ამბები

17:09 | 5.12.2014 | ნანახია 1328 - ჯერ

ორი კიდევ გადაიდო

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნულ ჩემპიონატში გადადებული თამაშები დაგროვდა. “არმაზს” ორი შეხვედრა ჰქონდა რეზერვში, ახალა კი, მას მესამეც მიემატა, რადგან “ლოკომოტივმა” საქართველოს 7-კაცა ნაკრებში 4 მოთამაშე მიავლინა და წესდებით ისარგებლა. დუბაიში გაემგზავრა რუსთავის “ხარების” სამი მოთამაშეც და თბილისში “არმიასთან” ქვემოქართლელთა სტუმრობაც სამომავლოდ გადაიდო.

ასე შერჩა XI ტურს სამი თამაში, რომელთაგან ერთი და ცენტრალური შაბათს, “ავჭალაზე” გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლელო სარასენსი”, რომელიც რეგულარულ პირველობაში მეორე ადგილზეა, ბოლო დროს მომძლავრებულ “ბათუმს” მასპინძლობს, რომელსაც თითქმის 2 თვეა აღარ წაუგია და მესამე ადგილამდეც დაწინაურდა. სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს “ლელოსაც” და ვინც მის გაგრძელებას შეძლებს, ახალ წელს მეორე ადგილზე შეხვდება.

რა თქმა უნდა არის ფრის ვარიანტიც, მით უმეტეს, რომ მიმდინარე სეზონში თბილისელებმა ორი, ხოლო ზღვისპირელებმა ერთი თამაში ფრედ უკვე დაასრულეს. პირველ წრეში, “ბათუმი” ჯერაც ვერ იყო შეკრული და ფოთის მახლობლად, მალთაყვაში 0:20 დამარცხდა.

კვირას, 14:00 საათზე, აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს, რომელსაც 2015 წლამდე მოწინავე ექვსეულში დამკვიდრება სურს. დებიუტანტმა ჯერ თამაში რომ ვერ მოიგო და მხოლოდ 3 პრემიალური ქულა აქვს, ერთი სწორედ “აიასთან”, ქუთაისში მოიპოვა და ახლა პირველი მოგებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ქუთაისელებს მოგება და პრემიალური ქულის აღება ჰაერივით ესაჭიროებათ და “ავჭალაზე” დანდობა არ იქნება.

რეგულარული პირველობის ლიდერი “ყოჩები” “ჯიქებს” ბოლნისში მასპინძლობს. თბილისელები მე-6 ადგილზე არიან, მაგრამ იმ სამ გუნდს შორის შედიან, რომლებმაც განვლილ 10 მატჩში ქვემოქართლელებთან ჯახში ქულის აღება მოახერხეს. მეორე ტურში “შევარდენზე” “ყოჩებმა” მეტოქეს მხოლოდ ორი ჯარიმა გაუტანა და თამაშიც რაგბისათვის უჩვეულო ანგარიშით 6:0 დასრულდა. შეძლებს თუ ვერა “ჯიქები” ლიდერის წაუგებელი სერიის შეწყვეტას კვირას, 14:00 საათიდან გამოჩნდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XI ტური

6 დეკემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

7 დეკემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქები (თბილისი)

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)

არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) (გადაიდო)

1 ყოჩები 10 9 1 0 247-133 40
2 ლელო სარ. 10 6 2 2 209-148 29
3 ბათუმი 10 5 1 4 202-175 26
4 ხარები 10 5 2 3 171-141 26
5 აია 10 5 0 5 164-160 23
6 ჯიქები 9 4 1 4 135-135 20
7 არმია 10 4 0 6 136-184 19
8 ლოკომოტივი 9 3 1 5 120-134 18
9 არმაზი 8 3 0 5 137-156 14
10 თიბიეს უნივ. 10 0 0 10 135-290 3


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077906