ამბები

19:09 | 6.12.2014 | ნანახია 2668 - ჯერ

აცილებული ჯარიმები და საფეხბურთო ანგარიში

ბათუმის “ბათუმმა” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ზღვისპირელებმა XI ტურში ორგზის ჩემპიონი თბილისის “ლელო სარასენსი” საფეხბურთო ანგარიშით დაამარცხეს და მას ქულებით გაუტოლდნენ.

თბილისში, “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე მატჩი წვიმის ფონზე გაიმართა და ცუდი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ხშირი იყო ფეხით თამაში და ბურთის წინ ვარდნა, წესების დარღვევა და გაფუჭებული ჯარიმები. ერთადერთი ზუსტი დარტყმა პირველი ნახევრის შუაში სტუმართა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ განახორციელა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა, ბახვას გუნდისთვის კიდევ 18 ქულის შეძენა შეეძლო, ხოლო მასპინძელთა ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ვალდებული იყო წონასწორობა აღედგინა.

ბათუმელები მეტოქეს შერკინებაში სჯობდნენ და ჯარიმების შესრულების უფლებას იღებდნენ. კობახიძის პირველი დარტყმა ზუსტი იყო, მერე მასვე მარცხენა კუთხიდან ორი დარტყმა გაუცუდდა, ხოლო 35-ე წუთზე არეკნიც არაზუსტი აღმოჩნდა. “ლელოს” შესვენებამდე ქულის აღების შანსი პრაქტიკულად არც ჰქონია და ტაიმი 3:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ “ბათუმს” ფეხით თამაშში თბილისელებიც აყვნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდით უპირატესობა მაინც სტუმართა მხარეს იყო. კობახიძემ კარის წინიდან ჯარიმა რომ გააფუჭა, მერე მათვე მარჯვენა ფლანგზე ხაზი გაჭრეს, ფეხით ჩაკიდებული ბურთიც მოიხელთეს და ჩათვლის მოედანს 2-3 მეტრამდე მიუახლოვდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ბურთი დაკარგეს. 50-ე წუთზე ზღვისპირელებმა ლელოზე თამაში გადაწყვიტეს და “ლელომ” პირველი ორი ტალღა მოიგერია, რასაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჩხუბი მოყვა. სანამ გუნდების ნახევრები ჩხუბობდნენ, თამაში გაგრძელდა და გიორგი თხილაიშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ თანამსაჯებთან გასაუბრების შემდეგ ლელო გააუქმა, ბათუმელთაგან ლევან თხელიძეს და თბილისელთაგან თორნიკე ცერცვაძეს წითელი ბარათები უჩვენა, ჯარიმა კი, “ლელოს” სასარგებლოდ დანიშნა.

მასპინძლებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს და ზედ კარის წინ 20 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ ყიასაშვილმა ასპროცენტიანი შანსი გააფუჭა. ეს იყო “ლელოს” პირველი შანსი ქულების აღებისა და მერე მათ სალელოვედაც შეუტიეს, მაგრამ ალექსანდრე მინდიაშვილი ბინძური თამაშისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და შანსიც გამოუყენებელი დარჩა, ხოლო 74-ე წუთზე ყიასაშვილს უკვე შორეული დარტყმა გაუცუდდა.

“ბათუმი” ვალში არ დარჩა და კობახიძემ კარის წინ საშუალო და ახლო დისტანციებიდან კიდევ ორი გასატანი ჯარიმა გააცუდა. რაღა გასაკვირია ამის შემდეგ ნუგზარ გიორგაძემ არეკნიდან რომ ვერ იხეირა. 13 კაცის ამარა დარჩენილ “ლელოს” სულ ბოლოს კონტრშრტევის შანსი მიეცა, ფლანგზე ბაჩანა კოლელიშვილი გაიქცა და ბოლო მცველის ჩამოცილება ფეხით სცადა, მაგრამ მისი დარტყმული აუტში გავიდა და “ბათუმმაც” 3:0 იმარჯვა, ხოლო თბილისელებს პრემიალური ქულა შეხვდათ.

ამრიგად, ზღვისპირელები “ლელოს” სატურნირო ცხრილში გაუტოლდნენ, მაგრამ რადგან პირველ წრეში თბილისელებმა 20:0 იმარჯვეს და “ბათუმს” პირისპირ ბალანსით სჯობნიან, მეორე ადგილი შეინარჩუნეს, მათი მეტოქე კი, მესამე საფეხურზე დარჩა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XI ტური

6 დეკემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 0:3 (0:3)

ლელო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ალექსანდრე ხეცოიძე, 13. თორნიკე ცერცვაძე, 12. ოთარ ბარკალაია, 11. ალექსანდრე ნიჟარაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ალექსანდრე მინდიაშვილი; 1. ზურაბ ჯულაყიძე, 2. გიორგი ლომთაძე, 3. გიორგი სანიკიძე (მიხეილ სუჯაშვილი), 4. ზურაბ ხორბალაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.

2 გაძევება: ცერცვაძე, მინდიაშვილი

ბათუმი: 15. ბახვა კობახიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. გია თუთბერიძე (გიგა გაგოშვილი), 11. სერგო კვერნაძე, 10. ნუგზარ გიორგაძე, 9. ზურა თუთბერიძე (ალექსანდრე ზაბახიძე); 1. ზურა ერისთავი, 2. ბექა გიგაშვილი, 3. მიხეილ კელენჯერიძე (გიგა ხოჭოლავა), 4. როლანდ ბერიძე (გრიგოლ ცირეკიძე), 5. ლაშა აზალაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ჯონდი კორტავა, 8. ლევან თხელიძე.

1 ჯარიმა: კობახიძე

1 გაძევება: თხელიძე

1.

ყოჩები

10

9

1

0

247:133

40

2.

ლელო სარ.

11

6

2

3

209:151

30

3.

ბათუმი

11

6

1

4

205:175

30

4.

ხარები

10

5

2

3

171:141

26

5.

აია

10

5

0

5

164:160

23

6.

ჯიქები

9

4

1

4

135:135

20

7.

არმია

10

4

0

6

136:184

19

8.

ლოკომოტივი

9

3

1

5

120:134

18

9.

არმაზი

8

3

0

5

137:156

14

10.

თიბიეს უნივ.

10

0

0

10

135:290

3

7 დეკემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქები (თბილისი)

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)

არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) (გადაიდო)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089476