ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურში “არმაზი” 30:17 დაამარცხა, წაუგებელი სერია 10-მდე გაზარდა, თუმცა, პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა და უახლოეს მდევართან უპირატესობა 11 ქულამდე შემცირდა.
თამაში დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო წუთებზე გაირკვა. თბილისელებმა იბრძოლეს, 16-ქულიანი ჩამორჩენა 6-მდე დაიყვანეს და ლელოთი დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, მერე ბოლნისელებმა ჩვეულ სტილში მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და დასკვნით წუთებში ირაკლი გეგენავას მიერ გატანილი ლელოთი დამსახურებული 4 ქულა ჩაიწერეს.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. “ყოჩებს” შერკინებაში უპირატესობა ჰქონდა და კარის წინ, დაახლოებით 25 მეტრიდან ანგარიში ჯარიმით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, თემურ სოხაძემ გახსნა. “არმაზი” სისწრაფეების გამოყენებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მე-12 წუთზე ლელოც გაიტანა - რაქიდან გამოსული ბურთი ლელოდან 7-8 მეტრში მურაზ გიორგაძემ დიდ სიჩქარეზე მიიღო, ხაზი გაკვეთა და ძელებსშუა შეცურდა. საბა ნიკოლავამ გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა და “არმაზი” პირველად და უკანასკნელად 7:3 დაწინაურდა.
ამის შემდეგ მასპინძლებმა თითქმის მთელი საათი უქულოდ ითამაშეს, არადა, გარკველ პერიოდებში მათ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ “ყოჩები” თავს გმირულად იცავდა და მოიერიშეებიც ბევრს სცოდავდნენ. ამასთან, ბოლნისელები რაქებში კარგად ირჯებოდნენ და რამდენჯერმე გაახერხეს თერნოვერი, რის შედეგადაც თამაში მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდათ და მესამე ლელოც კონტრშეტევის შედეგად გაიტანეს. მანამდე, მე-18 წუთზე, სტუმრებმა მეტოქეს მძლავრი პასუხი გასცეს. 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა, რაქიდან დავით ხიდეშელმა და თემურ ჯინჭარაძემ დაარტყეს, ისინი მცველებმა შეაჩერეს, მაგრამ შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო და მიხეილ არჩუაშვილის მიძალება ლელოთი დასრულდა.
სოხაძემ ზუსტ გარდასახვას ოთხიოდე წუთში კარიდან ოდნავ მარცხნივ, დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა მიაყოლა - 3:13. ტაიმის ბოლოს თამაში კიდევ უფრო გახურდა და ორივე გუნდს კარგი შეტევა ჰქონდა. ჯერ ვასილ ლობჟანიძე ზედ კარის წინ მარტივად გაძვრა მცველებს შორის, მაგრამ თავადვე არ დაიჯერა, ამას ასე იოლად თუ შეძლებდა, შეყოვნდა და ნაღდი ლელოს გატანის ნაცვლად ბურთი მიზნამდე 5 მეტრში დაკარგა. პასუხად ჯაბა კიკვიძემ ხელის კვრით ორი მბოჭავი ჩამოიცილა, დაახლოებით 10 მეტრი იარა და 22-ის ხაზიდან თანაგუნდელს ბურთი ამოუგდო, თუმცა იერიში წინ თამაშის გამო ჩაიშალა.
ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა როდესაც მარჯვენა ფლანგზე ირაკლი გეგენავა გაიქცა და სანამ აუტში გადაიყვანდნენ, ბურთის გიორგი ტყეშელიაძისთვის შებრუნება მოასწრო. ამას ლელომდე ცოტა დააკლდა, “არმაზი” დაჯარიმდა, სტუმრებმა შერკინება ირჩიეს, შემდეგი ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და კიკვიძემ შეტევა ლელოთი დაასრულა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გამოიყენა. ზედ შესვენების წინ “არმაზმა” ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ საკუთარი დერეფანი წააგო და ტაიმიც 7:20 დათმო.
მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ არეკნით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 51-ეზე მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 23:7 გახდა. ამის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა სრულად “არმაზის” მხარეს გადავიდა, მაგრამ შეცდომების გამო გუნდს ლელოს გატანა დაუგვიანდა. კონტრშეტევაზე სალელოვე შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, როდესაც ხიდეშელმა ფლანგზე ორი მცველი ჩამოიხილა და დაახლოებით 30 მეტრი ირბინა, მაგრამ ლელოდან 10 მეტრში ბოლო მცველმა აუტში გადაიყვანა. “ყოჩებმა” საქმე მოთავებულად რომ ჩათვალა, კარში დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა და ლელოზე თამაში სცადა, მაგრამ თბილისელებმა თავი დაიცვეს და დასკვნით 10 წუთში თამაშშიც დაბრუნდნენ.
მათმა გამუდმებულმა იერიშებმა შედეგი 70-ე წუთზე მოიტანა და თორნიკე ჯიბლაძემ ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ბროძელმა გარდასახვა გამოიყენა. “ყოჩებმა” ჯარიმებს რომ უმატა, ბროძელმა კარის წინიდან მასპინძლებს 3 ქულა შემატა და “არმაზს” მოსაგებად ერთი გარდასახული ლელო ჰყოფნიდა – 17:23.
სალელოვე შანსიც მალე გაჩნდა, გიორგაძემ ცენტრში ხაზი სუფთად გაჭრა, განდაგან იარა, მაგრამ შავლეგ მახარაშვილმა დაზღვევაზე კარგად ითამაშა და “ყოჩები” ასპროცენტიანი ლელოსგან იხსნა. “არმაზი” არ მოეშვა, თუმცა, მარცხენა ფლანგზე ცენტრის სიახლოვეს ბურთი რომ დაკარგა, გეგენავა მცველს ჩვეულ სტილში დაუსხლტა და ძელებსშუამდე 50 მეტრი დაუბრკოლებლივ ირბინა, ხოლო სოხაძემ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:17 და “ყოჩები” თებერვლამდე ლიდერად რჩება.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში “ბათუმმა” “არმიას” ერთის წილ 4 ლელო გაუტანა, 23:7 მოგებასთან ერთად პრემიალური ქულაც მიითვალა და მესამე ადგილამდე აღზევდა. ზღვისპირელებს აგერ უკვე ოთხი თამაშია არ წაუგიათ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს და საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთეს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
X ტური
30 ნოემბერი
ბათუმი. ანგისა. 200 მაყურებელი
ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი) 23:7
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 500 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 17:30 (7:20)
არმაზი: 15. საბა ნიკოლავა (კოდუა 55), 14. ლაშა სირაძე (პინაიშვილი 58), 13. ირაკლი მაჩხანელი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. რეზი ბროძელი, 9. ვასილ ლობჟანიძე (გიორგი მისრიაშვილი 66); 1. თორნიკე ჯიბლაძე, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ირაკლი ბუკია (ცხადაძე 55; გიორგი ჭელიძე 62), 4. შოთა კანდელაკი, 5. გიორგი მარგველანი, 6. ნიკა გიგაური, 7. ოთარ მინაშვილი, 8. გიორგი სოსელია.
2 ლელო: გიორგაძე, ჯიბლაძე
2 გარდასახვა: ნიკოლავა, ბროძელი
1 ჯარიმა: ბროძელი
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ხარშილაძე (22. გიორგი მელაძე 79), 12. გიგი გაბუნია (23. მალხაზ ქუშაშვილი 66), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. გიორგი ხოსიტაშვილი (18. შოთა მაღრაძე 60; ჯინჭარაძე 72), 2. დავით ხიდეშელი (17. ირაკლი სვანიძე 60), 3. თემურ ჯინჭარაძე (16. ბაჩანა გოგიშვილი 44), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. რატი ურუშაძე (21. ნიკა გაფრინდაშვილი 80+), 6. ნიკო აფციაური (20. გიორგი ტყეშელიაძე 29), 7. ჯაბა კიკვიძე (19. გიორგი როყვა 79), 8. ნიკა ჩხიკვაძე.
3 ლელო: არჩუაშვილი, კიკვიძე, გეგენავა
3 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: ბეგაძე
1. | ყოჩები | 10 | 9 | 1 | 0 | 247-133 | 40 |
2. | ლელო სარ. | 10 | 6 | 2 | 2 | 209-148 | 29 |
3. | ბათუმი | 10 | 5 | 1 | 4 | 202-175 | 26 |
4. | ხარები | 10 | 5 | 2 | 3 | 171-141 | 26 |
5. | აია | 10 | 5 | 0 | 5 | 164-160 | 23 |
6. | ჯიქები | 9 | 4 | 1 | 4 | 135-135 | 20 |
7. | არმია | 10 | 4 | 0 | 6 | 136-184 | 19 |
8. | ლოკომოტივი | 9 | 3 | 1 | 5 | 120-134 | 18 |
9. | არმაზი | 8 | 3 | 0 | 5 | 137-156 | 14 |
10. | თიბიეს უნივ. | 10 | 0 | 0 | 10 | 135-290 | 3 |
მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი
თიბიესი - აია, ლოკომოტივი - არმაზი, არმია - ხარები, ლელო - ბათუმი, ყოჩები - ჯიქები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია