საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე პირველი თამაში ჩაატარა და სხვადასხვა ქვეყნის მირაგბეებისგან სპეციალურად ამ ტურნირსთვის შექმნილ “სამურაი ინტერნაციონალთან” 0:20 დამარცხდა.
მაშ შემდეგ, რაც რაგბი7 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიყვანეს, მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება და საერთაშორისო შეჯიბრებებიც მრავლად იმართება. ერთ-ერთი ასეთია დუბაის ტურნირი, რომლის მსოფლიო სერიაშიც 16 უძლიერესი ნაკრები მონაწილეობს და თამაშები სპეციალურად ამ ტურნირისთვის აშენებულ 50-ათასიან სტადიონზე იმართება, მის პარალელურ საერთაშორისო ტურნირში კი, სტუმართმოყვარე მასპინძლები საქართველოს 7-კაცა ნაკრებს აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია იწვევენ.
აქ, ნაკრები გუნდების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის კლუბებიც მონაწილეობენ და მოგებაზე მეტად, მწვრთნელები მოთამაშეთა გამოცდას და მათთვის გამოცდილების მიღებას ეშურებიან. ასეა ამჯერადაც. საქართველოს ნაკრები გაისად გასამართი ევროპის სერიისთვის და ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას აქედანვე იწყებს და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ დუბაიში სრულიად სახეცვლილი გუნდი ჩაიყვანა, რათა მათგან საუკეთესოები შეარჩიოს და ოფიციალურ ტურნირებში ათამაშოს.
კაცთა ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს და ისინი სამ ოთხ-ოთხ გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოსა და “სამურაის” გარდა ბრიტანული კლუბი “ზე როიალსი” და პოლონეთის ნაკრები თამაშობენ. თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი ხვალ მთავარი პრიზისთვის ბრძოლას პლეი ოფებში, მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ. ქართველები ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩში დღეს, თბილისის დროით 14 საათზე “ზე როიალსს” ეთამაშებიან, ხოლო 17:40 საათზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში ბრიტანელებმა პოლონელები 43:5 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები დუბაის ტურნირზე: 1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).
სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია