ამბები

13:51 | 1.12.2014 | ნანახია 1504 - ჯერ

ასიეშვილის ლელომ “ბრივს” ქულა შესძინა

“ბრივის” პირველხაზელმა კარლენ ასიეშვილმა საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა და ორი სეზონის ჯამში ელიტური მონაგარი 15 ქულამდე გაზარდა.

მე-12 ტურში მან “სტად ფრანსე” 74-ე წუთზე დაალელოვა, მაგრამ ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სტუმრები მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. მისი, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსესთან” 17:20 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ჟვანია იყო და პირველ ტაიმში 20-იდან 30-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 61-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შველიძე, რომლის ნაცვლადაც მოედანზე 48-ე წუთზე ასიეშვილი გამოჩნდა. პარიზელებმა ტაიმი 17:6 მოიგეს, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით 6 წუთში კი, “ბრივმა” ლელო და ჯარიმა გაიტანა და მცირე სხვაობით მარცხისთვის ერთი ქულა მიითვალა. “სტად ფრანსე” 35 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 23 ქულით მე-11 საფეხურამდე დაეშვა.

ტურის ცენტრალურ მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 27:19 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. კოლელიშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მალევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ამ შედეგის შედეგად შეიცვალა ჩემპიონატის ლიდერი და ახლა პირველ ადგილზე “ტულონია” (37 ქულა), ხოლო “კლერმონი” მას ქულით ჩამორჩება.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” “ლიონს” ესტუმრა, 20:23 დამარცხდა, ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და 27 ქულით მე-8 ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. დავით ხინჩაგიშვილის გარეშე მოთამაშე “რასინგ მეტრომ” “კასტრი” სტუმრად 14:9 დაამარცხა, 33 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზეა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზა” “გრენობლს” დაუხვდა და 22:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით იმარჯვეს. ტულუზელებმა 1 პრემიალური ქულა ჩაიწერეს და 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან. 29 ქულით მეექვსეა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელიც ქართველი ლეგიონერის გარეშე “ოიონაქსთან” 23:28 დამარცხდა და 1 ქულას დასჯერდა.

ფრედ, 19:19 ითამაშეს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” და გიორგი ჟღენტის “ბაიონმა”. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ყაულაშვილმა, ხოლო სტუმართა ბურჯი ჟღენტი შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. “ბაიონმა” ჯარიმით წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინა, 2 ქულა ჩაიწერა და 23 ქულით მეათეა, ხოლო “ლა როშელი” 21 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ინგლისის პრემიერლიგაში შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსმა” “ნიუკასლი სტუმრად 18:13 დაამარცხა და 24 ქულით მე-6 ადგილზეა. ქართველი კვაჭი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, სწორედ ამის შემდეგ შეიტანეს გარდატეხა სტუმრებმა თამაშში და ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, მერე მასპინძელთა იერიშები მოიგერიეს და სეზონის მე-5 გამარჯვება მოიპოვეს.

ახლა წამყვანი ფრანგული და ინგლისური კლუბები ევროთასებში ჩაებმებიან და შიდა ასპარეზს 20 დეკემბრიდან დაუბრუნდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111103