საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მე-14 ტურში 3 ქართველი ლეგიონერი ყვითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო ერთმა წითელი ბარათი მიიღო.
ყველაზე მეტი ბარათი ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილის და მერაბ შარიქაძის “ორიაკისა” და ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანის” შეხვედრაში დაფიქსირდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მეორეხაზელი დათუნაშვილი და 36-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა. სათამაშო საათის თავზე რეფერიმ მას მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც გუნდმა დასკვნითი 13 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა. 13 წუთი იმიტომ, რომ 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი სტუმართა ქართველმა ბურჯმა რატიანიძემ დაიმსახურა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
განვლილ მატჩში 67-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბმა მერაბ შარიქაძემ. მასპინძლები 32 წუთის შემდეგ 11:0 იგებდნენ, შემდეგ 10 ქულა მიიღეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანეს. მეორე ტაიმი დაწყებისას გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 58-ეზე “ორიაკმა” მეორე ლელო გაიტანა და 24:13 დაწინაურდა. სტუმრებმა მეტობა 69-ე წუთზე გამოიყენეს და ლელოთა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მალე ჯარიმა გაუშვეს და “ორიაკმა” 27:18 იმარჯვა. ეს გუნდები საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად იბრძვიან და “ორიაკი” 36 ქულით მე-5 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო “მონ-დე-მარსანს” ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-6 ადგილზეა.
კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბმა” ლიდერთან, გიორგი ნაცარაშვილის “პოსთან” სტუმრად სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - 20:16. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ნაცარაშვილი, 61-ე წუთზე სინბინით დაისაჯა ასევე სასტარტოში მყოფი მირცხულავა, ხოლო ნემსაძემ და კობერიძემ შეცვლაზე შესაბამისად, 58-ე და 61-ე წუთიდან ითამაშეს. “პომ” ტაიმი 10:3 მოიგო, მაგრამ “ტარბმა” თამაშის განახლებიდან 12 წუთში ორი ლელო გაიტანა და 17:10 დაწინაურდა. მასპინძლებმა ერთი წუთის ინტერვალში ორი ჯარიმა გაიტანეს და საფინალო სასტვენამდე 14 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ბოლო სიტყვა ისევ სტუმრების იყო და “ტარბიმ” 4 ქულა მოიპოვა, ხოლო “პოს” პრემიალური ქულა შეხვდა. მიუხედავად მარცხისა, ნაცარაშვილის გუნდი 49 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს, ხოლო “ტარბის” 27 ქულა მოუგროვდა და მე-12 პოზიციაზეა.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანთან” ბოლო წუთზე გაშვებული გარდასახვით დამარცხდა. სტუმართა ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, ხოლო მასპინძელთა ჩვენებურები შეცვლაზე ერთდროულად, 51-ე წუთზე შევიდნენ. “ალბიმ” ტაიმი 13:5 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ქულით ჩამორჩა, ჯარიმითა და არეკნით 77-ე წუთზე 19:14 დაწინაურდა. მაგრამ სულ ბოლოს”პერპინიანმა” ლელო გაიტანა, გარდასახვით გამარჯვება მოიპოვა და 36 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო ასევე 36-ქულიანი “ალბი” მეოთხეა.
ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “მონტობანთან” 19:24 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა მესამეხაზელმა სუთიაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო იყო აშვეთია და ის 49-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. “მასიმ” მაგრად იბრძოლა, 49-ე წუთზე ანგარიში 16:16 იყო, მაგრამ “მონტობანმა” 71-ეზე ჯარიმა, ხოლო 79-ეზე ლელო გაიტანა და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. რადგან გამარჯვების შანსი აღარ იყო, მასპინძლებმა სულ ბოლოს ჯარიმა გაიტანეს და პრემიალური ქულა მიიღეს. “მასი” 25 ქულით მე-13 ადგილზეა.
ლაშა ლომიძის “ბეზიე” “დაქსთან” 16:28 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველმა შერკინების მესამე ხაზში, ფლანკერად თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. სტუმრებმა ტაიმი 10:12 დათმეს, 74-ე წუთისთვის 16:18 აგებდნენ, მაგრამ მერე 10 უპასუხო ქულა მიიღეს. “ბეზიე” 31 ქულით მე-9 ადგილზეა.
2 ქულით ნაკლები აქვს და მეათეა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”, რომელიც “კარკასონთან” 24:32 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან სრულად ითამაშა გარემარბმა მჭედლიძემ.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 19-20-21 დეკემბერსაა დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია