ამბები

1:05 | 6.12.2014 | ნანახია 2908 - ჯერ

ქართული რაგბის ბრაზილიელი ქომაგის 11-ათას კილომეტრიანი ვოიაჟი

ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრება იაპონიას, რომ სძლია, “ბორჯღალოსნების” ერთ-ერთი ქომაგისთვის ამას განსაკუთრებული გემო ჰქონდა.

მესხის სტადიონზე 31 წლის დიეგო დუბარდი იმყოფებოდა, რომელმაც მშობლიური ბრაზილიიდან “ბორჯღალოსნების”, თავისი საყვარელი სარაგბო ნაკრების საქომაგოდ 11 ათასი კილომეტრი გადალახა.

დიეგოს, რომელიც ფეხბურთით მსუნთქავ და მცხოვრებ ბრაზილიაში დაიბადა და გაიზარდა, კარგა ხანი დასჭირდა სარაგბო გემოვნების დასახვეწად და ამ თამაშის შესაყვარებლად. როგორც თვითონ იხსენებს, რაგბთან მისი პირველი შეხება არცთუ სახალისო გამოდგა:

“ჩემი ბიძაშვილი საფრანგეთში რაგბს თამაშობდა. ბრაზილიაში რომ დაბრუნდა ერთხელაც ბურთი მესროლა – დავიჭირე თუ არა, ეგრევე გვარიანად შემბოჭა და მიწაზე დამანარცხა. საშინლად მეტკინა და იმ დროიდან რაგბი არ მომწონდა“, - აღიარა დუბარდმა, რომლის გვარსაც ბელგიური ფესვები ჰქონია.

“ჩემს პაპის პაპის პაპას ბელგიაში სასახლე ჰქონია, მაგრამ თურმე ანარქისტი ყოფილა და ქვეყნიდან გააძევეს, რის შემდეგ ის ბრალიზიაში გადასახლდა”, - განაცხადა დუბარდმა, თან აღიარა, რომ თვითონაც ანარქისტივით იქცევა, მაგრამ მხოლოდ რაგბის თამაშისას.

ჭაბუკობისას დუბარდმა ძიუდოში მიაღწია წარმატებებს, ხოლო მისი ბიძაშვილის მიერ ჩატარებული „სარაგბო გაკვეთილის“ შემდეგ, კარგა ხანი გავიდა, როდესაც, მისი მეგობარი გოგონა საფრანგეთიდან სამშობლოში ოვალური ბურთის მიმართ სიყვარულით დაბრუნდა.

“ჩემმა იმდროინდელმა მეგობარმა გოგონამ გაარკვია, რომ ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში იყო სარაგბო კლუბი. მას თამაშის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ კლუბს ქალთა გუნდი არ ჰყავდა“, - იხსენებს დუბარდი, რომელიც იმდენად დაინტერესდდა, რომ ვარჯიში დაიწყო.

“პირველივე ვარჯიშიდან შემიყვარდა თამაში, მისი სულისკვეთება და ის, რომ ხალხზე დაჯახება შეიძლებოდა. პირველად რომ შემბოჭეს, დაახლოებით სამი წუთი დამჭირდა ფეხზე წამოსადგომად, მაგრამ ეგრევე მოვიწამლე თამაშით.”

ბრაზილიელი დიეგოს სარაგბო ნათლობა 2010 წელს მოხდა და ერთ წელში იგი უკვე რეგულარულად თამაშობდა დედაქალაქის კლუბის შემადგენლობაში.

თუმცა დიეგოს ქართული რაგბით დაინტერესება მისი პორტუგალიელი მწვრთნელის დამსახურებაა.

“ჩვენი პორტუგალიელი მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევთა უკანახაზელების თამაშს, ბურთით სირბილს, პასებს და გაშლილი თამაშს. მე მწვრთნელს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ჩემთვის სასურველი დოზით დაჯახებებსა და კონტაქტს ვერ ვიღებდი. ორ საათიანი ვარჯიშების შემდეგ, ბიჭები ვრჩებოდით და უფრო ფიზიკურ რაგბს ვთამაშობდით.“ ამ დამატებითმა ვარჯიშებმა და ფიზიკური თამაშისადმი ლტოლვამ პორტუგალიელი მწვრთნელი თურმე გააღიზიანა.

“მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მომწონდა ხაზის მოთამაშეებზე ორიენტირებული ვარჯიშები. როდესაც ჩვენ დამატებით ვარჯიშს ხედავდა, გვიყვიროდა: „თქვენ ქართველებივით თამაშობთ, მარტო კონტაქტი და დარტყმა გინდათ და სხვა არაფერზე ფიქრობთო.“

დუბარდი, რომელიც ბრაზილიის ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობს, დაინტერესდა ქართული რაგბით და დაიწყო ეროვნულ ნაკრებზე ინფორმაციის მოგროვება. მალე მან “ბორჯღალოსნებზე” ყველაფერი შეისწავლა და ამ ცოდნამ შეაყვარა ქართული რაგბი.

“მე დავიწყე ინფორმაციების მოგროვება. შემდეგ ტელევიზორში მამუკა გორგოძის თამაში ვნახე. მან ვიღაცას გადაუარა და რა თქმა უნდა ეგრევე შემიყვარდა“, ღიმილით განაცხადა დიეგომ.

ბრაზილიელმა 2011 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” ყველა თამაშს უყურა, რამაც მას ქართული რაგბის სტილი შეაყვარა: „ფიზიკური, ჯახი და უამრავი კონტაქტი, აი ასეთი რაგბი მიყვარს!“.

ორ წელიწადში საქართველოს ნაკრები არგენტინას ივნისის ტესტ-მატჩში საასპარეზოდ ესტუმრა, რომელიც სან ხუანში გაიმართა. დიეგომ, ბრაზილიიდან 2000 კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად, “ბორჯღალოსნების” თამაშის ცოცხლად ნახვის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

“ბუენოს აირესამდე ვიფრინე, მერე მენდოზამდე ავტობუსით ვიმგზავრე და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიე სან ხუანამდე. მატჩის წინა დღეს ბიჭებს სასტუმროში ვესტუმრე, რომლებსაც არ ეჯერათ, რომ მათ სანახავად ამხელა მანძილი გავიარე. მგონი, სტადიონზე მხოლოდ მე ვიყავი საქართველოს ქომაგი“.

იმ დღეს საქართველოს ნაკრებმა 18:29 წააგო. მატჩის შემდეგ კი, დუბარდი ბიჭებთან ერთად ბანკეტზე აღმოჩნდა და დაპირდა მათ, რომ საქართველოს ეწვეოდა.

წელიწადზე ოდნავ მეტი დროის შემდეგ, დიეგომ დანაპირები შეასრულად. მან უკან მოიტოვა ბრაზილიური საფხული და 20-საათიანი ფრენის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.

“ჰო, აქ საჩემოდ ნამდვილად ცივა“, აღიარა ბრაზილიელმა. თავის ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთ ჰოსტელიდან მან დაწერა, რომ თბილისში იმყოფებოდა და რამოდენიმე წუთში მისი ქართველი ფეისბუქის მეგობრები ნამდვილ მეგობრებად იქცნენ, რომლებმაც ბარებში, რესტორნებში თუ კლუბებში დაპატიჟებით, ბრაზილიელს ქართული სტუმარმასპინძლობა დააჭაშნიკებინეს.

დიეგო ამაყობს თავისი ჯანით, რომელიც არა მგონია, დასუსტდეს ქართული სტუმრობის შემდეგ: “115 კილოს ვიწონი, მაგრამ საქართველოდან ალბათ 120 კილო გავემგზავრები“, - აღიარა დუბარდმა.

პირველად ხინკალი რომ ჭამა, მთელი წვენი მისმა ვებერთელა წვერმა აითვისა: “პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეგრევე მივხვდი როგორც უნდა მეჭამა და უკვე ამ “საბედისწერო შეცდომას“ აღარ ვუშვებ“.

მატჩის დღეს დიეგოს საქართველო-იაპონიის თამაშზე მინდორზე დასწრების უფლება მისცეს, რა დროსაც მან ყველასთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

დიეგო თამაშისგან აღფრთოვანებას ვერ მალავდა: “ჩვენ (საქართველო) ბრწყინვალედ ვითამაშეთ, იყო ბევრი რაქები, მოლები და შერკინებები – მოკლედ ყველაფერი ის რაც ასე მიყვარს ქართულ რაგბში”.

ალისთერ უათი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10793