ამბები

15:56 | 22.12.2014 | ნანახია 2641 - ჯერ

სუთიაშვილმა და მჭედლიძემ ერთმანეთს გაუტანეს

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა, ხოლო ორი, ყვითელი ბარათით დაისაჯა.

მე-15 ტურში ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო მოვლენები თამაზ მჭედლიძის და გიორგი თეთრაშვილის “აჟენისა” და ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასის” შეხვედრაში დაფიქსირდა. 33-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შერკინების ფლანკერმა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მიიღო გადაცემა, მცველებს შორის გაძვრა და “მასი” 16:5 დააწინაურა; 76-ე წუთზე ლელო მჭედლიძემ გაიტანა, “აჟენს” გამარჯვება და პრემიალური ქულა დაუბევა. ბოლო წუთზე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს და მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა მათაც მიითვალეს.

მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში შუამარბად მოგვევლინა და შეუცვლელად ითამაშა; სრულად ითამაშა სუთიაშვილმაც, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ახობაძე და ყუფარაძე, პირველი აშვეთიამ შესვენებისას შეცვალა, ხოლო მეორემ 50 წუთი ითამაშა. “აჟენი” 34 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “მასი” 26 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მაგრამ 49 ქულით პირველ ადგილზე რჩება გიორგი ნაცარაშვილის “პო”. ამჯერად ქართველი ბურჯის გუნდს “კარკასონმა” 40:27 აჯობა. ნაცარაშვილი განაცხადში იყო და თამაშში ჩართვა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მე-9 წუთზე მოუწია. ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” “დაქსი” 16:3 დაამარცხა და 39 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 11 წუთი ითამაშა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” ქართველი ლეგიონერების გარეშე აუტსაიდერი “ნარბონი” 38:12 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 41 ქულით მესამეა. ტრავმირებული ლაშა ლომიძის გარეშე სტუმრად “მონტობანთან” დამარცხდა “ბეზიე” (15:26), რომელიც 31 ქულით მე-11 ადგილამდე დაეშვა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” 25:15 დაამარცხა. ბურჯი მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 47-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა. პირველიდან 77-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა ნემსაძემ და მან სინბინი 52-ე წუთზე დაიმსახურა. როდესაც ორი ქართველი დასჯილთა სკამზე იჯდა, საჯარიმო ლელო გაიტანა “ორიაკმა”, რომლის შემადგენლობაშიც შეუცვლელად ითამაშა შარიქაძემ. “ტარბი” 31 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “ორიაკი” 36 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” უშუალო კონკურენტი “კოლომიე” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხდა. ქართველი ლეგიონერები თამაშში ერთდროულად, 54-ე წუთიდან ჩაერთვნენ. 4 წუთში ანგარიში 9:9 გახდა, მაგრამ მერე სტუმრებმა ჯერ ჯარიმა, ხოლო 71-ე წუთზე ლელო გაიტანეს და ბოლო წუთზე მიღებულმა ლელო-გარდასახვამ მათ გამარჯვება ვერ წაართვა. “ალბი” 40 ქულით მე-4 ადგილზეა.

Pro D2-ის მომდევნო ტური 10-11 იანვარსაა დანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082205