საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს “მიხეილ მესხზე” იაპონიას მასპინძლობს და გამარჯვებისათვის შესაძლებელზე მეტს გაიღებს. “ბორჯღალოსნებს” თავი არასდროს დაუზოგავთ, მაგრამ ღირშესანიშნავ დღეებში მათი ძალები თითქოს ორმაგდება, ასე იყო შარშან, ზუსტად 23 ნოემბერს, როდესაც წმინდა გიორგის ძალით სამოას ნაკრების დამარცხება მოხერხდა და ღვთის დახმარება ჩვენს ბიჭებს ახლაც აუცილებლად დაჭირდებათ.
იაპონიის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე მზარდი გუნდია და ამაზე შედეგებიც მეტყველებს. მათ შიდა ჩემპიონატში დიდი ფული ტრიალებს და იაპონურ კლუბებში ზელანდიელი თუ ავსტრალიელი ვარსკვლავებიც არ თაკილობენ თამაშს, რაც ამ ქვეყანაში რაგბის პოპულარობას უწყობს ხელს. აზიელებმა უკვე მიიღეს 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება და ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ნელ-ნელა ბობოლებში დაიმკვიდრონ ადგილი და ამ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან კიდეც.
ორი წლის წინ იაპონელებმა თბილისში ბოლო წუთზე გატანილი არეკნით დაგვამარცხეს, ახლა კი, კიდევ უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. არც “ბორჯღალოსნები” არიან ჯაბანნი, მით უმეტეს, რომ მათ ნოემბრის ტესტებზე უკვე ორი თამაში წააგეს და ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ისინი მოედანზე დაჭრილი ვეფხვებივით გავლენ, ასეთ დროს კი, მათი შეჩერება იოლი საქმე არ იქნება.
თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” კაპიტნის ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კი, ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.
მილტონ ჰეიგი: “ნოემბრის ტესტ-სერიისას რამდენიმე მორაგბე დაგვაკლდა, ზოგი თამაშებისას დაშავდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს შანსია დანარჩენებისთვის. მათ თავი უნდა გამოიჩინონ და დაამტკიცონ, რომ მსოფლიო თასზე წასვლის ღირსნი არიან. იაპონიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში, თუმცა, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარ მოედანზე კარგი, მაღალი დონის თამაში ვაჩვენოთ და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ერთი კვირის წინ ირლანდიასთან გამართული მატჩის პირველ ტაიმში ძალიან კარგი დაცვა ვაჩვენეთ, მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომები დავუშვით და ბევრჯერ დავჯარიმდით. რაც უნდა იყოს, 14 კაცის ამარა თითქმის ნახევარი საათი ვითამაშეთ და შეუძლებელი იყო ეს შედეგზე არ ასახულიყო. ჯამში, ასეთი დონის გუნდთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, რბილად რომ ვთქვათ, მას ბევრი რამ გამორჩა და გაშვებული ლელოების სიმრავლე ამითაც იყო განპირობებული.
ხვალინდელი თამაშის მოსაგებად რამდენიმე რამ უნდა დავიცვათ - დისციპლინა, სწორი ტაქტიკა, სისწრაფე. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. რაც შეეხება ფიზმომზადებას და გამძლეობას, ტონგასთანაც და ირლანდიასთანაც ბურთი უმეტესად მეტოქეს ჰქონდა, ჩვენ დაცვაში გვიწევდა თამაში და ეს შეტევაზე ბევრად უფრო მომქანცველია. მსგავს შემთხვევაში დაღლილობა ნებისმიერ გუნდზე და მორაგბეზე აისახება. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ ბევრ მოთამაშეს ფიზიკური კონდინციები აქვს ასამაღლებელი.
წინა თამაშთან შედარებით შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებებია. განვლილ ორ შეხვედრაში 9 ნომერზე კარგად ითამაშა ბეგაძემ, მაგრამ ახლა ხუციშვილს უნდა მივცეთ შანსი. სწორედ იაპონიასთან უნდა გვანახოს მან თუ რისი გაკეთება შეუძლია. ვაჟას ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია რაქიდან ბურთის გატანა და იაპონიასთან მატჩში ეს მნიშვნელოვანი იქნება. 8 ნომერზე თამაშს ლაშა ლომიძე იწყებს, რომელიც დიდი ხანია ნაკრების კარზე აკაკუნებს და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაც დაიმსახურა. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, რომ მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის მოხვედრის ღირსია. ჩვენ სწორედ მსოფლიო თასისკენ ვიხედებით და მიხარია ერთ პოზიციაზე ასეთი დიდი არჩევანი რომ გვაქვს.
იაპონიის დამარცხება ძნელი იქნება. გუნდი ორი წლის წინანდელისგან ბევრად არ განსხვავდება, უბრალოდ, ახლა მათ უფრო გააუმჯობესეს ის თამაში, რასაც შარშანწინ აჩვენებდნენ. ისინი კარგები არიან სისწრაფეში, მოლებში, რაქებში, მოკლედ, პრაქტიკულად ყველა კომპონენტში. გუნდს ენდი ჯოუნზის ხელი აშკარად ეტყობა.
ტესტ-მატჩებზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და ფეხით ამის გამო ვთამაშობდით ხშირად. სამწუხაროდ, მეტოქეები მათსავე ნახევარზე წნეხის ქვეშ ვერ მოვაქციეთ და შეცდომები დავუშვით. ხვალინდელ თამაშში დომინანტ მდგომარეობაში ყოფნა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება. მსოფლიოს თასამდე ფეხით თამაში გასაუმჯობესებელია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ, წლის ბოლო შეხვედრის მოგება კი, უმნიშვნელოვანესია და მაქსიმუმს გავიღებთ”.
23 ნოემბერი. კვირა
თბილისის. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი
საქართველო - იაპონია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“მონლიუსონი”, საფრანგეთი, 79 თამაში 563 ქულა), 14. სანდრო თოდუა (“ლელო-სარასენსი”, თბილისი, 44, 15), 13. დავით კაჭარავა (კაპ.) (“ენისეი”, რუსეთი, 75 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ორიაკი”, საფრანგეთი, 27, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“აჟენი”, საფრანგეთი, 20, 20), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო-სარასენსი”, თბილისი, 33, 15), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 13, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 20, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“სეილ შარქსი”, ინგლისი, 26, 10), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 37, 10), 4. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 43, 40), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 63, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”, ბათუმი, 15, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 30, 15), 8. ლაშა ლომიძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 5, 0).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 27, 0), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 12, 10), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, 17, 15), 19. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 25, 5), 20. გიორგი ჩხაიძე (“ლილი”, საფრანგეთი, 77 50), 21. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი, 27, 0), 22. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 16, 63), 23. გიორგი აფციაური (“აია”, ქუთაისი, 0, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. კოტარო მაცუშიმა, 13. მალე საჰუ, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ქარნ ჰესქეთი, 10. იუ ტამურა, 9. აცუში ჰივასა; 1. მასატაკა მიკამი, 2. ტაკეში კიზუ, 3. კენსუკე ჰატაკეიამა (კაპ.), 4. ლუქ ტომპსონი, 5. შოძი იტო, 6. ჰანდრიუ ტუი, 7. ჰეიდენ ჰოპგუდი, 8. ამანაკი ლელეი-მაფი.
სათადარიგოები: 16. კეიტა ინაგაკი, 17. ჰიროკი იუჰარა, 18. შინოსუკე კაკინაგა, 19. ჰიტოში ონო, 20. შინია მაკაბე, 21. იუკი იატომი, 22. კოსეი ონო, 23. ტოშიაკი ჰიროსე.
მთავარი მწვრთნელი: ედი ჯოუნზი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია