საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურში, ქუთაისის “აიამ” “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის “ჯიქები” 25:17 დაამარცხა და სეზონის სტარტზე განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.
ქუთაისის ახალი სტადიონის არაოფიციალურ გახსნაზე, “აიამ” სწორედ “ჯიქებს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ლელო გაიტანა, ჯარიმებით 15:18 დამარცხდა. ამ შეხვედრას 3 ათასამდე ადგილობრივი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს და “აიას” ხელმძღვანელობასა და მორაგბეებს ახლა ერთგვარი რეაბილიტაცია სურდათ, რაც კარგად გამოუვიდათ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ორჯერ ტექნიკური ლელოც მიითვალეს, სტუმრებმა მათ თამაშით აჯობეს და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა.
“აიამ” მატჩის დებიუტში ანგარიში რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით გახსნა, მერე კი კარგი შეტევა წამოიწყო და ის იოსებ კიკვაძის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ტაიმის შუაში ინიციატივა “ჯიქების” მხარეს გადავიდა და ჯერ რამაზ ხარაზიშვილმა კარის წინ 45 მეტრიდან ჯარიმით შეამცირა სხვაობა, მერე კი ფეხით გადაკიდებული ბურთი გიორგი ბაბუნაშვილმა ვერ აიღო და მასპინძლებმა 5-მეტრა შერკინება მიიღეს. ამ შემთხვევაში თბილისელებმა შერკინებაში უპირატესობა ვერ გამოიყენეს და იქით გასატანი ლელო კონტრშეტევაზე აქეთ მიიღეს.
სიტუაცია ისე აირია, რომ ბურთი ორივე გუნდმა რამდენჯერმე დაკარგა, მერე მცველებმა ის ფეხით 40-მეტრა ნიშნულთან მოიგერიეს, “ჯიქებმა” ხელდახელ სცადა შეტევა, მაგრამ გიორგი აფციაურმა იდეალური გადაცემა მიიღო, 60 მეტრი ირბინა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ტაიმის ბოლომდე ბაბუნაშვილი კიდევ ერთხელ შეცდა და “ჯიქებმა” მეტოქის 22-ში დერეფნის მოწყობის უფლება მიიღეს. სტუმრები ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ და მერაბ მატკავა სინბინით დაისაჯა. “აიას” კაცნაკლული შერკინება კიდევ უფრო დაიჩაგრა და გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 10:15 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისი ქუთაისელების იყო და ჯინჭველაშვილმა ინდივიდუალური ოსტატობით ლელო გაიტანა. მან კარის წინ მიიღო ბურთი, ფაქტობრივად მოწინააღმდეგის მთელი დაცვა ისე გაიარა, რომ ხელი ვერავინ წაატანა და ძელებსშუა შეხტა. მანვე გარდასახვით გუნდს 2 ქულა შესძინა და მოგვიანებით მონაგარს ჯარიმა შემატა. ამ ეპიზოდში სტუმრებმა კარგი დაცვა ითამაშეს, მეტოქეს დაახლოებით 15 მეტრით უკან დაახევინეს, მერე დაჯარიმება აიძულეს და რეზიც 40 მეტრიდან არ შეცდა, თუმცა, მომდევნო ჯერზე მიზანმა უმტყუნა.
ტაიმის შუაში ინიციატივა კვლავ მასპინძლების მხარეს გადავიდა, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ მატჩის გადარჩენის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. 56-ე წუთზე ხარაზიშვილმა კარის წინ 30 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, მერე რამდენჯერმე ბურთი უაზროდ დაიკარგა, თუმცა, შეცდომები “აიასაც” მოსდიოდა და 72-ე წუთზე მათი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში პრაქტიკულად არაფრის გამო შერკინება რომ დაინიშნა, “ჯიქებმა” ისევ იმძლავრა და მეორე საჯარიმო ლელოც მიითვალა. მამუკა ნინიძემ გარდასახვა სწრაფად შეასრულა და გუნდს 8-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად 8 წუთი რჩებოდა, მაგრამ ეს დღე მათი არ იყო ანგარიშიც აღარ შეცვლილა.
დაძაბული ჯახი გაიმართა რუსთავში, სადაც “ხარები” თბილისის “ლოკომოტივს” მასპინძლობდა. თამაშში მხოლოდ ორი შედეგიანი შეტევა დაფიქსირდა - მასპინძლებმა არეკნი, ხოლო სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ 3:3 დაფიქსირდა. დღის კიდევ ერთ მატჩში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა” დებიუტანტ “თიბიეს-უნივერსიტეტს” შანსი არ დაუტოვა, 9 ლელო გაუტანა, 59:10 იმარჯვა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ლიდერ “ყოჩებთან”(რომელიც მე-10 ტურის თამაშს ხვალ გამართავს) ჩამორჩენა ამ ეტაპისთვის 7 ქულამდე დაიყვანა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
X ტური
29 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 300 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 3:3
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 10:59
თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 17:25 (10:15)
ჯიქები: 15. დ. კიკნაძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. რ. ხუციშვილი, 12. რ. ჯინჯიხაძე, 11. რ. ხარაზიშვილი, 10. მ. ნინიძე, 9. გ. ჯინჭარაული (ლ. ნადირაძე); 1. ო. ქარჩავა (ი. კაკიკაციშვილი), 2. ბ. მამრიკიშვილი (გ. ოქრომელიძე), 3. დ. ოქრიაშვილი, 4. ვ. გოგოლიძე (ა. მიქაძე), 5. გ. ქოჩიაშვილი (ა. ტრაპაიძე), 6. ლ. საჯაია (გ. შენგელია), 7. ვ. ტუჩაშვილი, 8. დ. პაპავაძე.
2 ლელო: საჯარიმო (2)
2 გარდასახვა: ხარაზიშვილი, ნინიძე
1 ჯარიმა: ხარაზიშვილი
აია: 15. გ. ბაბუნაშვილი (გ. ლოსაბერიძე), 14. ი. კიკვაძე, 13. გ. ფრუიძე, 12. გ. სინაურიძე, 11. გ. აფციაური (გ. აბრამიძე), 10. რ. ჯინჭველაშვილი, 9. თ. თუთბერიძე; 1. მ. ხატიაშვილი (თ. მატარაძე), 2. მ. მატკავა (გ. ტორაძე), 3. გ. ტორაძე (შ. ლომსიანიძე), 4. გ. ჩიტეიშვილი, 5. ბ. კუხიანიძე, 6. გ. შალამბერიძე, 7. დ. ლოსაბერიძე, 8. ბ. ყურაშვილი.
3 ლელო: კიკვაძე, აფციაური, ჯინჭველაშვილი
2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი, ჯინჭველაშვილი
2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი
1 სინბინი: მატკავა
1. | ყოჩები | 9 | 8 | 1 | 0 | 217:116 | 36 |
|
2. | ლელო სარ. | 10 | 6 | 2 | 2 | 209:148 | 29 |
|
3. | ხარები | 10 | 5 | 2 | 3 | 171:141 | 26 |
|
4. | აია | 10 | 5 | 0 | 5 | 164:160 | 23 |
|
5. | ბათუმი | 9 | 4 | 1 | 4 | 179:168 | 21 |
|
6. | ჯიქები | 9 | 4 | 1 | 4 | 135:135 | 20 |
|
7. | არმია | 9 | 4 | 0 | 5 | 129:161 | 19 |
|
8. | ლოკომოტივი | 9 | 3 | 1 | 5 | 120:134 | 18 |
|
9. | არმაზი | 7 | 3 | 0 | 4 | 120:126 | 14 |
|
10. | თიბიეს უნივ. | 10 | 0 | 0 | 10 | 135:290 | 3 |
30 ნოემბერი
ბათუმი. ანგისა. 14:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია