მორაგბეთა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურში ჯერჯერობით გამარჯვება ვერ მოიპოვეს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა.
მეორე სათამაშო დღეს დავით ქუბრიაშვილის და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ინგლისში “ნიუკასლს” ეწვია, დაძაბულ ბრძოლაში 23:30 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “კინგსტონ პარკზე” გამართულ შეხვედრას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო, ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჟვანია თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო და კვაჭის პოზიციაზე გაისარჯა.
ინგლისელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს, სტუმრებმა სამი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 5 ქულის სხვაობით დათმეს. თამაშის განახლებისთანავე პარიზელებმა ლელოთი წონასწორობა აღადგინეს და გარდასახვით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მალევე ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს და 49-ე წუთზე მესამე ლელოც მიითვალეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. “სტად ფრანსემ” მე-60 წუთზე გატანილ ლელოს გარდასახვა მიაყოლა და 23:22 დაწინაურდა, მაგრამ 66-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო 69-ეზე ლელო გაუშვა და 7 ქულის სხვაობით დამარცხდა. რადგან “ნიუკასლმა” 4 ლელო გაიტანა, პრემიალური ქულა მანაც მიითვალა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ერთ კვირაში ეს გუნდები პარიზში ითამაშებენ და “სტად ფრანსეს” ჯგუფიდან გასვლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შერჩება, თუ პრემიალური ქულით გამარჯვებას მოახერხებს.
მე-5 ჯგუფის ფრანგულ დერბიში გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” საკუთარ მოედანზე “ოიონაქსთან” 22:30 დამარცხდა. ამ სეზონში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ბურჯმა ფეიქრიშვილმა, რომელიც ოპერაციის შემდეგ ბრიველებს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა და შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითამაშა ასიეშვილმა.
“ოიონაქსმა” ტაიმი 13:7 მოიგო, მეორე ტაიმის საწყის 5 წუთში კი, ჯერ ჯარიმა გაუშვა, მაგრამ მალევე ლელო-გარდასახვა გაიტანა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. მომდევნო 25 წუთში “ბრივმა” ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოიყენა, შუალედში ჯარიმა გაუშვა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (22:23), მაგრამ მერე ქულის აღება ვეღარ შეძლო, 74-ე წუთზე ლელო-გარდასახვა თავად მიიღო და უქულოდ დარჩა. შედეგად, ქართველთა გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა.
დღეს “ჩელენჯ ქაფის” კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება. “ბუქარესტი” “ნიუპორტს” მასპინძლობს და რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაშია კვაჭი ოთარ ტურაშვილი, რომელმაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და “მუხების” ნაკრების კანდიდატია. გიორგი ჟღენტის “ბაიონი” სტუმრად “კონახტს” ეთამაშება და ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაშია. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეთამაშება “ლიონს”, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ავსტრალიელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს.
ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი
III ტური. 4-7 დეკემბერი
I ჯგუფი
5 დეკემბერი
გრენობლი (საფრანგეთი) - როვიგო (იტალია) 68:10
6 დეკემბერი
კარდიფი (უელსი) - ლონდონ აირიში (ინგლისი)
1. | ლონდონ აირიში | 2 | 2 | 0 | 0 | 95:29 | 10 | |
2. | კარდიფი | 2 | 2 | 0 | 0 | 70:32 | 10 | |
3. | გრენობლი | 3 | 1 | 0 | 2 | 97:72 | 5 | |
4. | როვიგო | 3 | 0 | 0 | 3 | 42:171 | 0 |
II ჯგუფი
4 დეკემბერი
ლა როშელი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 10:36 (7:17)
6 დეკემბერი
კონახტი (ირლანდია) - ბაიონი (საფრანგეთი)
1. | ექსეტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 93:53 | 11 | |
2. | კონახტი | 2 | 1 | 0 | 1 | 61:45 | 5 | |
3. | ლა როშელი | 3 | 1 | 0 | 2 | 47:97 | 4 | |
4. | ბაიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 43:49 | 4 |
III ჯგუფი
5 დეკემბერი
ნიუკასლი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 30:23 (14:9)
6 დეკემბერი
ბუქარესტი (რუმინეთი) - ნიუპორტი (უელსი)
1. | ნიუკასლი | 3 | 3 | 0 | 0 | 103:68 | 14 | |
2. | ნიუპორტი | 2 | 1 | 0 | 1 | 64:52 | 6 | |
3. | სტად ფრანსე | 3 | 1 | 0 | 2 | 58:77 | 5 | |
4. | ბუქარესტი | 2 | 0 | 0 | 2 | 28:56 | 1 |
IV ჯგუფი
6 დეკემბერი
ბორდო (საფრანგეთი) - ლიონი (საფრანგეთი)
7 დეკემბერი
ედინბურგი (შოტლანდია) - ლონდონ უელში (ინგლისი)
1. | ედინბურგი | 2 | 2 | 0 | 0 | 40:30 | 8 | |
2. | ბორდო | 2 | 1 | 0 | 1 | 65:35 | 6 | |
3. | ლიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 45:43 | 5 | |
4. | ლონდონ უელში | 2 | 0 | 0 | 2 | 38:80 | 0 |
V ტური
5 დეკემბერი
ბრივი (საფრანგეთი) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 22:30 (7:13)
7 დეკემბერი
გლოსტერი (ინგლისი) - ძებრე (იტალია)
1. | გლოსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 80:15 | 9 | |
2. | ოიონაქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 78:71 | 8 | |
3. | ძებრე | 2 | 1 | 0 | 1 | 50:54 | 4 | |
4. | ბრივი | 3 | 0 | 0 | 3 | 43:111 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია