ამბები

20:43 | 13.12.2014 | ნანახია 1701 - ჯერ

“არმაზი” და “ლოკომოტივი” დანაკლისის შევსებას იწყებენ

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის განვლილ თერთმეტ ტურში, 55-ის ნაცვლად 51 შეხვედრა გაიმართა და ოთხი თამაში გადაიდო - აქედან სამში თბილისის “არმაზს” უნდა ეთამაშა. საგულისხმოა, რომ სამიდან ორში მისი მეტოქე თბილისის “ლოკომოტივი” უნდა ყოფილიყო.

ამ გუნდების წლევანდელი სეზონის პირველი დაპირისპირება 14 დეკემბერს, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება. ესაა მეორე ტურის მატჩი, რომელიც სამწუხარო და ტრაგიკული მიზეზის გამო გადაიდო - მაშინ “არმაზისა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა თამაშების ნაკლებობა ორივე გუნდის ქულებზე აისახა და ისინი სატურნირო ცხრილში მეზობლად, მერვე-მეცხრე ადგილებზე არიან, თუმცა, ბოლო დროს ვერც შედეგებით დაიკვეხნიან და ახლა უნდა გამოიკვეთოს რომელი აღმოჩნდება საგაზაფხულო ეტაპისთვის უკეთეს მდგომარეობაში. მიზანი ორივესთვის ერთნაირია - რეგულარული პირველობის საპლეიოფო ექვსეულში დასრულება და გამოტოვებული თამაშების გათვალისწინებით, ამის შანსი ორივეს თანაბრად აქვს.

ერთი კვირის წინ “არმაზს” და “ლოკომოტივს” ერთმანეთთან უნდა ეთამაშეთ, მაგრამ მაშინ რკინიგზელთაგან საქართველოს 7-კაცა ნაკრებში 4 მოთამაშე გაემგზავრა და თამაშის გადადებაც საფუძვლიანად მოითხოვეს. “არმაზს” 1 ნოემბრის შემდეგ აღარ მოუგია, ოღონდ ამ პერიოდში ორი თამაში გადაიდო და ორში დამარცხდა. “ლოკომოტივმა” ბოლო გამარჯვება 11 ოქტომბერს იზეიმა და მას შემდეგ 3 მარცხი, 1 ფრე და ერთიც გადადებული შეხვედრა დაუგროვდა. საგულისხმოა, რომ “არმაზმაც” და “ლოკომოტივმაც” ბოლო გამარჯვება აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტთან” იზეიმა და ახლა რომელი შეწყვეტს მოუგებელ სერიას ურთიერთშეხვედრაში, “ავჭალაზე” 14 საათიდან გამოჩნდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

14 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

1. ყოჩები 11 10 1 0 259:136 44
2. ლელო სარ. 11 6 2 3 209:151 30
3. ბათუმი 11 6 1 4 205:175 30
4. ხარები 10 5 2 3 171:141 26
5. აია 11 5 0 6 172:175 24
6. ჯიქები 10 4 1 5 138:147 20
7. არმია 10 4 0 6 136:184 19
8. ლოკომოტივი 9 3 1 5 120:134 18
9. არმაზი 8 3 0 5 137:156 14
10. თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150:298 7

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082884