ამბები

12:29 | 22.12.2014 | ნანახია 2303 - ჯერ

Top 14-ში წრე დასრულდა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში რეგულარული გათამაშების პირველი წრე დასრულდა. შარშანდელის მსგავსად საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გამართული, ქართველი ლეგიონერების გუნდები მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.

მე-13 ტურის პირველ მატჩში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” უშუალო კონკურენტ “გრენობლს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 43:30 იმარჯვა. ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ის ძალიან კარგად იდგა შერკინებაში, დაუღალავად მუშაობდა რაქებსა და მოლებში და 27-ე წუთზე სტუმართა მიერ გატანილი ლელო მისი დიდი დამსახურებაა. 67-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ქუბრიაშვილმა. პარიზელებმა 5 ლელო გაიტანეს და პრემიალურ ქულასაც აიღებდნენ, ბოლოსწინა წუთზე საჯარიმო ლელოთი რომ არ დასჯილიყვნენ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ “სტად ფრანსე” 39 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და მეხუთეზე მყოფ “გრენობლს” უკვე 7 ქულით უსწრებს.

წაგებათა სერია შეწყვიტა მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, რომელმაც ვასილ კაკოვინის “ტულუზა” დაძაბულ ბრძოლაში 23:20 დაამარცხა. ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 30-ე წუთიდან ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო კაკოვინი, 8 წუთში სინბინით დაისაჯა, სასჯელის ამოწურვის შემდეგ კი, მოედანზე აღარ დაბრუნებულა. მასპინძლები შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და პირველი ტაიმის მიწურულს 13:3 იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში უკვე 13:17 აგებდნენ. 53-ე წუთზე “მონპელიეს” შერკინებამ საჯარიმო ლელო დაიმსახურა და მასპინძელთა გუნდი დაწინაურდა (20:17), მაგრამ წონასწორობა მალევე ჯარიმით აღდგა. გადამწყვეტი 78-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც “მონპელიემ” გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და 31 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ტულუზა” 29 ქულით მე-8 პოზიციამდე დაეშვა.

42 ქულით პირველ ადგილზეა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც “ლიონი” 30:6 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ტრავმამოშუშებულმა გორგოძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო. “ტულონმა” ტაიმი 3:6 დათმო, მაგრამ მატჩის განახლებიდან 20 წუთის შემდეგ უკვე 23:6 იგებდა, ბოლოსწინა წუთზე კი, კაცნაკლული იყო, როდესაც ლიონელებს მესამე, პრემიის მომტანი ლელო გაუტანა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” “კასტრი” 14 კაცით დაამარცხა. ტაიმის მიწურულს, როდესაც მასპინძლები 6:7 აგებდნენ, პორტუგალიელმა შერკინების ფლანკერმა ჟულიენ ბარდიმ მეტოქეს სახეში თავი უთავაზა და წითელი ბარათით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, “კლერმონმა” მეორე ტაიმში ლელო, გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, თავად ერთი ჯარიმა გაუშვა და 40 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველმა ბურჯმა ზირაქაშვილმა შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” 27:8 დაამარცხა და 37 ქულით მეოთხე ადგილზეა. ქართველის გარეშე მოთამაშე პარიზელებს პრემიალური ქულის აღებაც შეეძლოთ, რადგან 3 ლელო ჰქონდათ გატანილი, მაგრამ ბოლოს ერთი თავადაც გაუშვეს. ყაულაშვილმა შეცვლაზე დასკვნითი 21 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი, 21 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზეა.

კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივმა” “ოიონაქსი” 19:6 დაამარცხა. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ეზე ის შველიძემ შეცვალა. “ბრივი” 27 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 15:12 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ, “ბორდო” 30 ქულით მე-7, ხოლო “ბაიონი” 27 ქულით მე-9 ადგილზეა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 28 დეკემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100451