ერთა თასი

19:24 | 23.02.2016 | ნანახია 4226 - ჯერ

უხერხული და გაძლიერებული - ესპანეთი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს 27 თებერვალს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ, ვფიქრობთ, მკითხველთათვის საინტერესო უნდა იყოს „ლომებთან“ განვლილი თამაშებისთვის თვალის გადავლება.

ეს გუნდები რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ყოფილი ერთა თასის მუდმივი მონაწილეები არიან (მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს არ უთამაშია ესპანეთს) და შესაბამისად, მათი გზებიც ამ ტურნირის არსებობის 16-წლიან ისტორიაში 16-ჯერ გადაიკვეთა. გამარჯვება 12 შემთხვევაში „ბორჯღალოსნებს“ დარჩათ, მეტოქემ, რომელსაც არაერთხელ შეუქმნია ჩვენთვის პრობლემა, მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, ერთი ჯახი კი, ფრედ დასრულდა. და რადგან საქართველო-ესპანეთის მატჩების ისტორია ერთა თასის ისტორიის თანამდევია, პირველი დაპირისპირებაც ამ ტურნირის პირველ გათამაშებაში, 2000 წელს შედგა.

ნაცნობობა აპრილში, მადრიდში შედგა და ლელოუხვი მატჩი ქართველთა დამარცხებით დასრულდა - 32:36. გუნდებმა 5-5 ლელო მიითვალეს და თვითმხილველთა თქმით, ეს იყო შედეგი იტალიელი რეფერის მიკერძოებისა, რომელმაც მასპინძლებს სამი არჩასათვლელი ლელო ჩაუთვალა. გარდა ამისა, მობურთალ „ლომებთან“ პირველი ჯახი ქართველთათვის ტრავმატულიც აღმოჩნდა.

სამართალმა პური მომავალ წელს ჭამა. კავშირმა ესპანელთა მასპინძლობის უფლება რუსთავს უბოძა, „ფოლადის“ სტადიონი პირთამდე შეივსო და ქომაგობა იმდენად ემოციური იყო, ხმა მეზობელ უბნებსაც წვდებოდა. მორაგბეებმაც თავი არ დაზოგეს, მეტოქესაც და მაყურებელსაც სიურპრიზად ხელდახელ ბურთაობა შესთავაზეს, გაიტანეს 6 ლელო და 43:10 იძალეს.

უხვი ლელოს ტრადიცია მომდევნო ორ წელიწადსაც გაგრძელდა. ჯერ იყო და „ბორჯღალოსნებმა“ „ლომებს“ მადრიდში კვლავ 5 ლელო გაუტანეს, ოღონდ თავად მხოლოდ სამი გაუშვეს და 34:18 იმარჯვეს. საბოლოო ანგარიში მაცდურია, თორემ ამ მატჩში მასპინძლებმა მთელი საათი იბრძოლეს და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 4 ქულა იყო. 2003 წლის თებერვალში ქართველები ესპანეთს „ეროვნულზე“ დაუხვდნენ, 5 ლელოს ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და 10 ათასი მაყურებლის წინაშე 34:3 დაამარცხეს.

2004 წელს, მსოფლიო მოვლილმა „ბორჯღალოსნებმა“ იმ წელს აუტსაიდერ ესპანეთთან განწყობა ვერ შეიქმნეს, პირველად ვერ შეძლეს „ლომების“ ჩათვლის მოედნის დალაშქვრა და ტარაგონაში გამართულ მატჩში ესპანელებთან ერთადერთი ფრე დაფიქსირდა - 6:6. ამან მეტოქეს მაინც ვერ უშველა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. ორი წლის თავზე, „მიხეილ მესხზე“ ესპანეთს, რომელსაც ქვედა დივიზიონი მოეგო, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ვეთამაშეთ. განწყობის შექმნა ამჯერადაც გაჭირდა, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. 34:9 დაწინაურების შემდეგ ქართველები მოდუნდნენ, ესპანელებმაც გაილაღეს და ანგარიში მისაღები გახადეს - 37:23, რითაც 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასის მეექვსე შესარჩევ რაუნდში გავედით.

2007 წლიდან ესპანეთი ერთა თასის პირველ დივიზიონს დაუბრუნდა და მადრიდში ყველაზე დიდი სხვაობით გვაჯობა. მიზეზი დაუფასებლობა უნდა იყოს, რადგან მეტოქეს გადახალისებული გუნდით ვეწვიეთ, შეუთამაშებლობის ფონზე 3 ლელო დავდეთ, მაგრამ 3-იც აქეთ მივიღეთ და საბოლოოდ 17:31 დავმარცხდით. გაკვეთილმა ვერ გვარგო და 2008 წელს „ლომებს“ „ეროვნულზე“ მხოლოდ მამუკა გორგოძის განსაკუთრებული თავგამოდების ხარჯზე ვძლიეთ. არადა, ორწლიან ციკლში ერთადერთი მარცხი ესპანელებმა რომ გვაგემეს, ბიჭები რევანშისთვის ემზადებოდნენ და უკვე დაბევებული თასის ჩაბარებაც რაღა თქმა უნდა გამარჯვებულებს ეწადათ...

ჟან-კლოდ ბაკემ თასი თბილისში ჩამოიტანა, აპრილის დარში, აღდგომა დღეს გულშემატკივარიც რევანშის და ზეიმის წყურვილით შეიკრიბა, განწყობა გორგოძემ კიდევ უფრო აამაღლა, როდესაც დებიუტში ფეიხოს ბურთი მაისურიანად შემოაფრცქვნა და ლელოსკენ მასში გახვეული ოვალით დაიძრა, მაგრამ ყველას განწყობა ასეთი როდი იყო და 17 წუთის შემდეგ 0:17 ჩამოვრჩით. აქ ლიდერობა მამუკამ ითავა, მეტოქეს 2 ძალისმიერი ლელო დაუდო და რადგან ერთი გარდასახვა ზუსტი იყო ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა (12:17), თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქემ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. გორგოძე ისევ ამოქმედდა და ჰეთ თრიკი მიითვალა, მერე მისი წამოწყებული იერიში ლელოთი რატი ურუშაძემ დაასრულა და ბაკემაც თასი ნაომარ ბიჭებს გადაულოცა - 22:20.

„ბორჯღალოსნებმა“ წყენა მომავალ წელს მადრიდში გაიყოლეს და მეტოქე სამაგალითოდ დასაჯეს - 55:11. ესაა ყველაზე დიდი სხვაობა, რომლითაც ქართველებს „ლომები“ მადრიდში დაუმარცხებიათ. გორგოძემ ამ მატჩშიც ჰეთ თრიკი მიითვალა, სულ კი, ტიმ ლეინის შეგირდებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. შემდეგ შეხვედრაში სხვაობა ესპანელთათვის მისაღები დაფიქსირდა - 17:9 „ეროვნულზე“. 10 ათასი მაყურებლის წინაშე ლელოები ბესიკ უდესიანმა, ლაშა თავართქილაძემ და დავით დადუნაშვილმა გაიტანეს და ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურად გაიფორმა 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური.

2011 წელს ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა - 60:0 და ქართველებმა ეს გამარჯვება „მიხეილ მესხზე“, რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით მოიპოვეს. მსოფლიო თასისთვის სამზადისში მყოფმა გუნდმა მეტოქეს და 15 ათას მაყურებელს სრულიად განსხვავებული, ახლებური თამაშის სტილი შესთავაზეს და მეტოქეს რეკორდული, 9 ლელო გაუტანეს, რომელთაგან 7 უკანახაზელების ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ აბა ვინ იფიქრებდა, რომ მადრიდში მილტონ ჰეიგის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობამ კიდევ ერთხელ გვაზარალა და ბოლოჯერ დავმარცხდით ესპანეთთან - 18:25. ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე „ბორჯღალოსნებმა" უამრავი შეცდომა დაუშვეს და სათამაშო უპირატესობის ქულებად გარდაქმნა ვერ შეძლეს. ამ თამაშში ესპანელებმაც და ქართველებმაც სამ-სამი ლელო დადეს, თუმცა მასპინძლები კარში უფრო ზუსტად ურტყამდნენ და ამ კომპონენტის უკეთ შესრულების გამო, სხვაობამ შვიდი ქულა შეადგინა.

რევანში 2013 წელს, „მიხეილ მესხზე“ შედგა. ეს თამაშიდან გუნდიდან კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის საერთაშორისო რაგბიდან გაცილებისა იყო და მეგობრებმაც 9 ნომერს ღირსეული გაცილება მოუწყვეს. „ბორჯღალოსნებმა“ 8 ლელო გაიტანეს, ესპანეთთან ყველაზე მეტი, 61 ქულა მიითვალეს, მაგრამ რადგან ორი ლელო თავადაც გაუშვეს, 60-ქულიანი რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა - 61:18.

2014 წელს, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე თამაში ქართველთათვის კარგად დაიწყო. ნაკრების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილმა 2 ჯარიმა და არეკნი გაიტანა, მაგრამ თამაშის დალაგება ვერ მოხერხდა, ტაიმის მიწურულს დაშვებულ შეცდომებს პრო ლელო მოყვა და „ლომები“ 14:9 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისი „ბორჯღალოსნებმა“ მაღალ დონეზე ჩაატარეს, ორი ლელო იქით გაიტანეს და საბოლოოდ 24:17 იმარჯვეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

შარშან მადრიდში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. ესპანელები ორჯერ იგებდნენ, ჯარიმით და ლელო გარდასახვით, ქართველებმა ორივეჯერ აღადგინეს წონასწორობა, საპასუხო ლელო ზურაბ ჟვანიამ გაიტანა, ტაიმი კი, მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით 13:10 მოვიგეთ. მეორე ტამში რეფერიმ გიორგი ნემსაძე და ლევან დათუნაშვილი გაასინბინა, მაგრამ მეტოქეს ამანაც ვერ უშველა, დავით კაჭარავამ ქართველთა მეორე ლელო მიითვალა და საქართველომ 26:13 იმარჯვა.

წლევანდელი სეზონი ესპანეთმა მძლავრად დაიწყო. პირველი მატჩში, წვიმასა და ჭყაპში, „ლომებმა“ სოჭში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა, მატჩის მიწურულს ლელო გატანეს და დაწინაურდნენ, მაგრამ ეიფორიიდან გამოსვლა დაუგვიანდათ, მატჩი რომ განახლდა 76-ე წუთზე ლელო თავადაც მიიღეს და 20:22 დამარცხდნენ. ერთ კვირაში ესპანელებმა რუმინეთი მადრიდში მიიღეს. შეხვედრას ოფიციალურად 7, ხოლო არაოფიციალურად 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. დიდი ხნის განმავლობაში „ლომები“ ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლოს უფრო ძლიერმა „სტეჟარმა“ იმძლავრა, 21:18 იმარჯვა და მასპინძლებს მხოლოდ პრემიალური ქულა დაუტოვა.

ესპანელთა ბოლოდროინდელი წინსვლა დიდწილად ნატურალიზირებული მოთამაშეების მიწვევითაა განპირობებული. კავშირის ხელმძღვანელობა გუნდს მიზნად 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას უსახავს. ტრადიციულად, ესპანელები უპირატესობას გაშლილ, ხელდახელ თამაშს ანიჭებენ, ასეთ გუნდებთან თამაში კი, „ბორჯღალოსნებს“ განსაკუთრებით არ უყვართ. ნატურალიზირებული მოთამაშეები ვახსენეთ და შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ესპანეთის ნაკრებში ქართველი ბურჯი დავით გურგენაძე თამაშობდა, რომელიც ამჟამად გორის „ჯიქის“ წევრია და მან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა.

საქართველოსა და ესპანეთის მე-17 დაპირისპირება 27 თებერვალს, „მიხეილ მესხზე“ 17 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია მისი შეძენა სტადიონისა და ფილარმონიის სალაროების გარდა, ინტერნეტითაცაა შესაძლებელი.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:01 | 23.02.2016
aviatori01 (5)

მინიმუმ 45 ქულიან სხვაობას ველოდები

01:46 | 24.02.2016
kommarkos (35)

ხუმრობ მრგობარო?

0.128692