარეები, რადგან ფაქტობრივად მთელი თამაში დაცვაში გავატარეთ; ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ჩვენი გუნდის წევრი იყოს ჯანმრთელად და თუ ეს ყველაფერი აგვეწყო, ამას დაემატება სწორი ტაქტიკა, თავდადება, რაც გუნდს არასდროს აკლია, და რასაკვირველია იღბალი, რაც ყოველთვის საჭიროა სპორტის ნებისმიერ სახეობაში და ვნახოთ, რა იქნება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე ამ თამაშის მოსაგებად გავა!

მეორე თამაში არგენტინასთან გვაქვს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ის უკვე შეუერთდა 3 ერს, ყოველ წელს ეთამაშება ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ავსტრალიას და ახლახან პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა ფანტასტიკურად გადაწყვიტა და უმტკივნეულოდ გაიარა თაობათა ცვლის პრობლემა. ჩემი აზრით, ახლანდელი არგენტინის ნაკრები უკეთესია, ვიდრე ვეტერანებთან ერთად იყო. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მის წინააღმდეგ. არგენტინას 2 მსოფლიო თასზე შევხვდით და მერე მასთან სტუმრად ტესტ-მატჩი გავმართეთ. სხვათა შორის, ზუსტად იმ შემადგენლობასთან, რომელიც ახლა არგენტინის ნაკრების პირველი გუნდი. მინდა ვთქვა, რომ არგენტინის რაგბის კავშირთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. თავის დროზე, მათ ირბ-სგან მოიპოვეს 2,5-მილიონიანი გრანტი და “ვოდაკომის” გათამაშებაში ჩართეს გუნდი, რომელიც ახლა ნაკრების ბირთვს წარმოადგენს. ამ პროექტმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო. და მაინც, პატაგონიელებთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, ვიცნობთ არგენტინელების სტილს და ვნახოთ რა გამოვა. მოედანზე იმ განწყობით უნდა გავიდეთ, რომ სწორი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს დაველოდოთ.

ახალ ზელანდიასთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი პატივი და მოტივაციაა. ვეთამაშებით პლანეტის საუკეთესო ნაკრებს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე, კარდიფში, “მილენიუმზე”, რომელიც გადაჭედილი იქნება. აქ უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ მსოფლიო თასზე მეოთხედ შემთხვევით არ ვართ. ბოლო თამაში ნამიბიასთან გვიწევს, რომელთანაც მოგებაა დაგეგმილი, მაგრამ არც ეს იქნება იოლი შეხვედრა. ნამიბია მსოფლიო თასზე ძლიერი გუნდით წარსდგება, გაძლიერებული სამხრეთ აფრიკელი მორაგბეებით და ნურავინ იფიქრებს, რომ მათთან მოგება “ჯიბეში გვაქვს”. საომარი ბევრი იქნება, მით უმეტეს, რომ ზელანდიის შემდგომი თამაშია და რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 5 დღე გვექნება. დიდი შრომა დაგვჭირდება, ინგლისში სურვილების რეალიზება და მიზნების მიღწევა რომ მოვახერხოთ.

- მსოფლიომდე გვაქვს ერთა თასი. რას გეგმავენ მწვრთნელები, ახალგაზრდებს მისცემენ შანსს თუ ძირითასი ბირთვით ვითამაშებთ?

- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი საკითხია და მე მხოლოდ ჩემი პოზიციის დაფიქსირება შემიძლია. ვფიქრობ, რომც მოვინდომოთ, უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მაინც ვერ მოხერხდება. გასათვალისწინებელია ტრავმები, ან ტრავმების შემდეგ ლიდერების დაბრუნების საკითხი, რომელთაც უმჯობესია კლუბის შემადგენლობაში უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ, ვიდრე, ვთქვათ, გერმანიასთან. ვფიქრობ, იქნება ერთგვარი ნაზავი. ეროვნული ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი შვებულებიდან 8 იანვარს ჩამოდის და ის თავად წარმოადგენს ამ საკითხთან მიმართებაში საკუთარ ხედვას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ახალი სახეებიც იქნებიან, ისეთები, რომელთაც აქამდე ნაკრებში არ უთამაშიათ. ეს ჰეიგმა ჩემთან საუბარში გაამხილა.

- განვლილი 3 წლის პროგრესზე ვსაუბრობთ, ჰეიგმა ქართული ენა შეისწავლა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ხომ არ იგეგმება?

- ერთი წლით ადრე მსგავსი საუბარი არასდროს იმართება. მსოფლიო თასის შემდეგ მის გაწეულ სამუშაოს შევაფასებთ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. ის ნამდვილადაა არაჩვეულებრივი ადამიანი და საუკეთესო პიროვნება, თუნდაც ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებით იმსახურებს პატივისცემას და საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ნაკრები გაუწვრთნია. მას ისე უყვარს საქართველო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა. რაღაც ფორმით, ალბათ, ის ქართულ რაგბიში მომავალშიც დარჩება, მაგრამ ნაკრებში მის მუშაობაზე მხოლოდ მსოფლიო თასის შემდეგ ვისაუბროთ.

- აგერ უკვე 4 წელიწადია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” მოგებას ველით. შევძლებთ წელს ნავსის გატეხვას?

- გეთანხმებით, რომ 4 წელიწადია “ალაფის” მოგებას ვგეგმავთ, მაგრამ მიზანს ვერაფრით ვაღწევთ. თუკი პირველ 2 წელიწადს ამისათვის ობიექტურად არ ვიყავით მზად, ჰონკონგში გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ, რადგან გუნდი აბსოლუტურად მზად იყო მიზნის მისაღწევად. რომ არა პატარ-პატარა პრობლემები, პოტენციურად, ეს გუნდი მიზანს შესწვდებოდა. ვთვლი, რომ წელს ძალიან კარგი თაობა და სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რომელმაც მზადების კარგად დამუშავებული გეგმა წარმოადგინა და გამგეობამ ის უკვე დაამტკიცა. აქ 6 თვის ყოველი დღეა გაწერილი, მაგრამ პროგნოზისგან თავი უნდა შევიკავოთ. “ალაფაზე” წელს ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე ფიჯი იქნება, რომელიც ალბათ, წლევანდელ ტონგაზე უფრო ძლიერია. ამოცანა ისეთივეა, როგორიც წელს გვქონდა, ანუ მსოფლიოს 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

-რაიმე სიახლე ხომ არაა 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით?

- 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ჩატარების უფლების მოპოვებას ჩვენი ქვეყნისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ეს ტურნირი გარდა რაგბის პოპულარიზაციისა, ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად აამაღლებს და სხვა უამრავ სიკეთეს მოუტანს. იყო ჩამოსული კომისია, რომელმაც შეისწავლა სიტუაცია და მოგვცა შენიშვნები. იანვრის ბოლოს თბილისში ჩამოვლენ “ვორლდ რაგბის” მაღალი დონის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც შეხვდებიან ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრემიერ-მინისტრს და იქ გადაწყდება მასპინძლობის საკითხი. ამ ეტაპზე მთავრობამ წერილობითი გარანტია უნდა მისცეს “ვორლდ რაგბის”, რომ მზადაა მსოფლიო თასის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წერილი უმოკლეს ვადებში გაიგზავნება. ამ დონის შეჯიბრების მისაღებად, რომლის მსგავსიც საქართველოში არასდროს ჩატარებული და აღმოსავლეთ ევროპასაც ამ დონის სარაგბო ტურნირისთვის არასდროს უმასპინძლია, მთელმა ქვეყანამ უნდა იბრძოლოს და არა მხოლოდ რაგბის კავშირმა.

- “ჩელენჯ ქაფზე” და მის შესარჩევ ტურნირზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მაგრამ კიდევ ერთხელ გვითხარით, რა მოგვცა ჩატარებულმა ორმა თამაშმა და რას ვკარგავთ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რა თქმა უნდა, თუ საერთოდ რამეს ვკარგავთ?

- ორმა თამაშმა დაგვანახა, რომ იტალიას საკლუბო დონეზე ბევრი არაფრით ჩამოვუვარდებით და წარმატების შანსიც გვქონდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. რაც შეეხება მომავალში ამ ტურნირში მონაწილეობას, ეს ბევრ სირთულეს შეგვიქმნიდა. უკვე გაცხადდა, რომ იქ კლუბების ნაკრებს აღარ დაუშვებენ და მხოლოდ კონკრეტულმა გუნდმა უნდა მიიღოს მონაწილობა - და რომელ ქართულ კლუბს აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ დაახლოებით მილიონი მხოლოდ იქ მონაწილეობაში დახარჯოს? გამოდის, რომ ამ კლუბს სახელმწიფო და რაგბის კავშირის უნდა დაეხმაროს, შედეგად კი, მივიღებთ მონსტრ გუნდს, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებს შეისრუტავს და დანარჩენი კლუბები, შესაბამისად, ჩემპიონატი დაზარალდება. ეს ყველაფერი, საუკეთესო ვარიანტის ძებნა, უნდა იყოს რაგბის კავშირის, სახელმწიფოს, სპონსორების მსჯელობის საგანი. ჩვენ ამაზე უკვე ვმსჯელობთ და ეგებ ჯობდეს, რომ ამ ეტაპზე ბევრად ნაკლებ თანხად კლუბები წინასასეზონოდ გავუშვათ უცხოურ ქვეყნებში, სადაც წამყვან გუნდებთან გამართავენ ამხანაგურ შეხვედრებს და 2-3 წლის შემდეგ დავფიქრდეთ ევროთასებში ჩართვაზე? ნებისმიერ შემთხვევაში 2016 წლამდე ევროთასებში არ ჩავერთვებით და მერე ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავიღოთ პასუხისმგებლობა.

- ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში მსაჯების მიმართ პრეტენზია მრავლად ისმის...

- შეცდომები საქართველო-ირლანდიის მსაჯმაც დაუშვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით სწორი გზით მივდივართ, ახალგაზრდა ქართველი მსაჯები იზრდებიან და დღეისათვის არსებული 92 ახალგაზრდისგან აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ისეთი, რომლებიც მომავალში უმაღლესი დონის მსაჯები გახდებიან. მანამდე დასასჯელი აუცილებლად უნდა დაისჯება და წარმატებული წახალისდება. ხელშეუხებელია არავინაა და თუ ვსჯით მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, გამონაკლისი არც მსაჯები იქნებიან. მინდა აღვნიშნო, რომ სამსაჯო კომიტეტი კარგად მუშაობს. ეს დიდი პროექტიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მსაჯები ჩვენი ოჯახის წევრები არიან, რომელთა მიმართ დიდი პატივისცემა და ნდობა გვაქვს, მაგრამ შეცდომებზე ჩვენც ვისჯებით და გამონაკლისს ვერავისთვის დავუშვებთ.

- გაჟღერდა, რომ თბილისში წმინდა სარაგბო, 25-30 ათასი ტევადობის სარაგბო სტადიონი აშენდება. რა სიტუაციაა ამ მიმართულებით?

- ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ბურთი “ქართუს” მოედანზეა, რადგან სტადიონი “ქართუ ჯგუფმა” უნდა ააშენოს. ადგილი შერჩეულია - ამერიკის საელჩოსთან და რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკება არქიტექტურულ-დიზაინურ კომპანიებთან, ასევე მიწის კონფიგურაციასთან დაკავშირებით, რადგან იქ სხვა პროექტებიც უნდა გამხორციელდეს და ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მოსარგები. სასურველია, რომ მშენებლობა 2017 წლამდე დასრულდეს, მაგრამ თუ ამ დროისთვის ვერ მოესწრება და მოედანი 2018 წელს გვექნება, არც ესაა ტრაგედია. იმედია, რომ გაცხადებული საოცრება მატერიალურ საოცრებად გადაიქცევა და რამდენიმე წელიწადში სარაგბო სტადიონი გვექნება.

- რაგბის მსოფლიო და ევროპის მმართველმა ორგანიზაციებმა სახელები შეიცვალეს - ირბ “ვორლდ რაგბად”, ხოლო ფირა “რაგბი ევროპად” გადაკეთდა. სახელების გარდა, რეალურად თუ შეიცვალა რამე?

- ფირა და “რაგბი ევროპა” იმ სტადიაშია, როდესაც ცვლილებების მცდელობაა და რა გამოვა ამისგან მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ირბ-ს, ეს ჩვენი მეგობარი ორგანიზაციაა და გული მწყდება, როდესაც გულშემატკივარი არაინფორმირებულობის გამო მას უსაფუძვლოდ ლანძღავს. რაც ამ ორგანიზაციამ ქართული რაგბისთვის გააკეთა, ჩვენგან ერთ ძეგლს ნამდვილად იმსახურებს. რომ არა მათი გვერდში დგომა და განსაკუთრებული სიყვარული ჩვენს მიმართ, რაც შრომით დავიმსახურეთ, ახლა ქართული რაგბის სულ სხვაგან იქნებოდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ სახელმწიფოსგან გარანტიების მიღების შემთხვევაში, ტენდერს არც გამოაცხადებენ, ისე მოგვცემენ 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას. აქედან ჩანს დამოკიდებულება. ელიტარული ქვეყნების გარდა, მსგავსი ტურნირი არსად ჩატარებული და ამ დროს ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - “ვორლდ რაგბი” არის ჩვენი მეგობარი, მხარდამჭერი და ჩვენთვის დიდი სიკეთის მსურველი ორგანიზაცია.

- რას ეტყვით “მსოფლიო სპორტის” მკითხველს?

- მინდა მთელი სარაგბო ოჯახის სახელით ერთგულ გულშემატკივარს და მათ შორის თქვენი საიტის მკითხველებს მივულოცო შობა-ახალი წელი. მათ დიდ პატივს ვცემ და ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, მშვიდობას და დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ ყველა მათგანს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა თითოეულ ქართულ ოჯახში სიხარული და იმედი შევიტანოთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078604