ამბები

15:18 | 27.11.2014 | ნანახია 2513 - ჯერ

ლევან მაისაშვილი ინგლისელ სტუმარზე და პირველ წრეზე

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის”ლელო-სარასენსს” ინგლისიდან წონადი სტუმარი ეწვია - “სარასენსის” აკადემიის მენეჯერი დონალდ ბარელი, რომელიც დედაქალაქში კვირის ბოლომდე დარჩება და დამეგობრებული კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

“მსოფლიო სპორტი” “ლელო-სარასენსს” ხუთშაბათს, დილის ვარჯიშზე ეწვია და მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს ბარელის სტუმრობასთან ერთად პირველი წრის შედეგებზეც გაესაუბრა.

ლევან მაისაშვილი: “სარასენსის” აკადემიის მენეჯერი დონალდ ბარელი ორშაბათს გვეწვია და ჩვენთან შაბათამდე დარჩება. მისი სტუმრობა იმ შეთანხმების შედეგია, რომელიც ჩვენსა და ინგლისურ კლუბს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ბარელი დააკვირდება ჩვენი გუნდის 23-წლამდე მორაგბეებს და შეაფასებს კლუბის მდგომარეობას, რის შემდეგაც გარკვეულ რჩევებს მოგვცემს. ორშაბათიდან ის გუნდის ყველა ვარჯიშს დაესწრო და რამდენიმე ვარჯიში პირადად ჩაატარა. მასთან დიდ დროს ვატარებ და ვეცნობი ინგლისური კლუბის აკადემიის სისტემას, პრინციპებს, სტრუქტურას, გავდივართ არა მხოლოდ ვარჯიშებთან დაკავშირებულ, არამედ მენეჯერულ საკითხებსაც. ვცდილობთ, რომ მისგან მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ. დონალდი კომუნიკაბელური ადამიანია და მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

-ამ სტუმრობის შედეგად რა სიახლეებს უნდა ველოდოთ “ლელო-სარასენსში”?

-ერთი-ერთში ჩვენ მათგან ვერაფერს დავაკოპირებთ, რადგან “სარასენსი” ჩვენთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების და ფინანსების მქონე კლუბია. მეც არ მიყვარს რაიმეს პირდაპირ გადაღება. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესოს დაჭერა შეიძლება დაგეგმარების, საქმისადმი მიდგომის კუთხით. ბევრ კლუბში ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი მიდგომა არსად მინახავს. აბსოლუტურად ყველაფერი მოთამაშეზეა მორგებული, რათა ვარჯიშის პროცესი მათთვის რაც შეიძლება კომფორტული და სასიამოვნო გახადონ. ამ კუთხით ბევრი რამის დანერგვა შეგვიძლია.

-ბარელი უკვე მეოთხე დღეა თქვენთან იმყოფება. რა მოეწონა და რისი გამოსწორება გირჩიათ?

-ყველაზე მეტად გარემოთი, გუნდში არსებული მეგობრული სიტუაციით მოიხიბლა და ეს ცალსახად აღნიშნა. მოეწონა ჩვენი ახალი ბაზა, როგორც უშუალოდ კლუბის, ასევე ნაკრების ბაზა და ინფრასტრუქტურა. ვერ ვიტყვი ისეთი რეაქცია ჰქონდა - დედა ეს რა ვნახეო, მაგრამ კმაყოფილი დარჩა ახალგაზრდა მორაგბეების ფიზიკური კონდინციებით.

-საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. 2 დღეში მეორე წრე იწყება. “ლელო-სარასენსი” 24 ქულით მესამე ადგილზეა. როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?

-ძალიან რთული პირველი წრე გვქონდა, რადგან მრავლად იყო ხელისშემშლელი ფაქტორები. ჩვენი წამყვანი მოთამაშეები გამუდმებით დაკავებულები არიან ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ამაზე უფრო მეტად ჩვენზე “კავკასიელების” მზადებამ იმოქმედა. “კავკასიელებში” ყველაზე მეტი მოთამაშე სწორედ “ლელო-სარასენსიდან” იყო და ერთ ნაწილს მათთან უწევდა ვარჯიში, ხოლო მეორე ნაწილი ცალკე ემზადებოდა. ამ თამაშებში რამდენიმე მოთამაშემ ტრავმები მიიღო და გარკვეული პერიოდით გამოგვაკლდნენ. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ მოსამზადებელი და სათამაში პერიოდი, ანუ თითქმის მთელი თვე, ერთად ვარჯიში ვერ მოვახერხეთ. ამის შედეგად ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ - ზოგი ფრედ დავასრულეთ და ზოგშიც დავმარცხდით. იმედია, შესვენებისას შევიკვრებით, ვიპოვით ჩვენს თამაშს და მეორე წრე გაცილებით საინტერესო იქნება. დღევანდელი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სიტუაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის მესამე ადგილზე ყოფნა მაინც დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია.

-ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები მეორე წრეშიც დაგაკლდებიან და კვლავ მსგავსი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით...

-ამას შეგუებული ვართ. მთავარია, მოთამაშეებს ჯანმრთელობის მხრივ არ შეექმნათ პრობლემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაკრებზე მეტად “კავკასიელების” მომენტმა დაგვაზარალა. იქ ჩვენს კლუბს რომ ეთამაშა, სხვაგვარად იქნებოდა საქმე, ასე კი, გუნდი ორად გაიხლიჩა. შეიძლება ითქვას, რომ ზურგი იღბალმაც გვაქცია. ვერ ვიტყვი რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, ასეთი ტრავმები 5 წელია არ გვქონია, ახლა კი ფაქტია, უამრავი ტრავმირებული გვყავს. წამყვან მოთამაშეებს ოპერაცია გავუკეთეთ და იმედია, იანვრის ბოლოდან საუკეთესო ფორმაში ვიქნებით.

-მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნებაა და ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?

-წელს რთული ჩემპიონატია. აბსოლუტურად ყველა გუნდი იბრძვის პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად, თუმცა, არის გამოკვეთილი ფავორიტიც. დღევანდელი გადასახედიდან რაიმეს თქმა ნაადრევია, რადგან ვინ რომელ ადგილზე დარჩება, ძნელი განსასაზღვრია. ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი რესურსი მაინც “ყოჩებს” და “ლოკომოტივს” აქვს. არ უნდა დავივიწყოთ “აია”, რომელიც ახალგაზრდული გუნდია და თუ მოთამაშეთა შეჯერება მოახერხა, რთულად დასამარცხებელი იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.202689