საერთაშორისო

11:32 | 24.02.2016 | ნანახია 1103 - ჯერ

არგენტინა ურუგვაის გადაურჩა

შეცვლაზე შესულმა პედრო მერსერატიმ ურუგვაის საკურორტო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში მასპინძლებს მატჩის მიწურულს ჯარიმა გაუტანა და ამერიკის ექვსი ერის მესამე ტურში „მზარდ არგენტინას“ 24:21 მოაგებინა.

არგენტინელებმა მასპინძლები პირველივე წუთებიდან წნეხის ქვეშ მოაქციეს, 9 ნომერმა მარკოს ბოლინიმ დრო იხელთა და ახლოდან ლელო გაიტანა, რასაც ხუან ნოვილოს გარდასახვა მოყვა. მარტინ სეკომ ჯარიმიდან 3 ქულა მალევე გაქვითა, მე-11 წუთზე კი, ურუგვაიხუან დიეგო ორმაეჩეას ლელოთი დაწინაურდა და გარდასახვით უპირატესობა კიდევ 2 ქულით გაზარდა. ამის შემდეგ სტუმრები მეტოქის 22-ში დასახლდნენ და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ ურუგვაიმ მათი სამი მძლავრი მიძალება შეაჩერა.

ტაიმის მიწურულს სტუმართა ფულბეკმა, ხოაკინის ძმა სეგუნდო ტუკულეტმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ურუგვაიმ ორი ჯარიმიდან ერთი გამოიყენა, ხოლო 37-ე წუთზე ფავარომ ლელო გაიტანა, ხოლო სეკომ გარდასახა - 18:7. ბურთის დამუშავების კუთხით არგენტინელებს პრობლემები მეორე ნახევარშიც ჰქონდათ და ამით ურუგვაიმ ბურთის ფლობის უპირატესობა მიიღო, მათ შორის კარგ შესატევ პროზიციებში, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.

მანამდე, მატჩის განახლებიდან 2 წუთში არგენტინელმა მოშვიდკაცე აქსელ მიულერმაკარგი სოლო გარღვევა განახორციელა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ურუგვაიმ მეტოქე შერკინებაში დაჯაბნა და სეკომ ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა, მერე კი, სტუმრებს ზედიზედ ორი ბურჯი გაუყვითლეს და „მზარდი არგენტინა“ მოედანზე 7 წუთით 13 კაცის ამარა დარჩა. საათის თავზე მორაგბე ურუგვაისაც გაუძევეს და ფრანკო კუარანტემ ლელო გაიტანა, მაგრამ ის გვერდითმა მსაჯმა უსამართლოდ გააუქმა.

70-ე წუთზე არგენტინელებმა ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრა აუტში გადაიტანეს და რამდენიმე ფაზის შემდეგ ლელო კაპიელომ ლელო გაიტანა, ხოლო მერსერატიმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, როდესაც მერსერატიმ 40-მეტრზე შორიდან, თანაც კუთხიდან ჯარიმა კარში დაარტყა, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და „მზარდმა“ არგენტინამ“ მძიმე ბრძოლაში იმარჯვა.

მომდევნო ტურში ურუგვაი მეზობელ ჩილეს ეწვევა, ხოლო არგენტინა კანადას დაუხვდება. სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 13 ქულით აშშ ლიდერობს, არგენტინას 12 ქულა აქვს, კანადა 10 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ურუგვაი მეოთხე პოზიციაზეა (6), ჩილე (4) და ბრაზილია (2) კი, ცხრილის ფსკერზე არიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078899